ოკუპირებულ აფხაზეთში, სოხუმის ბაბუშარის აეროპორტის ტერიტორიაზე, რუსულმა კომპანიამ ამორტიზებული შენობების დემონტაჟი დაიწყო. ე.წ. ენერგეტიკისა და ტრანსპორტის მინისტრის, ჯანსუღ ნანბას განცხადებით, უახლოეს პერიოდში ადგილზე სამშენებლო ტექნიკას და მუშებს შეიყვანენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 4 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 5 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 6 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
დე ფაქტო პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული საკითხი 19 თებერვალს, სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს. ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ჯანსუღ ნანბას სამშენებლო სამუშაოების გეგმა-გრაფიკის წარდგენა დაავალა.
2023 წლის შემოდგომაზე ცნობილი გახდა, რომ სოხუმის აეროპორტს - საჰაერო მიმოსვლის აღდგენის მიზნით - რუსეთის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის და ამჟამად უშიშროების საბჭოს მდივნის პირველი მოადგილის, რაშიდ ნურგალიევის შვილის, რაშიდ ნურგალიევის (უმცროსის) კომპანია, შპს „ინფრასტრუქტურული განვითარება“ აღადგენს.
დე ფაქტო აფხაზეთისა მთავრობამ და კომპანიამ სახელმწიფო-კერძო პარტნიორობის ხელშეკრულებაც გააფორმეს, რომლის მიხედვითაც, ინვესტორი განაახლებს 3100 მეტრი სიგრძისა და 45 მეტრი სიგანის ასაფრენ ბილიკს, რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება „თანამედროვე რუსული და უცხოური წარმოების თვითმფრინავების მიღება“. ასევე , დაგეგმილია ახალი სამგზავრო ტერმინალის აშენება და აეროპორტის ისტორიული შენობის გარემონტება.
„ახალი აეროპორტის კომპლექსის გამტარუნარიანობა საათში 1300 მგზავრი იქნება“, - აცხადებდნენ აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის პრესსამსახურში.
„ვლადისლავ არძინბას სახელობის სოხუმის საერთაშორისო აეროპორტის“ აღდგენის შესახებ ე.წ. შეთანხმება რუსეთისა და დე ფაქტო აფხაზეთის მთავრობებს შორის 2023 წლის ივნისში გაფორმდა. აფხაზურმა მხარემ აიღო ვალდებულება, რომ აეროპორტს რეკონსტრუქციის განმახორციელებელ რუსულ კომპანიას 49 წლის ვადით გადასცემდა.
შპს „ინფრასტრუქტურული განვითარება“ (ООО „Инфраструктурное развитие“) 2023 წლის 10 ივლისს შეიქმნა და ის მოსკოვშია რეგისტრირებული.
ბაბუშარის აეროპორტი 1960-იან წლებში გაიხსნა და 1993 წელს, აფხაზეთში მიმდინარე კონფლიქტის შედეგად დაიხურა. აეროპორტი სოხუმიდან 18 კილომეტრში, სოფელ ბაბუშარაში მდებარეობს. ის საქართველოს საავიაციო ხელისუფლების მიერ არ არის სერტიფიცირებული და არ აქვს მინიჭებული სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი ოთხნიშნა კოდი. შესაბამისად, ბაბუშარაში საერთაშორისო ფრენები ვერ განხორციელდება. ICAO აფხაზეთს საქართველოს შემადგენელ ნაწილად აღიარებს.
