კურორტ შოვში მომხდარი სტიქიური უბედურებიდან, 3 აგვისტოდან დღემდე, ტეტანუსის საწინააღმდეგოდ სტიქიის ზონაში მყოფი მხოლოდ 28 ადამიანი აიცრა, არადა, ბოლო ერთ კვირაში, სამაშველო-საძიებო ოპერაციაში 800-მდე მაშველი, ასობით სამხედრო მოსამსახურე, 200-ზე მეტი ადგილობრივი მცხოვრები და ამდენივე მოხალისეა ჩართული. ტეტანუსი სიცოცხლისთვის საშიში ინფექციაა. ბაქტერია, რომელიც ამ დაავადებას იწვევს ტალახში, დაბინძურებულ წყალში თითქმის ყველგან გვხვდება. ნაჩხვლეტი ჭრილობით ან ნაკაწრით ის კანში აღწევს, რის შემდეგაც მრავლდება და შხამს გამოყოფს. ტოქსინი ნერვულ სისტემას აზიანებს. მკურნალობის გარეშე სასუნთქი კუნთების დამბლა ვითარდება. პროგნოზი სერიოზულია, ლეტალობა 40-50%-ია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
დაავადება ძირითადად სწრაფად იწყება - ავადმყოფს უჭირს პირის გაღება და ღეჭვა, უნაოჭდება შუბლი, უვიწროვდება თვალის ნაპრალი, რაც დამცინავი ღიმილის შთაბეჭდილებას ტოვებს. თანდათანობით გამოვლინდება მთელი სხეულის კუნთოვანი აპარატის დაძაბვა და კრუნჩხვები.
საყურადღებოა, რომ სტიქიიდან სულ მცირე პირველი 4 დღის განმავლობაში, შოვის მისადგომებთან მყოფი ადამიანები, სადამდეც მათ პოლიცია უშვებდა - დაკარგულების ახლობლები, ჟურნალისტები, მაშველები, სხვა პირები, სტიქიის ზონაში, შემაღლებულ ადგილას მდებარე წყაროს წყალს სვამდნენ. ისინი არავის გაუფრთხილებია, რომ სასმელი წყალი შემოწმებული არ იყო და მისი მიღება, შესაძლოა, სარისკო ყოფილიყო.
„საშიშროებაა სასმელი წყლიდან და ამას შესაბამისი სამსახურები ხედავენ, იმ საკვები პროდუქტებიდანაც, რასაც მაშველებს აწვდიან. საფრთხე არის, რა თქმა უნდა, მიწასთან [ტალახთან], გვამთან შეხება“, - ამბობს ონის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორი ნონა ბაკურაძე.
„ტეტანუსის საწინააღმდეგოდ აცრა აუცილებელია. ამისათვის შოვში ყოველდღე მუშაობს ჩვენი მობილური ბრიგადა, მაგრამ მაშველები ნაკლებად მოდიან. გვეუბნებიან, რომ დაამთავრებენ მუშაობას და მერე აიცრებიან, თუმცა სასურველია, სწრაფად აიცრან. აცრის შემდეგ რამდენიმე საათის განმავლობაში დიდი ფიზიკური დატვირთვა არ არის რეკომენდებული. საღამოს რომ აიცრან, მეორე დღეს ჩვეულებრივ შეუძლიათ მუშაობა. აცრაც უსაფრთხოა. ადგილზე 16 ადამიანი აიცრა, საავადმყოფოში 12.
ტეტანუსის გამომწვევები ნიადაგში გვხვდებიან. პირველი საფრთხე ემუქრება იმ ადამიანს, ვინც სტიქიის ზონაში იყო. შესაძლოა, არ დაზიანდა, მაგრამ მიწასთან, გვამთან შეხება ჰქონდა. ასეთმა ადამიანებმა აუცილებლად უნდა მოგვმართონ. იმ ზონაში მყოფი ყველა უნდა აიცრას.
ტეტანუსი მძიმე ინფექციაა, რომელიც იწვევს გაშეშებას და არასწორი მკურნალობის შედეგად, დიდი რისკია, ლეტალურად დასრულდეს“, - აღნიშნავს ეპიდემიოლოგი.
ნონა ბაკურაძის თქმით, ვაქცინაცია დაგვიანებული არ არის იმ ადამიანებისთვის, ვისაც სტიქიის ზონასთან, უბედურების პირველივე დღეებში ჰქონდათ შეხება, მაგრამ მნიშვნელოვანია, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრებს მალე მიმართონ.
მაღალი ტემპერატურა კიდევ უფრო ზრდის სტიქიის ზონაში ეპიდემიის გავრცელების რისკებს, მითუფრო მაშინ, როცა ამ დრომდე ეძებენ 3 აგვისტოს შემდეგ დაკარგულ 12 ადამიანს. სტიქიური უბედურების ზონაში დახოცილია მსხვილფეხა საქონელიც, რომელიც ღვარცოფმა მოიყოლა.
ამინდის მოსალოდნელი პროგნოზის თანახმად, ამ კვირაში აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურა 41◦C-ს მიაღწევს. „ქვეყნის მთიან რაიონებში დღის მაქსიმალური ტემპერატურა +33, +38◦C, მაღალ მთაში +28, +33◦C მდე მოიმატებს“, - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
რაჭაში, კურორტ შოვის ტერიტორიაზე 3 აგვისტოს მოვარდნილმა გლაციალურმა ღვარცოფმა კურორტი თითქმის მთლიანად გაანადგურა, ამ დროისთვის ნაპოვნია 21 ცხედარი, საიდანაც 19 ამოცნობილია. ოფიციალური ინფორმაციით, დაკარგულად მიიჩნევა 12, მათ შორის არიან ბავშვები. სტიქიის ადგილას სამაშველო ოპერაცია ღვარცოფის მოვარდნიდან მხოლოდ სამი საათის შემდეგ დაიწყო, ტალახში მოყოლილი ადამიანები გადაუდებელ დახმარებას ითხოვდნენ.