„ჩვენ გვჭირდება სისტემა, სადაც აძლევ სათანადო ცოდნას და ათვიცნობიერებ ღირებულებებში სტუდენტს, ახალგაზრდას. ეს არის მთავარი ამოცანა. არ ვიცი, მასშტაბი რა იქნება, მაგრამ მსგავსი იქნება აქაც წინააღმდეგობა, რაც ვიხილეთ იგივე გამჭვირვალობასთან დაკავშირებით იმიტომ, რომ ამაზე დგას ის სიმახინჯე, რასაც ჰქვია ფსევდოლიბერალიზმი ჩვენს ქვეყანაში“, - საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განათლების „ფუნდამენტური რეფორმა“ დააანონსა და განსაკუთრებული ყურადღება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტზე გაამახვილა. ირაკლი კობახიძის თქმით, თსუ-ს პროფესორების დიდი ნაწილი მთლიანად პოლიტიკური ნიშნით არის შერჩეული.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში კობახიძემ ხელისუფლებაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფნის პერიოდზე ვრცლად ისაუბრა. მისი თქმით, განათლების სისტემას შეგნებულად, გარედან დავალებით ანგრევდნენ, რაც „ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის ხაზია“.
„სამწუხაროდ, მათი საქმიანობის შედეგები პირდაპირ სტატისტიკაშია ასახული. ცინიზმია, რომ დღეს ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია - IDFI-ი აქვეყნებს განათლების სისტემის შედეგებს, სადაც ასეთი რამ წერია: ჩვენი სკოლის მოსწავლეების, სავარაუდოდ ბოლო კლასზეა საუბარი, 63%-მა საბაზისო უნარების ტესტიც კი ვერ ჩააბარა და, ამავდროულად, ეს არასამთავრობო ორგანიზაცია აცხადებს, რომ ამაყობს იმით, რომ კონკრეტული წარმომადგენლები, მათ შორის, ახალგაზრდები აპროტესტებენ წაუკითხავ კანონს, რაც არის სამწუხარო და ძალიან მძიმე რეალობა. კიდევ ერთი შედეგი არის ის, რომ „პიზის“ ტესტის მიხედვით, 81 ქვეყანაში გავედით 63-ე ადგილზე წაკითხულის გააზრებაში. რა თქმა უნდა, ეს არის 90-იანი წლების შედეგიც, მაშინ პირველად მოიშალა განათლების სისტემა, მაგრამ ამ პრობლემებს დამატებითი პრობლემები მიაყოლეს წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა და სწორედ ეს იყო ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის ხაზი - მთავარი არის ის, რომ სათანადო ცოდნა არ უნდა მისცე... ისტორიას აღარ ასწავლიდნენ ბავშვებს“, - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრმა „აღიარა“, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის 12 წელი განათლების მიმართულებით სათანადოდ „ვერ იქნა გამოყენებული, თუმცა ამას თავისი ობიექტური მიზეზებიც ჰქონდა“.
„საბოლოო ჯამში, მყარი სისტემა ჩამოაყალიბეს, რომლის მარტივად გადალაგება არ იყო შესაძლებელი. კიდევ უფრო მძიმე პრობლემები შექმნეს მათ უმაღლესი განათლების სისტემაში.
მაგალითად, რომ ავიღოთ წამყვანი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სადაც მეც ვასწავლი, როგორც უნივერსიტეტის პროფესორი, საერთო სურათი გვაქვს უმძიმესი. ერთ-ერთი ფაქტორი არის ის, რომ პროფესორების დიდი ნაწილი მთლიანად პოლიტიკური ნიშნით არის შერჩეული. ეს ნიშნავს იმას, რომ მათ აქვთ პოლიტიკური მიკერძოება, გასაგებია ვის მხარეს და არ აქვთ საკმარისი კვალიფიკაცია.
შეიძლება, პოლიტიკური მიკერძოება ნებისმიერ პროფესორს ჰქონდეს, მაგრამ როცა არც კვალიფიკაცია გაქვს, თან პოლიტიკურად მიკერძოებული ხარ, აქ ჩანს, სინამდვილეში როგორ ფორმირდებოდა პროფესურა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ეს ეხება პროფესურის ძალიან დიდ ნაწილს. შესაბამისად, ეს არის ჩაკეტილი წრე, ამის გამო მთლიანად სისტემა არის მოშლილი. ამის გამო, არც სახელმძღვანელოები ვითარდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, არც მეცნიერება და არც არაფერი“, - განაცხადა კობახიძემ.
ერთ-ერთი მთავარი რეფორმა, რაც საარჩევნოდ საზოგადოებისთვის იქნება შეთავაზებული, კობახიძის თქმით, სწორედ განათლების ფუნდამენტური რეფორმა იქნება.
ჟურნალისტის მოსაზრებას, რომ „ის, რაც პოლიტიკური ნიშნით იქნა შერჩეული, შეუძლებელია პოლიტიკური ნიშნითვე არ გადაიაზრო“, პრემიერი დაეთანხმა და განაგრძო:
„ჩვენ, საბოლოო ჯამში, საზოგადოებას შევთავაზებთ რეფორმას, რომლის საფუძველზეც მივიღებთ არა რაღაც განსხვავებულ პოლიტიკურ სურათს, ოთხი წლის თავზე ჩვენ გვექნება თვისებრივად განსხვავებული ინფრასტრუქტურა, სადაც სტუდენტებს ექნებათ საკუთარი ინტერესების რეალიზების ათჯერ უკეთესი შესაძლებლობა. გვექნება თვისებრივად გადალაგებული სისტემა, სადაც ნაცვლად იმისა, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ემსახურებოდეს ვიღაცის პოლიტიკურ ინტერესებს, თავიდან ბოლომდე ორიენტირებული იქნება, ნებისმიერი სახელმწიფო უნივერსიტეტი სწორედ მაღალი ხარისხის განათლების მიწოდებაზე. ამის რესურსი ქვეყანაში არის, მთავარია, სისტემა სწორად ჩამოყალიბდეს“, - თქვა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრის განცხადებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია არ გამოხმაურებია.