თორნიკე რიჟვაძის საქმეზე დაკავებული ალექსი ახვლედიანი გირაოთი გაათავისუფლეს

სასამართლომ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორს, ალექსი ახვლედიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. მოსამართლე ეკა ბარბაქაძის გადაწყვეტილებით, ის სხდომის დარბაზიდანვე გათავისუფლდა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

პროკურატურა 30 000-ლარიანი საპატიმრო გირაოს შეფარდებას ითხოვდა, ხოლო დაცვის მხარე არასაპატიმრო გირაოს იმავე ოდენობით. სხდომაზე ასევე წარადგინეს თორნიკე რიჟვაძის მშობლების წერილობითი განცხადება, რომლითაც ისინი ახვლედიანის დარბაზიდან გათავისუფლებას მოითხოვდნენ.

„ჩემთვის აქ, სასამართლოში გახდა ცნობილი, რომ ბატონი თორნიკეს მშობლებმა მიმართეს მთავარ პროკურატურას, რომ არ გააჩნიათ არანაირი პრეტენზია, ბატონი ალექსი არის მათი უახლოესი მეგობარი და ითხოვდნენ მის გათავისუფლებას სხდომის დარბაზიდან“, - განაცხადა ადვოკატმა ლალი აფციაურმა ჟურნალისტებთან.

მისივე თქმით, საპატიმო გირაოს გამოყენების შემთხვევაში, ალექსი ახვლედიანის ძმა, აკაკი, რომელიც „აგროჰაბის“ დამფუძნებელია, მზად იყო 30 000 ლარი ერთი საათის განმავლობაში გადაეხადა.

ალექსი ახვლედიანს ბრალი წარდგენილო აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვას, რითაც შექმნილი იყო პირობა მისი სხვა პირის მიერ გამოყენებისათვის, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი. დანაშაული ისჯება 3 წლამდე პატიმრობით. ალტერნატიული სასჯელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა, ან გამასწორებელი სამუშაო ერთ წლამდე ან შინაპატიმრობა ექვსი თვიდან ორ წლამდე.

პროკურორ ნუგზარ ჭიტაძის თქმით, ახვლედიანი გამოძიებასთან თანამშრომლობდა და „მან აღიარა წარდგენილი ბრალდება, ვინაიდან დაეთანხმა მოთხოვნილი აღკვეთის ღონისძიების შინაარსს“. კითხვაზე, რატომ არ იყო მოთხოვნილი ბრალდებულის თანამდებობიდან გადაყენება, პროკურორმა განაცხადა, რომ „განხორციელებული დანაშაული არ უკავშირდება მის თანამდებობას“ და ამ შუამდგომლობის დაყენება  მიზანშეწონილად არ მიიჩნია.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 27 აგვისტოსთვის ჩაინიშნა.

7 ივლისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე საგარეჯოში, კლინიკა „ჯეოჰოსპიტალში“ გულმკერდის არეში მიყენებული ცეცხლნასროლი ჭრილობით შეიყვანეს. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე – თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

პროკურატურის ვერსიით, 6 ივლისს თორნიკე რიჟვაძე საგარეჯოში ესტუმრა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსს, ალექსი ახვლედიანს, შუაღამის დადგომის შემდეგ, 01:00 საათიდან 01:30 საათამდე კი მასპინძლისგან მალულად აიღო ბრალდებულის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღი.

საქმის მასალების მიხედვით, ახვლედიანს იარაღი დაუდევრად ჰქონდა დატოვებული თავისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ არსებულ შემინულ ფანჩატურში.

„რიჟვაძემ იარაღი მალულად გადაიტანა სტუმრისთვის განკუთვნილ საძინებელ ოთახში და მარტო დარჩენილმა, თვითმკვლელობის მიზნით, ისროლა გულმკერდის არეში“, - აცხადებს პროკურატურა.

სამთავრობო პროპაგანდისტულმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს წერილი, რომელიც თითქოს, თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობის მცდელობამდე დაწერა და რომელშიც რიჟვაძე ბიძინა ივანიშვილს და კობახიძეს ოჯახის დაცვა სთხოვა.

პროკურორმა ნუგზარ ჭიტაძემ წერილის არსებობა დაადასტურა. მისი თქმით, ის, თორნიკე რიჟვაძის ტანსაცმელთან ერთად, საგარეჯოს საავადმყოფოში გამომძიებელმა მედპერსონალისგან ამოიღო. პროკურორის განცხადებით, მისთვის უცნობია, ვინ გადასცა წერილის ფოტო მედიას.

„პირველად მესმის, რომ მედიაში გავრცელებულია წერილი. ნამდვილად არ ვიცოდი, რომ გასაჯაროვდა წერილი, რომელიც ამოღებული იქნა მედპერსონალის მიერ“, - უთხრა მან ჟურნალისტებს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.