თბილისის საქალაქო და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოებმა ორი მოქალაქე დააჯარიმეს Tik-Tok-სა და Facebook-ში პოლიციელების ლანძღვის გამო. ერთს 2000 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა დაეკისრა, მეორე კი 2500 ლარით დაჯარიმდა. სასამართლოებმა ორივე დადგენილება მიმდინარე წლის მარტში მიიღეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
ირაკლი მილაძე კურიერად მუშაობს და ქალაქში მოპედით გადაადგილება. მან 2022 წლის 10 დეკემბერს, სოციალურ ქსელ Tik-Tok-ში გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართ მწვავე პროტესტს გამოხატავდა და თბილისის მერის, კახა კალაძის მისამართით იგინებოდა. იგი აკრიტიკებდა იმ ადამიანებს, რომლებიც მოძრაობენ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილ ზოლში (ე.წ. ბასლაინი), სადაც ნებისმიერი პირისთვის, მისი თანამდებობის მიუხედავად, გადაადგილება აკრძალულია. ის ლანძღავდა იმ პოლიციელებსაც, რომლებიც შერჩევითად აჯარიმებენ მოქალაქეებს, ხოლო სახელმწიფო უწყებების თანამშრომლებსა და მათთან დაახლოებულ პირებს დარღვევებზე პასუხს არ სთხოვენ.
სასამართლომ Tik-Tok ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით განსაზღვრულ საზოგადოებრივ სივრცედ და ადგილად მიიჩნია. მოსამართლის განმარტებით, სოციალური ქსელი საზოგადოების დიდი ნაწილისთვის არის ხელმისაწვდომი, განეკუთვნება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილს და ნებისმიერ პირი ამ პლატფორმაზე ინფორმაციის განთავსებისას ვალდებულია, დაიცვას საზოგადოდ მიღებული ეთიკისა და ზნეობის ნორმები, გამოქვეყნებული ვიდეოს შინაარსი კი სცილდებოდა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს.
სასამართლომ მოქალაქე ირაკლი მილაძე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო 173-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენაში, რაც გულისხმობს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფას ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას.
„ეს ვიდეო სოციალურ ქსელში ნახა კონკრეტულმა პოლიციელმა და აღიქვა შეურაცხყოფად, რასაც მოჰყვა შესაბამისი შედეგი - სამართალდამრღვევი პირის მიმართ სამართალდარღვევის ოქმის შედგენა“, - განმარტა სასამართლომ.
რაც შეეხება მეორე დადგენილებას, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 23 მარტს ძალაში დატოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მოქალაქე Facebook-ის პირად გვერდზე გამოქვეყნებული პოსტის გამო სამართალდამრღვევად იყო ცნობილი იგივე მუხლით და 2500 ლარის ოდენობით ჯარიმა ჰქონდა დაკისრებული.
საქმის მასალების მიხედვით, პირმა Facebook-ის პირად გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი და პოლიციის თანამშრომლებს დამამცირებელი, პატივისა და ღირსების შემლახავი უცენზურო სიტყვებით მიაყენა შეურაცხყოფა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ „სოციალური ქსელი, მათ შორის Facebook, წარმოადგენს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილს და ნებისმიერ პირს აქვს ვალდებულება, დაიცვას საზოგადოდ მიღებული ეთიკისა და ზნეობის ნორმები. რაც შეეხება საზოგადოებრივ წესრიგს, სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ეს არის საზოგადოების წევრთა ურთიერთობათა ერთობლიობა, რომელიც უზრუნველყოფს ამ საზოგადოების სიმშვიდეს და გამოხატულებას ჰპოვებს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას მოქალაქეების ღირსეულ ქცევაში“.
სასამართლოს შეფასებით, „საზოგადოებრივი კომუნიკაციის და თავშეყრის ერთ-ერთი (თუ ერთადერთი არა) და ყველაზე კომფორტული ადგილი ხდება სწორედ სოციალური ქსელი და იმისათვის, რომ საზოგადოება წვრილმანი ხულიგნობის ფაქტის თვითმხილველი გახდეს, საერთოდ არ არის აუცილებელი, ფიზიკურად შეესწრნენ ამ ფაქტს, მაშინ, როდესაც კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ყველა ნიშანი გამოიხატება პირის მიერ სოციალურ ქსელში განხორციელებულ ქმედებაში“.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლი სიტყვა-სიტყვით შეიცავს ასეთ ჩანაწერს, რომ სამართალდარღვევა იმ დროს უნდა იყოს ჩადენილი, როცა სამართალდამცავი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებს. ამ საკითხზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ასეთი პრაქტიკა დაადგინა: „სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დრო არ შემოიფარგლება მხოლოდ იმ პერიოდით, როდესაც ის გამოავლენს სამართალდარღვევის, დანაშაულის ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ხასიათის ფაქტს და ადგილზე განახორციელებს საქმის წარმოების სხვადასხვა საპროცესო მოქმედებას, არამედ ამ დროში იგულისხმება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ან/და სისხლის სამართლის საქმის წარმოების შემდგომი პროცედურების განხორციელების დროც და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის ნებისმიერი მოქმედება, სამსახურებრივი მდგომარეობა, რაც უკავშირდება კონკრეტული საქმის წარმოებას. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში იგულისხმება ნებისმიერი საქმიანობის ფორმა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხზე. შესაბამისად, ნორმა პოლიციის თანამშრომლის შეურაცხყოფის სახით არ გულისხმობს მხოლოდ იმ მართლსაწინააღმდეგო ქცევას, რომელიც ხდება უშუალოდ სამართალდარღვევის ჩადენის/გამოვლენის ან რომელიმე საპროცესო მოქმედების განხორციელების ადგილას“. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში ქმედების კვალიფიკაციისთვის არ აქვს მნიშვნელობა პოლიციელისთვის შეურაცხყოფის მიყენების დროსა და ვითარებას“.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სახიფათო პრეცედენტია, რომელიც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების არსებულ სტანდარტებს ეწინააღმდეგება.