რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, დღეს, 7 ივლისს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევთან საქართველოს ექვსი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ, ალექსი ბატიაშვილმა პარლამენტში, სუს-ის 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 აზიის განვითარების ბანკმა არ დააკმაყოფილა საჩივარი ხარაგაულის დამეწყრილი სოფლებიდან
- 2 კადიროვმა თქვა, რა უშლის ხელს ითუმ-კალი – შატილის გზის მშენებლობას
- 3 სასამართლომ „ლუკოილ ჯორჯიას“ მითვისებული საწვავის დაბრუნება დაავალა
- 4 Nestle-მ ჩვილ ბავშვთა საკვების ნაწილი გაყიდვებიდან ამოიღო ტოქსინის გამო
- 5 პაპუაშვილი: ამ ომს ნამდვილად ჰყავს ორი დამარცხებული - უკრაინა და ევროკავშირი
- 6 საქსტატის თანახმად, საქართველოში საშუალო ხელფასი 2271 ლარია
„მინდა, ერთი სამწუხარო ფაქტი გითხრათ, რომ დღეს დილით მოხდა კიდევ ექვსი ჩვენი თანამოქალაქის უკანონო დაკავება საოკუპაციო ძალების მიერ. გააქტიურებულია ცხელი ხაზი, ჩართული არიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. დადასტურებულია მათი დაკავება და ველოდებით შემდგომ მოვლენების განვითარებას. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ადამიანები რაც შეიძლება მალე დაუბრუნდნენ თავიანთ ოჯახებს“, - თქვა ბატიაშვილმა გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე.
დღეისთვის ცხინვალის ციხესა და იზოლატორში საქართველოს 14 მოქალაქე იმყოფება, მათ შორის არის ორი დღის წინ ოკუპირებული სოფელ დისევის მიმდებარედ დაკავებული 25 წლის ლაშა ხეთერელიც.
საოკუპაციო რეჟიმს საქართველოს მოქალაქეების დაკავების შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
გუშინ, 6 ივლისს, ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის სასაზღვრო სამსახურმა განაცხადა, რომ 2023 წლის პირველ ექვს თვეში, „სახელმწიფო საზღვრის“ სხვადასხვა მონაკვეთზე 185 სამართალდამრღვევი დააკავეს. მათგან 121 დააჯარიმეს, 3 - ჯარიმის გარეშე „რესპუბლიკიდან“ გააძევეს, 46 - გააფრთხილეს, ხოლო 7-ის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს, საოკუპაციო ძალებმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით უკანონოდ დააკავეს - 44, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით 13 პირი. უკანონო დაკავებების გარდა, როგორც სუს-ი აღნიშნავს, საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებაზე ზეწოლის მიზნით, რუსეთის ფედერაცია განაგრძობდა უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს და უსაფრთხოების გარემოს დამაზიანებელ სხვა აქტივობებს.
