რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევთან დაკავებული საქართველოს 6 მოქალაქე თავისუფალია. ისინი თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან. უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა როგორც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, ისე სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთის 2 361 მოქალაქეს მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა 2024 წელს
- 2 უნდა შევძლოთ გადარჩენა და ევროპული მომავლისთვის მუშაობა - ამაღლობელი ციხიდან
- 3 მერაბ ტურავა „ქართული ოცნების“ მთავრობაში იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
- 4 პრორუსული „ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
- 5 მზია ამაღლობელმა კობახიძეს, მდინარაძეს და სუბარს ცილისწამებისთვის უჩივლა
- 6 რუსთავში დააკავეს „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობისთვის ბრალდებული უცხოელი
ე.წ. სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის თანახმად, პაატა ბებნაძემ, ბექა ბეგიაშვილმა, მამუკა გელიაშვილმა, ტარიელ ქუჯოშვილმა და გოგა უზნაძემ, რომლებიც გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახრისის მცხოვრებლები არიან, „სახელმწიფო საზღვარი“ ნასვამ მდგომარეობაში, განზრახ გადაკვეთეს.
„სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო ორგანოების თანამშრომლებმა კანონდამრღვევები 6 ივლისს ცხინვალის რაიონის დასახლებულ პუნქტ ღრომის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. ორშაბათს, 10 ივლისს, „სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის კანონის შესაბამისად, ისინი რესპუბლიკიდან იქნენ გაძევებულნი“, - ნათქვამია დე ფაქტო ხელისუფლების განცხადებაში.
საქართველოს მოქალაქეების მორიგი უკანონო დაკავების შესახებ 7 ივლისს გახდა ცნობილი, როდესაც პარლამენტში მყოფმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ, ალექსი ბატიაშვილმა ამის შესახებ განაცხადა.
„მინდა, ერთი სამწუხარო ფაქტი გითხრათ, რომ დღეს დილით მოხდა კიდევ ექვსი ჩვენი თანამოქალაქის უკანონო დაკავება საოკუპაციო ძალების მიერ. გააქტიურებულია ცხელი ხაზი, ჩართული არიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. დადასტურებულია მათი დაკავება და ველოდებით შემდგომ მოვლენების განვითარებას. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ადამიანები რაც შეიძლება მალე დაუბრუნდნენ თავიანთ ოჯახებს“, - უთხრა ბატიაშვილმა დეპუტატებს.
როგორც სუს-ში აცხადებენ, ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად.
დღეისთვის ცხინვალის ციხესა და იზოლატორში საქართველოს 8 მოქალაქე იმყოფება, მათ შორის არის 5 ივლისს ოკუპირებული სოფელ დისევის მიმდებარედ დაკავებული 25 წლის ლაშა ხეთერელიც.
დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის პირველ ექვს თვეში, „სახელმწიფო საზღვრის“ სხვადასხვა მონაკვეთზე 185 სამართალდამრღვევი დააკავეს. მათგან 121 დააჯარიმეს, 3 - ჯარიმის გარეშე „რესპუბლიკიდან“ გააძევეს, 46 - გააფრთხილეს, ხოლო 7-ის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
