„საცოდავი კაცია სინამდვილეში ლევან ბერძენიშვილი. ამას აქვს ორი მიზეზი: ერთი ეს არის მისი ფსიქოლოგიური, მენტალური პრობლემები და მეორე - ეს არის ადამიანი, რომელიც მუდმივად ასრულებს გარედან მიღებულ დავალებებს“, - ასეთი სიძულვილის ენის შემცველი და ძალადობის წამახალისებელი კომენტარით უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ლიტერატორ ლევან ბერძენიშვილის სახლთან 15-20 ნიღბიანი ადამიანის მობილიზების შესახებ გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
კობახიძის თქმით, ბერძენიშვილი თემით სპეკულირებს და მის სახლთან 20 ადამიანი მართლაც რომ ყოფილიყო მისული, ამის კადრებიც იარსებებდა.
„მე მგონი, ჯერ არც არავის უჩვენებია ის 20 კაცი. რაღაც აბსტრაქტული ოცი კაცი არსებობს, თან ნიღბიანები იყვნენო და ისე იღიმოდნენო. რაღაც სისულელე თქვა. როგორც ჩანს, თვალებიდან ამოიკითხა მათი ღიმილი. თან, ღიმილი როგორი იყო, ესეც დააკონკრეტა.
მარტივი სპეკულაციაა სინამდვილეში. თავისი პრობლემები აქვს ამ კაცს და მე მგონი, ჯობია, რომ საკუთარ პრობლემებს მიხედოს. სერიოზული პრობლემა აქვს.
მისი პრობლემა მაინც არის არა იმდენად ფსიქოლოგიური, რამდენად ის, რომ ის ყოველთვის დავალებებს ასრულებს, ის იღებს დაკვეთებს, ის არის უცხოელი აგენტი, იღებს დავალებებს და ამ დავალებებით აგინებს, მათ შორის, ჩვენს ცნობილ საზოგადო მოღვაწეებს. ილია ჭავჭავაძეზე რა ილაპარაკა, გახსოვთ. აკაკი წერეთელზე რა ილაპარაკა, ესეც გახსოვთ. ასევე, დავით აღმაშენებელზე, ერეკლე მეორეზე - ეს ყველაფერი გახსოვთ, ხომ? ასევე, თქვენ მოისმინეთ, რა ილაპარაკა მან ბიძინა ივანიშვილზეც, ცილისწამების მთელი კასკადი, სამარცხვინო ცილისწამების კასკადი.
თუმცა, ეს გასაკვირი არ არის. როდესაც წარსულზე ესე ლაპარაკობს და ისტორიისთვის ხაზის გადასმას ცდილობს, იქ აწმყოზე რომ იმავეს აკეთებს, ეს, რა თქმა უნდა, გასაკვირი არ არის... სპეკულაციებს შეეშვას, მიხედოს საკუთარ პრობლემებს“, - განაცხადა სახელისუფლებო პარტიის თავმჯდომარემ.
ლევან ბერძენიშვილის თქმით, 15 მაისს, იმ დროისთვის, როცა ის შინ ბრუნდებოდა, სახლთან 15-20 ნიღბიანი პირი ელოდა. უცნობი ადამიანები ბერძენიშვილის სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან პოლიციელებისა და ჟურნალისტების მისვლის შემდეგ წავიდნენ. ბერძენიშვილი მომხდარს „ქართული ოცნების“ მხრიდან შურისძიების გაგრძელებად მიიჩნევს და მის წინააღმდეგ გასულ კვირას დაწყებულ ახალ კამპანიას უკავშირებს: „თურმე შეურაცხყოფა მიმიყენებია ხევსურებისთვის 2014 წელს. ახლა არის 2023 წელი. 2014 წელს ჩაიწერა ის მასალა, რომელიც დიდი ხანია ძალიან ცნობილია, რომელიც თარგმნილია ინგლისურად და ფრანგულად და ჯერ პრეტენზია არავის ჰქონია. თუკი ვინმე, აი, ამ ხალხიდან წერა-კითხვის მცოდნეა და წაიკითხავს „ალუდა ქეთელაურს“, ყველას პრეტენზია ექნება ვაჟა-ფშაველასთან და არა ჩემთან, რადგან მე არ მინახავს ალუდას სიზმარი, ალუდამ ნახა კანიბალისტური ხასიათის სიზმარი“, - უთხრა ჟურნალისტებს ბერძენიშვილმა. ლიტერატორის თქმით, ეს უკვე მესამე შემთხვევა, როცა მას ორგანიზებული ჯგუფი ხვდება.
2023 წლის იანვარში „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ ინფოს“ წევრებმა, დაახლოებით 20-მა ადამიანმა, ლევან ბერძენიშვილს ყვარელში, ილია ჭავჭავაძის შესახებ საჯარო ლექციის ჩატარების საშუალება არ მისცეს. პრორუსული პარტიის წარმომადგენლები ბერძენიშვილს ქართლ-კახეთის მეფის, ერეკლე მეორის შესახებ გამოთქმული მოსაზრებების გამო დაუპირისპირდნენ და მის ავტომობილს გზა გადაუკეტეს. აქციის მონაწილეები ყვიროდნენ, რომ „ლევან ბერძენიშვილი მოღალატეა და ერეკლე მეფის შეურაცხყოფის გამო, კახეთი არ მიიღებს“. პოლიციელებმა არც გზა გახსნეს და არც ხულიგნობა აღკვეთეს.