სოხუმის აეროპორტი რუს ინვესტორს 49 წლის ვადით გადაეცემა

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატებმა „აფხაზეთის მთავრობასა და რუსეთის მთავრობას შორის“ სოხუმის აეროპორტთან დაკავშირებით გაფორმებული ე.წ. შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. შეთანხმება გულისხმობს რუსული იურიდიული პირის მიერ არძინბას სახელობის სოხუმის საერთაშორისო აეროპორტის საქმიანობის განახლებისა და შემდგომი ექსპლუატაციის მიზნით საინვესტიციო პროექტის განხორციელებას.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

საკითხს მხარი ე.წ. პარლამენტის 30 წევრმა დაუჭირა, 2 კი წინააღმდეგი იყო. როგორც დეპუტატმა ალხას ბარციცმა განაცხადა, უკვე არსებობს 2 ინვესტორი, რომლებიც მზად არიან პროექტს ხელი მოჰკიდონ. მისივე თქმით, საბოლოო გადაწყვეტილებას, თუ ვისთან გაფორმდება კონტრაქტი, სპეციალური კომისია მიიღებს.

აეროპორტის იჯარის ვადა 49 წელია. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 25 წლის განმავლობაში „სპეციალური საგადასახადო რეჟიმი“ იმოქმედებს, შეღავათების ნაწილი ძალაში მთელი იჯარის პერიოდის განმავლობაში დარჩება.

ალხას ბარციცმა განმარტა, რომ ინვესტორი ამხელა ვადით გადასახადების უმეტესი ნაწილისგან თავისუფლდება იმის გამო, რომ აეროდრომის ნაწილი აფხაზური მხარის პასუხისმგებლობის ზონაშია, რომელსაც არ აქვს საკმარისი სახსრები მისი რეკონსტრუქციისთვის, ინვესტორი კი ყველა ხარჯს თავის თავზე იღებს. გარდა ამისა, ე.წ. დეპუტატის თქმით, აფხაზურ მხარე ვალდებული იქნება ენერგომომარაგების სპეციალური რეჟიმი უზრუნველყოს - 2023 წელს 11,5 მეგავატი და კიდევ 4 მეგავატი 2024 წელს. ამისთვის აგუძერასა და დრანდაში ორ ქვესადგურს რეკონსტრუქცია ჩაუტარდება.

პირველ ეტაპზე, რუსული კომპანია 6-10 მილიარდი რუბლის ინვესტიციას ჩადებს. ე.წ. ეკონომიკის მინისტრის, ქრისტინა ოზგანის განცხადებით, ინვესტორი საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას, ტექნოლოგიური ობიექტების მიერთებას, ობიექტების მოვლა-პატრონობას და პასუხისმგებელია ობიექტებზე გამოვლენილ ხარვეზებზე. პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ინვესტორს შეღავათების ანაზღაურება მოუწევს.

„სოხუმის საერთაშორისო აეროპორტის“ აღდგენის შესახებ ე.წ. შეთანხმება 2023 წლის ივნისში, სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაფორმდა. მას ხელი ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ეკონომიკის მინისტრმა, ქრისტინა ოზგანმა და რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრმა, მაქსიმ რეშეტნიკოვმა მოაწერეს. პირველ ეტაპზე დაგეგმილია 3.6-კილომეტრიანი ასაფრენი ბილიკიდან 2.4 კილომეტრის რეკონსტრუქცია. პროექტის ვადებში განხორციელების შემთხვევაში, აეროპორტის გახსნა 2024 წლის მეოთხე კვარტალში იგეგმება. რუსული მხარე მოელის, რომ მგზავრთა ნაკადი წელიწადში დაახლოებით 1.2 მილიონი ადამიანი იქნება. როგორც ქრისტინა ოზგანმა განაცხადა, აეროპორტი ორმაგი დანიშნულების სტატუსს შეინარჩუნებს.

სოხუმის აეროპორტი 1960-იან წლებში გაიხსნა და სოხუმიდან 18 კილომეტრში, სოფელ ბაბუშარაში მდებარეობს. ის 1993 წელს, აფხაზეთში მიმდინარე კონფლიქტის შედეგად დაიხურა. აეროპორტი საქართველოს საავიაციო ხელისუფლების მიერ არ არის სერტიფიცირებული და არ აქვს მინიჭებული სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი ოთხ ნიშნა კოდი. შესაბამისად, იქ საერთაშორისო ფრენები ვერ განხორციელდება. ICAO აფხაზეთს საქართველოს შემადგენელ ნაწილად აღიარებს, კოდის მინიჭება კი მხოლოდ უფლებამოსილი საავიაციო ხელისუფლების შუამდგომლობის საფუძველზე ხდება.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.