დღის ან ღამის საათებში საცხოვრებელ სახლში, კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ან საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვებ ნორმებზე გადამეტებისთვის, პირველივე ჯერზე, ფიზიკური პირი 150 ლარით დაჯარიმდება, ხოლო იურიდიული პირის და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში ჯარიმა 1500 ლარი იქნება. კანონმდებლობის თანახმად, საცხოვრებელ და საძილე სათავსებში დღისით დასაშვებია ხმაური, რომელიც არ აღემატება 35 დეციბელს, ხოლო საღამოს ან ღამით 30 დეციბელს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთის 2 361 მოქალაქეს მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა 2024 წელს
- 2 უნდა შევძლოთ გადარჩენა და ევროპული მომავლისთვის მუშაობა - ამაღლობელი ციხიდან
- 3 ბრიტანეთმა ადამიანის უფლებების დარღვევის გამო „ოცნების“ 4 მაღალჩინოსანი დაასანქცირა
- 4 პრორუსული „ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
- 5 მერაბ ტურავა „ქართული ოცნების“ მთავრობაში იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
- 6 ჭიათურაში დააკავეს აქციის მონაწილე 4 მაღაროელი - მათ 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
ცვლილებები არ შეეხება დღის საათებში მიმდინარე სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების შედეგად წარმოქმნილ ნებისმიერი სიმძლავრის ხმაურს.
მოქმედი კანონმდებლობით, დღის საათებში იგულისხმება დრო 08:00 საათიდან 23:00 საათამდე.
პარლამენტის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში მიღებული ცვლილებები ძალაში 14 დეკემბრიდან შევა.
სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, ჯარიმა დაახლოებით 3-ჯერ იზრდება. კერძოდ, ფიზიკური პირი 500 ლარით დაჯარიმდება, ხოლო იურიდიული პირი და ინდივიდუალური მეწარმე - 5000 ლარით. მესამე და ყოველ მომდევნო შემთხვევაში ფიზიკური პირისთვის ჯარიმის ოდენობა 1000 ლარით განისაზღვრება, იურიდიული პირის და ინდივიდუალური მეწარმისთვის კი - 10 000 ლარით.
ჯერ კიდევ მოქმედი რეგულაციით, სამართალდარღვევის პირველად ჩადენის შემთხვევაში კანონი გაფრთხილებას ითვალისწინებს, განმეორების შემთხვევაში კი ჯარიმა ფიზიკური პირებისთვის 150 ლარია, ხოლო იურიდიული პირებისთვის - 500. იმავე ქმედების განმეორებით ჩადენისთვის ფიზიკური პირი 300 ლარით ჯარიმდება, იურიდიული პირი - 1000 ლარით.
საკანონმდებლო ცვლილებები დეპუტატებმა იმით დაასაბუთეს, რომ არსებული ჯარიმები ვერ უზრუნველყოფს პრევენციულ ეფექტს, რაზეც მოსახლეობის მხრიდან მაღალი მიმართვიანობა მეტყველებს. თბილისის მასშტაბით, აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებასთან დაკავშირებით 2021 წელს 148 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი შედგა, 2022 წელს 253, ხოლო 2023 წლის მხოლოდ იანვარ-ივლისში 344 ოქმია შედგენილი.
„ხმაურს მოაქვს უსიამოვნება, აქვეითებს ცხოვრების ხარისხს, ხელს უშლის ხალხის ნორმალურ აქტიურობას, ზემოქმედებს ყურადღების კონცენტრაციაზე, კომუნიკაციაზე და ძილზე. გარდა ნეგატიური, სოციალურ-ფსიქოლოგიური შედეგისა, ის ასევე უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე, განსაკუთრებით კი გულსისხლძარღვთა სისტემის მდგომარეობაზე.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ 1999 წელს გამოცემული საზოგადოებრივი ხმაურის სახელმძღვანელო, მიუთითებს სახელმწიფოებს დაიცვან მოსახლეობა ხმაურისაგან, გაითვალისწინონ ხმაურის ნეგატიური შედეგები და შესაბამისი შეზღუდვები დააწესონ არსებულ კანონმდებლობაში“, - აღნიშნული იყო კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
აკუსტიკური ხმაურის ნორმების დარღვევის ფაქტებზე, მოქალაქეთა მხრიდან მიღებული შეტყობინებების საფუძველზე, რეაგირება პოლიციის თანამშრომელს ევალება.
