რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ, საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგის აღდგენის პერსპექტივაზე მორიგი განცხადება გააკეთა. კრემლის პოლიტიკის მხარდამჭერი ქართველი ჟურნალისტის, ნიკოლოზ მჟავანაძის კითხვის საპასუხოდ, ზახაროვამ აღნიშნა, რომ მოსკოვს „გულწრფელად უხარია“ ხალხებს შორის კონტაქტებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის აღმავალი ტენდენცია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 6 წელზე ძველი მანქანების იმპორტი აღარ აიკრძალება - განბაჟების ტარიფი 6-ჯერ იზრდება
- 2 კობახიძე ეთნიკური ქართველებისთვის მოქალაქეობის მიღების გამარტივებას აანონსებს
- 3 მზია ამაღლობელის მესამე სარჩელი სტრასბურგში პოლიციის მხრიდან სასტიკ მოპყრობას ეხება
- 4 ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილი დადასტურდა
- 5 კობახიძე სტამბოლის კონვენციიდან შესაძლო გასვლაზე - მზად ვართ, ამ საკითხზე ვიმუშაოთ
- 6 მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი ილია II-ის დაკრძალვაზე ჩამოვა
ბრიფინგზე ნიკოლოზ მჟავანაძემ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მადლობა გადაუხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო გამოხატული სამძიმრისთვის. მან ხაზი გაუსვა, რომ დაკრძალვაზე რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, მიხეილ შვიდკოის დასწრება საქართველოში „მნიშვნელოვან მეგობრულ და სიმბოლურ სიგნალად“ აღიქვეს. ჟურნალისტი დაინტერესდა, რა დიპლომატიური იმპულსი შეიძლება მოჰყვეს მსგავს ნაბიჯებს.
„პოლიტიკურ დიალოგთან დაკავშირებით შემიძლია გავიმეორო: თუ და როდესაც თბილისი ამისთვის მზად იქნება, მოსკოვი არ მოერიდება საგნობრივ საუბარს. რუსეთთან დიალოგზე უარის თქმის პოლიტიკა, ისევე როგორც 2008 წლის ტრაგიკული მოვლენები, სააკაშვილის კრიმინალური და უგუნური რეჟიმის მემკვიდრეობის ნაწილია. ალბათ რთულია რაციონალურად გაამართლო ასეთი მიდგომის სარგებელი საქართველოსთვის. ვფიქრობ, თბილისში, მას შემდეგ, რაც დასავლეთის ნამდვილი მიზნები გააცნობიერეს, იწყებენ იმის გააზრებას, რომ ქვეყნის კეთილდღეობის გასაღები არა დაპირისპირებაში, არამედ რუსეთთან თანამშრომლობაშია“, - განაცხადა მარია ზახაროვამ.
რუსეთის საგარეო უწყების პრესსპიკერის მტკიცებით, ქართული მხარე „ასევე დაინტერესებულია რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობებით“. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა კრემლის ნარატივი, რომ რუსეთთან ურთიერთქმედება „საქართველოს ეკონომიკის უპრეცედენტო ზრდის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია“.
რუსეთის საგარეო უწყების სპიკერმა მანიპულაციური სტატისტიკაც მოიშველია და აღნიშნა, რომ საქართველოს ექსპორტის 70% დსთ-ს ქვეყნებზე მოდის, რაც, მისი თქმით, „რამდენჯერმე აღემატება ევროკავშირის წილს“.
რეალურად, დსთ-ს ქვეყნების წილი საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ბოლო წლებში მართლაც გაიზარდა, განსაკუთრებით უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. ეკონომიკური ექსპერტები და ოპოზიციის წარმომადგენლები „ქართულ ოცნებას“ რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების ზრდის გამო აკრიტიკებენ. სპეციალისტები მიუთითებენ რეექსპორტის სქემებზეც: მაგალითად, საქართველოდან რუსეთში ავტომობილები ხშირად სანქციების გვერდის ავლით ხვდება, თუმცა ოფიციალური სტატისტიკა ამ ტვირთებს ცენტრალური აზიის ქვეყნებში (ყირგიზეთი, ყაზახეთი) გაგზავნილად აღრიცხავს. გარდა ამისა, ბოლო თვეებში საქართველომ რუსული ნავთობის შესყიდვაც გაზარდა, რომელიც ყულევის ტერმინალსა და ნავთობგადამამუშავებელ ინფრასტრუქტურას მიეწოდება.
ზახაროვამ დეტალურად ჩამოთვალა ის სფეროები, რომლებშიც, მისი მტკიცებით, მოსკოვსა და თბილისს შორის თანამშრომლობა დინამიკურად ვითარდება:
- რუსეთი რჩება საქართველოსთვის ენერგომატარებლებისა და მარცვლეულის (განსაკუთრებით ფქვილისა და ხორბლის) მთავარ მომწოდებლად.
- პირდაპირი ფრენების აღდგენის შემდეგ, ავიაკომპანიები კვირაში ათეულობით რეისს ასრულებენ. ამჟამად 20-ზე მეტი მარშრუტი საქართველოს 3 და რუსეთის 11 ქალაქს აკავშირებს.
- რუსეთიდან ტურისტული ნაკადები მკვეთრად გაიზარდა. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში შემოსული ყოველი მეოთხე ვიზიტორი სწორედ რუსეთის მოქალაქეა.
- ზახაროვამ ხაზი გაუსვა საქართველოში რუსი მომლოცველების რიცხვის ზრდასაც, რაც კრემლის მიერ „მართლმადიდებლური ერთობის“ ხაზის გაძლიერების მცდელობაა.
აღსანიშნავია, რომ ზახაროვა ამ საკითხს 18 მარტის ბრიფინგზეც გამოეხმაურა. მაშინ მან აღნიშნა, რომ ურთიერთობების აღდგენის პროცესში „ბურთი მოსკოვის მხარეს არ არის“, თუმცა რუსეთი მზადაა „კარგი, საინტერესო, მიმზიდველი და ამავდროულად სპორტული თამაშისთვის“.
