პროკურატურამ საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში 14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობისთვის დაკავებულს გაუპატიურების მუხლით ბრალი დაუმძიმა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის ზაფხულში, ბრალდებულმა 14 წლის არასრულწლოვანს ქორწინების იძულების მიზნით, უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება და საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში მიიყვანა, სადაც დაზარალებულს შეზღუდული ჰქონდა თავისუფალი გადაადგილების უფლება. აღნიშნულის მიუხედავად, არასრულწლოვანმა გაპარვა მოახერხა, თუმცა მისი ოჯახის წევრებმა ის უკან დააბრუნეს.
ბრალდებული დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ არასრულწლოვანს აუპატიურებდა.
6 ოქტომბერს, ბრალდებულმა, თვლიდა, რა რომ დაზარალებულმა გაქცევით შეურაცხყოფა მიაყენა და როგორც ქალს არ ჰქონდა საკუთარი პირადი ცხოვრების განკარგვისა და მასთან ქორწინებაზე უარის თქმის უფლება, 14 წლის არასრულწლოვანს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა“, - განაცხადეს პროკურატურაში.
26 წლის ალიმ სადიგოვი ბრალდებულია სისხლის სამართლის კოდექსის 4 მუხლით - განზრახ მკვლელობა, ჩადენილი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ გენდერის ნიშნით; თავისუფლების უკანონო აღკვეთა დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ; გაუპატიურება, ჩადენილი დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ; ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება. მას 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე არსებითი განხილვის მიზნით თელავის რაიონულ სასამართლოში გააგზავნა.
14 წლის გოგოს განზრახ მკვლელობის საქმეზე 5 პირია დაკავებული, მათ შორის გოგოს დედა და ბიძა. რუსთავის სასამართლომ ისინი 11 ოქტომბერს დააპატიმრა. პროკურატურა მათ ქორწინების იძულებას და დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. დაკავებამდე დედა ამბობდა, რომ ალიმ სადიგოვის ეშინოდა, რადგან გოგოს წაყვანის შემთხვევაში სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. გამოძიების მასალების მიხედვით კი, დედას სადიგოვი სიძედ მოსწონდა, რადგან ის შეძლებული იყო.
პროკურატურა მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება მკვლელობაში ბრალდებულის ბიძას და ბიძაშვილსაც.
14 წლის აითაჯ შახმაროვა კარაბულახის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე იყო. ის ახალი სასწავლო წლიდან სკოლაში არ გამოცხადებულა, რაზედაც დირექტორს არც პოლიციისთვის და არც სოციალური სამსახურისთვის არ უცნობებია. სკოლის დირექტორი დაკავებული არ არის.