სოხუმის აეროპორტი ორმაგი დანიშნულების სტატუსს შეინარჩუნებს - ე.წ. მინისტრი

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრმა, ქრისტინა ოზგანმა „სოხუმის საერთაშორისო აეროპორტის“ აღდგენაზე რუსეთთან შეთანხმების გაფორმების შემდეგ განაცხადა, რომ აეროპორტი ორმაგი დანიშნულების სტატუსს შეინარჩუნებს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„აფხაზეთში მხოლოდ ერთი აეროპორტია, ამიტომ საინვესტიციო პროექტის განხორციელების ფარგლებში შენარჩუნებულია ყველაფერი, რაც თავდაცვის საკითხებს ეხება. ამ მიმართულებით აეროპორტში ტერიტორიის ნაწილი გამოიყოფა. დისლოკაცია არ იცვლება, ყველაფერი რჩება იმავე პირობებში“, - განაცხადა ე.წ. მინისტრმა.

მისივე თქმით, აეროდრომი და აეროპორტის ინფრასტრუქტურა ინვესტორს იჯარით გადაეცემა და „სახელმწიფო საკუთრებაში დარჩება“.

„ინვესტორს საკუთრებაში ექნება აეროპორტის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ობიექტები - ტერმინალები, საწვავის შემავსებელი კომპლექსები და ა.შ. საუბარია ახალი ობიექტების მშენებლობაზე და ჩადებული ინვესტიციების საკუთრების გარანტიებზე“, - აღნიშნა ოზგანმა.

რუსეთსა და აფხაზეთს შორის საჰაერო მიმოსვლის დაწყება 2025 წლისთვის იგეგმება. ე.წ. მინისტრის შეფასებით, ეს არა მხოლოდ მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ისტორიული, არამედ ეკონომიკური მოვლენა იქნება: „ობიექტის გახსნა გააფართოებს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის შესაძლებლობებს, ტურისტებისთვის სატრანსპორტო ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს, შეამცირებს დატვირთვას „ფსოუს“ სასაზღვრო გადასასვლელზე, ხელს შეუწყობს ტურისტული და სატრანსპორტო კომპლექსის განვითარებას და ასევე გაზრდის სამუშაო ადგილების რაოდენობას“.

როგორც ქრისტინა ოზგანმა განაცხადა, უახლოეს თვენახევარში ინვესტორთან სახელმწიფო-კერძო პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულება მომზადდება.

რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, აეროპორტის აღდგენითი სამუშაოები ორ ეტაპად, კერძო ინვესტორის ინვესტიციით და ფედერალური ბიუჯეტიდან თანხების გამოყოფის გარეშე განხორციელდება. პირველ ეტაპზე დაგეგმილია 3.6-კილომეტრიანი ასაფრენი ბილიკიდან 2.4 კილომეტრის რეკონსტრუქცია, რაც, როგორც რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე დმიტრი ვოლვაჩი ამბობს, აეროპორტს საშუალებას მისცემს, გარკვეული ტიპის სამგზავრო (SSJ-100, МС-21) და სატვირთო (IL-76) თვითმფრინავები მიიღოს. წინასწარი შეფასებით, რეკონსტრუქციის პირველი ეტაპის ღირებულება 6.5 მილიარდი რუბლი იქნება.

სოხუმის აეროპორტი 1960-იან წლებში გაიხსნა და სოხუმიდან 18 კილომეტრში, სოფელ ბაბუშარაში მდებარეობს. ის 1993 წელს, აფხაზეთში მიმდინარე კონფლიქტის შედეგად დაიხურა. აეროპორტი საქართველოს საავიაციო ხელისუფლების მიერ არ არის სერტიფიცირებული და არ აქვს მინიჭებული სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი ოთხნიშნა კოდი. შესაბამისად, იქ საერთაშორისო ფრენები ვერ განხორციელდება. ICAO აფხაზეთს საქართველოს შემადგენელ ნაწილად აღიარებს, კოდის მინიჭება კი მხოლოდ უფლებამოსილი საავიაციო ხელისუფლების შუამდგომლობის საფუძველზე ხდება.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.