საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის ბრძანებით, სსიპ „საქართველოს მწერალთა სახლის“ დირექტორად „ქართული ოცნებიდან“ პარლამენტის წევრი, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ქეთევან დუმბაძე დაინიშნა. დუმბაძე მარტში პირველი მოსმენით მიღებულ „აგენტების შესახებ“ რუსულ კანონს უჭერდა მხარს. მას პარლამენტის წევრის უფლებამოსილება საშემოდგომო სესიაზე შეუწყდება და „მწერალთა სახლს“ 4 სექტემბრიდან უხელმძღვანელებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
2019 წლის ნოემბრიდან „მწერალთა სახლის“ დირექტორი ნატა ლომოური იყო. 3 აგვისტოს მან სოციალურ ქსელში საჯაროდ დაწერა, რომ კულტურის სამინისტროდან დაურეკეს და უთხრეს, 5 დღეში თანამდებობაზე ყოფნის ვადა ეწურებოდა.
„მაქვს შეგრძნება, რომ მიწევს დავტოვო მშობლიური სახლი, სადაც ჩემს გუნდთან ერთად 12 წლის განმავლობაში ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გავაკეთე დიდი სიყვარულით და ერთგულებით. ეს ყველაფერი კეთდებოდა მუდმივი დაძაბულობის ფონზე - არ მახსენდება პერიოდი, როდესაც წყნარად, შევიწროებისა და ფინანსური პრობლემების გარეშე გვეკეთებინა ჩვენი საქმე. უკვე მივმართე კულტურის მინისტრს წერილით, სადაც ვაცნობე, რომ დაინტერესებული ვარ ვადის გაგრძელებით“, - აცხადებდა ლომოური, რომელსაც უფლებამოსილების ვადა მიმდინარე წლის ნოემბერში ეწურებოდა.
ქეთევან დუმბაძე მწერალ ნოდარ დუმბაძის შვილია. პარლამენტის წევრი 2020 წლის არჩევნების შედეგად, „ქართული ოცნების“ პარტიული სიით გახდა. 2013-2017 წლებში ის კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მრჩეველი, 2018 წელს კი - განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ექსპერტი, ასევე, ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტის „ცოცხალი წიგნების“ ხელმძღვანელი იყო.
კულტურის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 1978-1983 წლებში ქეთევან დუმბაძე სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, ლიტერატურული ურთიერთობებისა და მხატვრული თარგმანის განხრით. მას პროფესიული საქმიანობის მრავალმხრივი გამოცდილება აქვს. 1977-1993 წლებში იგი მუშაობდა მწერალთა კავშირთან არსებულ მხატვრული თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობების მთავარ სარედაქციო კოლეგიაში. 1990-იანი წლებიდან 2013 წლამდე, აქტიურად საქმიანობდა სატელევიზიო სფეროში. არის არაერთი ტელევიზიის საინფორმაციო, შემეცნებითი, საავტორო გადაცემებისა და პროექტების ავტორი და პროდიუსერი. ასევე, გამოქვეყნებული აქვს არაერთი სტატია ადგილობრივ და უცხოურ პრესასა და პერიოდიკაში, კლასიკური და თანამედროვე ავტორების თარგმანები.