სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო 22 დეკემბერს მოსკოვში „სამუშაო ვიზიტით“ ჩავიდა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდა. ფიცოს თქმით, ეს იყო რეაქცია რუსული გაზის ტრანზიტზე უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებასთან დაკავშირებით. სლოვაკეთის ოპოზიციამ ვიზიტს „სირცხვილი“ უწოდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 Meta ფაქტების გადამოწმების პროგრამას წყვეტს
- 2 ვინ არის ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილი
- 3 ბაკურციხე-თბილისის გზაზე ავტოავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
- 4 მოსკოვი მზადაა, რუსეთ-საქართველოს „ურთიერთობების ნორმალიზაცია“ გააგრძელოს
- 5 „შერატონის“ მენეჯერის თქმით, ქორიძესა და გახარიაზე თავდასხმის ჩანაწერები შსს-ს ჯერ არ ამოუღია
- 6 „ბო*იშვილი ვიყო, სისხლით დავიჭერ“ - ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე მზია ამაღლობელზე
„ჩემი ვიზიტის და მისი მიზნის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლები უკვე პარასკევს იყვნენ ინფორმირებული. დღევანდელი [22 დეკემბრის] შეხვედრა იყო რექცია უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკზე, რომელმაც ხუთშაბათს უპასუხა ჩემს პირად შეკითხვას, რომ უკრაინის გავლით ჩვენს ტერიტორიაზე გაზის ნებისმიერი ტრანზიტის წინააღმდეგია“, - დაწერა ფიცომ Facebook-ზე.
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, უკრაინის პრეზიდენტი ასევე მხარს უჭერს რუსეთის ბირთვული პროგრამის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას: „ასეთი ქმედებებით ის ფინანსურ ზიანს აყენებს სლოვაკეთს და საფრთხეს უქმნის ელექტროენერგიის წარმოებას სლოვაკეთის ატომურ ელექტროსადგურებში, რაც მიუღებელია“.
„ვლადიმერ პუტინმა დაადასტურა რუსეთის მზადყოფნა გააგრძელოს გაზის მიწოდება დასავლეთსა და სლოვაკეთში, რაც 2025 წლის 1 იანვრის შემდეგ პრაქტიკულად შეუძლებელია უკრაინის პრეზიდენტის პოზიციის გათვალისწინებით“, - დასძინა ფიცომ.
გარდა ამისა, რობერტო ფიცოს ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინთან „ხანგრძლივი საუბრის დროს“ გაცვალეს მოსაზრებები „უკრაინაში არსებულ სამხედრო ვითარებაზე, ომის ადრეული მშვიდობიანი დასრულების შესაძლებლობაზე“, სლოვაკეთისა და რუსეთის ურთიერთობის შესახებ, რომლის „სტანდარტიზაციასაც“ აპირებს.
სლოვაკეთი რუსულ გაზს უკრაინის გავლით იღებს. „გაზპრომის“ სატრანზიტო კონტრაქტი „უკრაინის ნაფტოგაზთან“ წელს იწურება და როგორც უკრაინაის ხელისუფლებამ განაცხადა, მის განახლებას არ აპირებს. 20 დეკემბერს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ თუ უკრაინა არ დაუშვებს თავისი ტერიტორიით რუსული გაზის ტრანზიტს, ორ ქვეყანას შორის შესაძლოა კონფლიქტური სიტუაცია შეიქმნას.
სლოვაკეთის ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის, „პროგრესული სლოვაკეთის“ შეფასებით, რობერტ ფიცოს შეხვედრა ვლადიმირ პუტინთან „სლოვაკეთის სირცხვილი და ეროვნული ინტერესების ღალატია“. პარტიის განცხადებით, თუ პრემიერს ნამდვილად აინტერესებს გაზის ტრანზიტის საკითხი, უკრაინულ მხარეს უნდა ელაპარაკებოდეს.
რობერტ ფიცო ხელისუფლებაში 2023 წელს მოვიდა, რასაც სლოვაკეთის საგარეო პოლიტიკის შეცვლა მოჰყვა. მან უკრაინას მაშინვე შეუწყვიტა სამხედრო დახმარება, კიევს იარაღის დაყრისა და მოსკოვთან მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოუწოდა. რობერტ ფიცო მოსკოვის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციების დაწესებას ეწინააღმდეგება და მიიჩნევს, რომ დასავლეთის დახმარება ომს მხოლოდ ახანგრძლივებს.
ფიცო მესამე ევროპელი ლიდერია, რომელიც მოსკოვში პუტინს შეხვდა მას შემდეგ, რაც 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. მიმდინარე წლის ივლისში მოსკოვში უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი იმყოფებოდა, ხოლო ავსტრიის კანცლერმა, კარლ ნეჰამერმა პუტინთან შეხვედრა ომის დაწყებიდან რამდენიმე კვირაში გამართა.