„10, 20, თუნდაც 50 ადამიანს ქუჩის გადაკეტვის ლეგიტიმაცია არ გააჩნია“ - ლევან იოსელიანი

„მნიშვნელოვანია, აქციის მონაწილეებმა გაითვალისწინონ გარემოება, რომ 10, 20, თუნდაც 50 ადამიანს ქუჩის გადაკეტვის ლეგიტიმაცია არ გააჩნია“, - განაცხადა საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა „პალიტრანიუსის“ ეთერში.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

იოსელიანის თქმით, 5 000 ლარი ჯარიმა არის საკმაოდ მაღალი ტვირთი და შეუსაბამო სოციალური გარემოსთვის, სადაც გვიწევს ცხოვრება.

„როდესაც ასეთი მაღალი ჯარიმა წესდება, რა თქმა უნდა, ეს არის დამაბრკოლებელი, მათ შორის, ასეთი აქციების მიმართ, რადგან როდესაც ასეთ ჯარიმებს დაგადებენ, ადამიანებმა შეიძლება თავი შეიკავონ.

ვაკვირდები ახლა მიმდინარე აქციებს, მნიშვნელოვანია, რომ აქციის მონაწილეებმა ნათლად გაითვალისწინონ ის გარემოება, რომ აქცია და ქუჩის გადაკეტვა ლეგიტიმურია მხოლოდ მაშინ, როდესაც სათანადო რაოდენობის ადამიანი იმყოფება აქციაზე. 10-20 და თუნდაც 50 ადამიანს ქუჩის გადაკეტვის ლეგიტიმაცია არ გაჩნია. მათ შეუძლიათ აზრი სადღაც გამოხატონ, მაგრამ ეს არ არის საკმარისი რაოდენობა. იმ შემთხვევაში, როდესაც ხალხის სიმრავლის გამო იქნება გადაკეტილი, მაშინ იმ ჯარიმის არსებობის წინაპირობაც არ იარსებებს“, - თქვა სახალხო დამცველმა.

ხალხმრავალი და უწყვეტი აქციები მოჰყვა „ქართულ ოცნების“ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, 2028 წლამდე დღის წესრიგში აღარ დააყენებდნენ ევროკავშირთან გაწევრებაზე მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.

აქციების დაწყების შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174¹ მუხლში ცვლილებები შეიტანა და გზის გადაკეტვის ჯარიმა 10-ჯერ, 500 ლარიდან 5000 ლარამდე გაზარდა.

მარტში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ განაცხადა, რომ 2024 წლის ნოემბრიდან 2025 წლის 18 მარტის ჩათვლით, დემონსტრანტებისთვის გზის გადაკეტვისთვის გამოწერილი ჯარიმები 2 მილიონ ლარს აღწევდა.

ამ მუხლით საქმის წარმოებისას პოლიცია სახის ამომცნობ კამერებს იყენებს. საიას განცხადებით, ასეთ საქმეებში ერთადერთი მტკიცებულება სახის ამომცნობი კამერებიდან ამოღებული ფოტოებია, რომლებიც, ძირითადად, შესაბამისი კონტექსტის იგნორირებით, პირის სამართალდამრღვევად მიჩნევისათვის სასამართლოს საკმარის მტკიცებულებად მიაჩნია.

საიას შეფასებით, დაჯარიმების პრაქტიკა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლების მძიმე დარღვევას წარმოადგენს.

5000 ლარიანი ჯარიმა საქართველოში საშუალო თვიურ შემოსავალზე ორჯერ მეტია. ასობით მომიტინგე მრავალჯერ არის დაჯარიმებული. დემონსტრანტებს აჯარიმებენ ისეთ შემთხვევებშიც, როდესაც ისინი აქციას მაშინ შეუერთდნენ, როცა გზა უკვე გადაკეტილი იყო. შსს მასობრივად აჯარიმებს ჟურნალისტებსაც, რომლებიც პროფესიულ საქმიანობას ასრულებენ.

დემონსტრანტებს ჯარიმებს ძირითადად საზოგადოებრივი ფონდები უხდიდნენ. 17 მარტს, პროკურატურის მოთხოვნით სასამართლომ დააყადაღა ხუთი ფონდის საბანკო ანგარიშები - ა(ა)იპ „ნანუკას ფონდი“; ა(ა)იპ „ფროსფერითი“; ა(ა)იპ „ფონდი ერთმანეთისთვის 24/7“; ა(ა)იპ „სირცხვილია“; ა(ა)იპ „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“. პროკურატურის განცხადების თანახმად, ფონდებმა „უკანონო ღონისძიებების დასაფინანსებლად“ 2 მილიონ ლარზე მეტი დახარჯეს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა ფონდების დაყადაღება „პოლიტიკურად მოტივირებულ“ ქმედებად შეაფასა, რომელიც „გაუმართლებლად აჩერებს კონკრეტული სამოქალაქო ორგანიზაციების მუშაობას და საბოლოოდ მიზნად ისახავს ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო მუხტის შემცირებასა და საპროტესტო აქციების მონაწილეთა დასჯას“.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.