რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებსა და მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევას ევროკავშირში გამოეხმაურნენ. საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მშვიდობიანი შეკრების უფლება დაიცვას.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
„კატეგორიულად ვგმობ ძალადობას საქართველოში მომიტინგეების მიმართ, რომლებიც მშვიდობიან დემონსტრაციას მართავდნენ უცხოური გავლენის კანონის წინააღმდეგ. საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა, მოვუწოდებ მის ხელისუფლებას, უზრუნველყოს მშვიდობიანი შეკრების უფლება. მის დასათრგუნად ძალის გამოყენება მიუღებელია“, - აცხადებს ჯოზეფ ბორელი.
„ჩვენთვის შოკისმომგვრელია იმის დანახვა, როგორ ართმევენ ქართველებს თავისუფლებას ისინი, ვისაც თავად ყველაზე მეტად ეშინიათ თავისუფლების, მაგრამ ვიცით, რომ ქართველები, ისევე როგორც ლიეტუველები, მარადიულად თავისუფლები არიან და თავისუფლება მუდამ აყვავდება. ჩვენ მხარს ვუჭერდით საქართველოს ხალხს ჭეშმარიტი დამოუკიდებლობის პირველი ყვავილების აღმოცენების დღიდან. ლიეტუველები გულშემატკივრობდნენ თქვენს გამარჯვებებს, თქვენს მხარდამხარ ვიდექით, როცა რუსეთი თავს დაგესხათ, ვტიროდით თქვენი სიცოცხლისა და მიწის დაკარგვის გამო“, - ამბობს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი და „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის ანტიდასავლურ გზავნილებსაც ეხმაურება:
„გულდასაწყვეტია ივანიშვილის ხედვა საქართველოს მომავლის შესახებ. განადგურებული ვარ უახლოეს მოკავშრეებთან, მათ შორის ლიეტუვასთან საქართველოს ურთიერთობების მოულოდნელი ცვლილებით. ისეთი შეგრძნებაა, თითქოს მეგობარს ვკარგავთ“.
აქციის დარბევას ევროპარლამენტარებიც გამოეხმაურნენ. ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფის წევრი, ლიეტუვას ყოფილი პრემიერ-მინისტრი ანდრიუს კუბილიუსი პარალელებს რუსეთისა და ბელარუსის რეჟიმებთან ავლებს. „პუტინი, ლუკაშენკო და ივანიშვილი ერთსა და იმავე გზას მიჰყვებიან: ჯერ სასტიკი ძალა მშვიდობიანი დემონსტრაციების წინააღმდეგ, შემდეგ დიქტატურის დამყარება ქვეყნის დემოკრატიული მომავლის წინააღმდეგ. დიქტატურის მომავალი ყოველთვის ერთი და იმავეა: სანქციები, კოლაფსი და ტრიბუნალი“, - აღნიშნავს კუბილიუსი.
კიდევ ერთი ლიეტუველი ევროპარლამენტარი, ყოფილი თავდაცვის მინისტრი რასა იუკნევიჩიანე აქციის მონაწილეების წყლის ჭავლით დარბევის ვიდეოს აქვეყნებს და წერს:
„ნიღბები ჩამოხსნილია - ივანიშვილმა გამოავლინა წინააღმდეგობა საქართველოს ევროპულ კურსთან, რითაც თავის ნამდვილ სახეს აჩვენებს. ის არასოდეს ყოფილა მომხრე [ევროპული კურსის]. საქართველოს მომავლისთვის ახლა გადამწყვეტი მომენტი დგას. მე მჯერა ქართველი ხალხის. ისინი დაიცავენ ევროპულ გზას“.
ვიოლა ფონ კრამონი აცხადებს, რომ საჭიროა „კონკრეტული შედეგები“. გერმანელი ევროპარლამენტარი ასეთად მოაზრებს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის გაუქმებას, საქართველოსთვის პროექტების დაფინანსების შეწყვეტას, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებასა და რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატებისთვისთვის ევროკავშირში მოგზაურობის აკრძალვას.
„ქართული ოცნება“ აგრძელებს ხელახლა ინიცირებული რუსული კანონის განხილვას, რის წინააღმდეგაც ხალხმრავალი აქციები 15 აპრილიდან, თბილისში ყოველდღე იმართება. გუშინ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მშვიდობიანი მომიტინგეები დაარბია იმის გამო, რომ რუსული კანონის მხარდამჭერ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს პარლამენტი მშვიდად დაეტოვებინათ.
მოქალაქეების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი, წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს, რისი საფუძველიც, სახალხო დამცველის შეფასებით, შსს-ს არ ჰქონდა. გარდა ამისა, სპეცრაზმელებმა მოქალაქეებზე იძალადეს, სასტიკად სცემეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, დეპუტატ ლევან ხაბეიშვილს. აქციაზე დაშავდნენ ჟურნალისტებიც.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 63 პირი ადმინისტრაციული წესით, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის საბაბით დააკავა.