სტრასბურგის სასამართლომ კეზერაშვილის საქმეზე დარღვევა დაადგინა

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „კეზერაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოიტანა. სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ყოფილი თავდაცვის მინისტრის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება დაუსაბუთებელი არ იყო, თუმცა, კეზერაშვილის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მუხლი.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

დავით კეზერაშვილმა სტრასბურგის სასამართლოს 2022 წლის 17 თებერვალს მიმართა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც 2021 წლის 7 სექტემბერს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გააუქმა სააპელაციო სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი და ე.წ. წვრთნების საქმეზე მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სტრასბურგის სასამართლოში კონვენციის მე-6 მუხლითან (სამართლიანი სასამართლოს უფლება) დაკავშირებით, კეზერაშვილი დავობდა, რომ უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატა, რომელიც მის საქმეს განიხილავდა, არ იყო დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი. ის განსაკუთრებით ეჭვქვეშ აყენებდა მოსამართლე შალვა თადუმაძის მიუკერძოებლობას, რადგან 2018-2019 წლებში თადუმაძეს საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობა ეკავა.

კეზერაშვილი ასევე ამტკიცებდა, რომ მის მიმართ გამოტანილი საბოლოო განაჩენი არ იყო სამართლიანი, რადგან უზენაესმა სასამართლომ გააუქმა ქვედა ინსტანციის გამამართლებელი განაჩენი ზეპირი მოსმენის და სათანადო დასაბუთების გარეშე. კეზერაშვილის მტკიცებით, მისი დევნისა და გასამართლების უკან არსებობდა ფარული მიზანი, კერძოდ მისი, როგორც პოლიტიკური ოპონენტის გაჩუმება, რაც მე-18 მუხლის (უფლებათა შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები) დარღვევაა.

სტრასბურგის სასამართლოს პალატის, რომლის შემადგენლობაში ქართველი მოსამართლე ლადო ჭანტურიაც არის, გადაწყვეტილება დღეს, 5 დეკემბერს გამოქვეყნდა.

მე-6 მუხლთან მიმართებაში, სასამართლომ მიიჩნია, სამართალწარმოებაში მოსამართლე შალვა თადუმაძის პირად მიკერძოებაზე არაფერი მიუთითებდა. თუმცა, რაც შეეხება ობიექტურ მიუკერძოებლობას, სასამართლომ მხედველობაში მიიღო საქართველოს გენერალური პროკურატურის იერარქიული სტრუქტურა, გენერალური პროკურორის მნიშვნელოვანი როლი და ფართო უფლებამოსილებები, ასევე, გახმაურებულ სასამართლო პროცესში, პოლიტიკურად მგრძნობიარე კონტექსტის მნიშვნელობა.

„არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე შალვა თადუმაძის დანიშვნის შემდეგ იგი პასუხისმგებელი იყო პროკურატურის საქმიანობაზე, მათ შორის განმცხადებლის გახმაურებულ საქმესთან დაკავშირებით. მისი ჩართვა მოსამართლეთა შემადგენლობაში, რომელმაც მოგვიანებით განიხილა განმცხადებლის საქმე, საკმარისი იყო, ასეთ პირობებში, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების ობიექტურ მიუკერძოებლობაში ეჭვის შეტანისთვის. ამიტომ ადგილი ჰქონდა მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის დარღვევას ობიექტური მიუკერძოებლობის არარსებობის გამო“, - განაცხადა სასამართლომ.

რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს მიერ გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას წერილობითი წარმოების გზით, სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოქმედების სფერო შემოიფარგლებოდა კონკრეტული სამართლებრივი საკითხებით და ის არ ახორციელებდა საქმის სრულ განხილვას.

გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ კეზერაშვილმა არჩია პირადად არ მიეღო მონაწილეობა ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ გამართულ არცერთ ზეპირ მოსმენაში. შედეგად, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ზეპირი მოსმენის არ ჩატარების თაობაზე არ არღვევდა მის დასწრების უფლებას, როგორც ამას თავად ამტკიცებდა.

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთებულობასთან დაკავშირებით, სასამართლომ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ დავით კეზერაშვილის მიერ უზენაესი სასამართლოს წინაშე წამოყენებული მთავარი არგუმენტი განხილული იყო, თუნდაც ირიბად.

„კერძოდ, მთელი პროცესის განმავლობაში განმცხადებელი ამტკიცებდა, რომ არ შეიძლებოდა პასუხისგებაში მიცემულიყო მითვისებისთვის, რადგან ფაქტობრივად გარკვეული წვრთნა ჩატარდა, რაც მოწმეების ჩვენებებით დასტურდებოდა. უზენაესმა სასამართლომ განიხილა ეს, მაგრამ მიიჩნია, რომ მოწმის ჩვენებები არარელევანტური იყო იმის დასადგენად, შესრულდა თუ არა ხელშეკრულება. ამასთან დაკავშირებით სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ შესაბამისი დოკუმენტების - საბოლოო კვარტალური ანგარიშისა და მიღება-ჩაბარების აქტების არარსებობა, რაც თავდაცვის სამინისტროსთან წვრთნის პროგრამის დასრულების შემდეგ უნდა გაფორმებულიყო და რაც განმცხადებლის მიერ არ ყოფილა სადავო მის წინააღმდეგ წარმოების არც ერთ ეტაპზე, უზენაესმა სასამართლომ გადამწყვეტ ელემენტად მიიჩნია“, - ნათქვამია გადაწყვეტილებაში.

სტრასბურგის სასამართლომ არ მიიჩნია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს დასკვნები იყო თვითნებური ან აშკარად დაუსაბუთებელი იმ დონემდე, რომ შელახულიყო სამართალწარმოების სამართლიანობა ან გამოეწვია „მართლმსაჯულების უარყოფა“. შესაბამისად, სტრასბურგის სასამართლო დაასკვნა, რომ ადგილი არ ჰქონია კონვენციის მე-6 მუხლის 1 და მე-3 პუნქტების დარღვევას იმის გამო, რომ უზენაესმა სასამართლომ გააუქმა გამამართლებელი განაჩენი წერილობითი წარმოების გზით.

რაც შეეხება ყოფილი თავდაცვის მინისტრის მტკიცებას, რომ მის წინააღმდეგ ბრალდებებს პოლიტიკური საფუძველი ჰქონდა, სტრასბურგის სასამართლო აღნიშნავს, რომ მხოლოდ ფართო პოლიტიკური კონტექსტი საკმარისი მტკიცებულება არ იყო.

„ბატონი კეზერაშვილის მიერ წამოჭრილი სხვა პუნქტები, განსაკუთრებით ბრალდებები შალვა თადუმაძის მმართველ პარტიასთან კავშირების შესახებ და პრემიერ-მინისტრის მიერ პარლამენტში გამოსვლის შემდეგ კითხვაზე ექსპრომტად გაცემული პასუხი არასაკმარისი მტკიცებულება იყო იმისა, რომ მისი დევნისა და ნასამართლობის უკან დგას ფარული მიზანი“, - სტრასბურგის სასამართლომ მე-18 მუხლთან მიმართებაში დავით კეზერაშვილის საჩივარი, როგორც აშკარად უსაფუძვლო, უარყო.

დავით კეზერაშვილი 15 000 ევროს ითხოვდა არამატერიალური ზიანის ანაზღაურების სახით, თუმცა სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში დარღვევის დადგენა თავისთავად არის განმცხადებლის მიერ განცდილი ნებისმიერი არამატერიალური ზიანის საკმარისად სამართლიანი დაკმაყოფილება.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.