საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დე ფაქტო ლიდერები რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს სრულ მხარდაჭერას უცხადებენ. ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა, ალან გაგლოევმა „ვაგნერის“ შემადგენლობაში მყოფ „თანამემამულეებს“ მოუწოდა, ხელმძღვანელობის უკანონო ქმედებებს მხარი არ დაუჭირონ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
„უკრაინაში, სპეციალური სამხედრო ზონაში და მის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო ვუცხადებ ჩემს სრულ მხარდაჭერას რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალის, ვლადიმერ ვლადიმერის ძე პუტინის ქმედებებს კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ხელმძღვანელის ევგენი პრიგოჟინის მხრიდან შეიარაღებული აჯანყების ჩახშობასთან დაკავშირებით. რუსეთისა და მისი მოკავშირეებისთვის ამ რთულ დროს, ყველა უნდა დარჩეს ერთიანი და იმოქმედოს საერთო მომავლის სასიკეთოდ. მოვუწოდებ ყველა ჩემს თანამემამულეს, რომლებიც „ვაგნერის“ შემადგენლობაში არიან, არ აყვნენ პროვოკაციებს და მხარი არ დაუჭირონ თავიანთი ხელმძღვანელობის უკანონო ქმედებებს“, - განაცხადა ალან გაგლოევმა.
დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტი ასლან ბჟანია აღნიშნავს, რომ „აფხაზეთის რესპუბლიკა“ ნებისმიერ გარემოებაში გააგრძელებს რუსეთის წინაშე აღებული მოკავშირული ვალდებულებების შესრულებას.
„მოვუწოდებ აფხაზეთის რესპუბლიკის ყველა მოქალაქეს, მათ შორის მათ, ვინც სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში იმყოფება, არ აყვნენ პროვოკაციას და არ მიიღონ მონაწილეობა უკანონო ქმედებებში“, - თქვა ბჟანიამ და დაამატა: „დარწმუნებული ვარ, რომ ვლადიმერ პუტინის სიმტკიცისა და სიბრძნის წყალობით, ბოლო დღეების მოვლენები წარმატებით გადაწყდება რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციისა და კანონების შესაბამისად“.
23 ივნისს, „ვაგნერის“ დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო „ვაგნერელების“ ბანაკების დაბომბვაში დაადანაშაულა და პირობა დადო, რომ „სამართლიანობის მარშს“ დაიწყებდა. მისი თქმით, 25 ათასი „ვაგნერელი“ მიდის იმის გასარკვევად, თუ „რატომ ხდება ქვეყანაში ეს განუკითხაობა“.
„ბოროტება, რომელიც რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობას მოაქვს, უნდა შეჩერდეს“, - თქვა პრიგოჟინმა. ის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან და გენშტაბის ხელმძღვანელ ვალერი გერასიმოვთან შეხვედრას ითხოვს.
ამ დროისთვის, „ვაგნერი“ უკრაინის საზღვართან მდებარე დონის როსტოვში სამხედრო ობიექტებს აკონტროლებს, მათ შორის აეროდრომსაც. მოსკოვისკენ მიმავალი „ვაგნერელების“ კოლონა ლიპეცკის ოლქში შენიშნეს, რომელიც რუსეთის დედაქალაქიდან დაახლოებით 400 კილომეტრშია. ოლქის გუბერნატორმა მოსახლეობას მოუწოდა, სახლებიდან არ გავიდნენ.
ევგენი პრიგოჟინის ამბოხების შემდეგ, დღეს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოქალაქეებს მიმართა. მან პრიგოჟინის ქმედებები „ზურგში დარტყმად“ შეაფასა და პირობა დადო, რომ ყველა, ვინც „ღალატის გზას დაადგა“, „გარდაუვალი სასჯელით“ დაისჯება.
„ვინც სამხედრო აჯანყება მოაწყო და მოამზადა, ვინც იარაღი აღმართა თავისი თანამებრძოლების წინააღმდეგ, უღალატა რუსეთს და ამისთვის პასუხს აგებს. მოვუწოდებ მათ, ვის ჩათრევასაც ცდილობენ ამ დანაშაულში, არ დაუშვან საბედისწერო და ტრაგიკული შეცდომა, გააკეთონ ერთადერთი სწორი არჩევანი - შეწყვიტონ მონაწილეობა დანაშაულებრივ ქმედებებში“, - განაცხადა პუტინმა.
რუსეთის ხელისუფლებას კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი აქვს გამოცხადებული ქალაქ მოსკოვში, მოსკოვისა და ვორონეჟის ოლქებში. ფედერალურმა უსაფრთხოების სამსახურმა პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე შეიარაღებული გადატრიალების მცდელობის მუხლით აღძრა.