დღეს, 3 ნოემბერს ცხინვალის იზოლატორიდან გაათავისუფლეს სოფელ მეჯვრისხევში მცხოვრები, 17 წლის ბიჭი, რომელიც საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებმა 1-ელ ნოემბერს, მეჯვრისხევის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ორ თანასოფლელთან ერთად დააკავეს. სკოლის მოსწავლე დ.გ. დე ფაქტო ხელისუფლებამ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს ერგნეთის საგუშაგოზე გადასცა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთის 2 361 მოქალაქეს მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა 2024 წელს
- 2 უნდა შევძლოთ გადარჩენა და ევროპული მომავლისთვის მუშაობა - ამაღლობელი ციხიდან
- 3 პრორუსული „ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
- 4 მერაბ ტურავა „ქართული ოცნების“ მთავრობაში იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
- 5 ჭიათურაში დააკავეს აქციის მონაწილე 4 მაღაროელი - მათ 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
- 6 გაჩხრიკეს ნანუკა ჟორჟოლიანის, ალეკო ცქიტიშვილის და კიდევ რამდენიმე აქტივისტის სახლები
რაც შეეხება არასრულწლოვანთან ერთად დაკავებულ ვალერი ჯოხაძესა და აგა ტიელიძეს, ისინი ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩებიან. დე ფაქტო ხელისუფლება მათ ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ედავება.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, უკანონოდ დაკავების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი და ამოქმედდა ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა მექანიზმი.
„ინფორმაცია ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას. ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად განაგრძობს აქტიურ მუშაობას, უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა პირის გასათავისუფლებლად, როგორც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის, ასევე, ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით“, - ნათქვამია სახელმწიფო უსაფთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დღეისთვის, ცხინვალის ციხესა და იზოლატორში უკანონო პატიმრობაში საქართველოს ექვსი მოქალაქე რჩება: ვალერი ჯოხაძე, აგა ტიელიძე, გელა იობაშვილი, კახაბერ ნათაძე, ლაშა ხეთერელი და მამუკა ჩხიკვაძე.
ყოფილი სამხედრო მოსამსახურე მამუკა ჩხიკვაძე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზის მიმდებარედ, 2021 წლის დეკემბერში დააკავეს. ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთასთან ერთად, მას ნარკოტიკული საშუალების კონტრაბანდასაც ედავებიან. 2022 წლის მაისში, დე ფაქტო სასამართლომ ჩხიკვაძეს 5.6 წლით პატიმრობა მიუსაჯა, რაც მისმა ადგილობრივმა ადვოკატმა გაასაჩივრა და უკანონო სასჯელი 3.8 წლამდე შეუმცირდა.
24 წლის ლაშა ხეთერელი ლიახვის ხეობიდან დევნილია და ნათესავები ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჰყავს. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ის მეექვსედ 2021 წლის დეკემბერში დააკავეს. ბოლოს (მეხუთედ) ის 2020 წლის 30 ივნისს იყო დაკავებული და ცხინვალის საპატიმროში ერთწლიანი უკანონო სასჯელი მოიხადა.
1977 წელს დაბადებულ კახაბერ ნათაძესაც სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ედავება. ის ოკუპირებული სოფლის, წინაგარის მიმდებარედ უკანონოდ 2021 წლის 10 დეკემბერს დააკავეს. კახაბერ ნათაძე გორის მკვიდრია.
გელა იობაშვილი საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევის მკვიდრია. საოკუპაციო რეჟიმმა ის 14 სექტემბერს დააკავა. მასაც ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ედავებიან და ორთვიანი წინასწარი პატიმრობა აქვს მისჯილი.
