„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ „ხალხის ძალის“ კანონპროექტებზე ვენეციის კომისიის დასკვნაში „თეთრზე დაიწერება შავი“, შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთის 2 361 მოქალაქეს მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა 2024 წელს
- 2 უნდა შევძლოთ გადარჩენა და ევროპული მომავლისთვის მუშაობა - ამაღლობელი ციხიდან
- 3 პრორუსული „ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
- 4 მერაბ ტურავა „ქართული ოცნების“ მთავრობაში იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
- 5 რუსთავში დააკავეს „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობისთვის ბრალდებული უცხოელი
- 6 ჭიათურაში დააკავეს აქციის მონაწილე 4 მაღაროელი - მათ 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
„ვენეციის კომისია რაღაცას დაწერს, ხომ? ეს რაღაცა იქნება ან არგუმენტირებული ან ჰაერიდან მოტანილი. თუ თეთრი შავზე დაიწერა და ასეთი საოცრება მოხდა... ხომ მოხდა ეგეთი საოცრებები - თეთრი შავზე დაიწერა ევროპარლამენტის 500 დეპუტატის მონაწილეობით. ასეთი აბსურდული შემთხვევა თუ იქნა, მაშინ კი ბატონო, ეს დათქმა ასე იქნება. ჩემთვის პირადად, მთლად წარმოუდგენელი შეიძლება არ იყოს, მაგრამ არ მაქვს ასეთი მოლოდინი, რომ თეთრი შავზე იურიდიული დასკვნის სახით დაიწეროს. ამას ხომ მთელი მსოფლიო ნახავს.
მაქვს მოლოდინი, რომ დაიწერება არგუმენტები, რომელი არგუმენტებიც შეიძლება რიგ შემთხვევაში გათვალისწინებული იყოს, მაგრამ თუ თეთრზე დაიწერება შავი, ამ შემთხვევაში ჩვენ ამასაც ვიტყვით და შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან.
საპარლამენტო უმრავლესობა „უცხოელი აგენტების“ შესახებ ინიცირებული ორი კანონპროექტიდან ერთ-ერთის დამტკიცებას მიმდინარე წლის ივნისის ბოლომდე გეგმავს.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა სოზარ სუბარმა, მიხეილ ყაველაშვილმა, დიმიტრი ხუნდაძემ, გურამ მაჭარაშვილმა, ვიქტორ ჯაფარიძემ, ირაკლი (დაჩი) ბერაიამ, ეკა სეფაშვილმა, დავით კაჭარავამ და ზაალ მიქელაძემ პარლამენტში ორი კანონპროექტი წარადგინეს. მათი თქმით, პირველი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ - ძირითადად ამერიკის შეერთებულ შტატებში 1938 წელს მიღებული „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ აქტის“ (Foreign Agent Registration Act - FARA) მიხედვით შეიქმნა, თუმცა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ნედ პრაისმა თქვა, რომ იგი ეფუძნება მსგავს რუსულ და უნგრულ კანონმდებლობას და არა რომელიმე ამერიკულ კანონს. ამის შემდეგ, „ხალხის ძალის“ წევრებმა ალტერნატიული - „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონონპროქტის დაინიცირება გადაწყვიტეს, რომელიც მათივე მტკიცებით, FARA-ს პირდაპირი თარგმანია.
საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა კანონპროექტებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ისინი ცალსახად შეესაბამებიან რუსულ კანონს, რომლის მიზანიც სამოქალაქო საზოგადოების გარიყვა და განსხვავებული ხმის ჩახშობაა.
