2-3 კვირაში გვექნება საბოლოო დასკვნა, რა მოვლენებს ჰქონდა ადგილი - გედევანიშვილი შოვზე

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ონის მუნიციპალიტეტის მერიის ფოტო

„დაახლოებით ორი-სამი კვირის ვადაში გვექნება საბოლოო დასკვნა, ყველა კითხვას გაეცემა პასუხი, თუ რა მოვლენებს ჰქონდა ადგილი“, - განაცხადა შოვში მომხდარ სტიქიურ უბედურებასთან დაკავშირებით გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, ვასილ გედევანიშვილმა, რომელიც დღეს სოფელ გლოლაში იმყოფებოდა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

სამთავრობო ტელეკომპანიების ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა, გეოლოგებმა და ჰიდროლოგებმა, სტიქიის ზონა ვერტმფრენიდან დაათვალიერეს, შემდეგ კი გლოლის მცხოვრებლებს შეხვდნენ და სტიქიის გამომწვევი მიზეზების შესახებ სააგენტოს მიერ მომზადებული პირველადი დასკვნა გააცნეს.

„როგორც გეოლოგებმა გვითხრეს და ჩვენც, ადგილობრივები ერკვევიან ამ სიტუაციებში, მოხდა ისეთი რამ, რომელიც, შეიძლება, არ ვიცი, ეს არის სასწაული, რომ მოწყდა მყინვარი და ამ მყინვარმა გამოიწვია წყლის დაგუბება, ქანების ვარდნა და ეს ყველაფერი ღვარცოფის სახით მოევლინა შოვის ტერიტორიას და ჩვენც ვიცით, რა საშინელი ტრაგედია დატრიალდა, ძალიან ცუდი შედეგები მოიტანა ამ ყველაფერმა. ჩვენ ვერავის ვერ ვადანაშაულებთ ამაში, რომ გინდა თუ არა, ეს მთა მოწყდებოდა და რატომ წინასწარ არ გაიგო ვინმემ და დავუშვათ, რატომ არ ჩატარდა წინასწარი ღონისძიებები. გვაქვს ისეთი ხეობები, მდინარეები, რომლებმაც ღვარცოფით იციან მოვარდნა და საშიშროება ემუქრება სოფლის ტერიტორიას. ეს ხეობები გვინდა იყოს მეტად ყურადღება მიქცეული“, - ამბობს მარინა გოშაძე, შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე.

ვასილ გედევანიშვილის თქმით, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ხეობაში მონიტორინგს გააგრძელებენ, რათა „გამოირიცხოს რაიმე დამატებითი საფრთხეები, რომლებიც, როგორც წესი, თანმდევი პროცესია მსგავსი მასშტაბური ღვარცოფის შემდეგ“

„რაიმე მყისიერი საფრთხე და ისეთი მასშტაბური ღვარცოფის განმეორების რისკები პრაქტიკულად არ არსებობს. მდინარე ჭანჭახსა და მდინარე რიონზე გვაქვს შესაბამისი დონეთმზომები, რომლებიც მდინარეში წყლის მონიტორინგს ახდენენ. შესაბამისად, კიდევ უფრო გავააქტიურებთ ამ პროცესსაც.

იყო დაპირება, რომ დავაყენებთ რამდენიმე ასეთ მოწყობილობას იმისთვის, რომ ადრეული მონიტორინგის სისტემები კიდევ უფრო გაძლიერდეს რეგიონში და მომავალში მსგავსი მოვლენების პროცესში უფრო მეტი დაკვირვების მექანიზმები გვქონდეს... წყალმზომები, ასევე მეტეოსადგურები, ყველა შესაძლო ტექნიკური საშუალებები, რომლებმაც შეიძლება, წინასწარი ინფორმაცია მოგვცეს კლიმატური პირობების გაუარესების, ნალექების მატების ან მსგავს მოვლენებთან დაკავშირებით. შევეცდებით, მაქსიმალურად გავააქტიუროთ მუშაობა“, - აღნიშნა ვასილ გედევანიშვილმა.

გლოლაში დღეს გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგო ხიდეშელი და რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე.

3 აგვისტოს, რაჭაში, ბუბას მთიდან მოვარდნილმა ღვარცოფმა კურორტი შოვი თითქმის მთლიანად გაანადგურა. სამაშველო ოპერაცია 3 საათის დაგვიანებით დაიწყო, დაღამებისთანავე კი მფრინავებმა ოპერაციაში მონაწილეობა შეწყვიტეს იმ მიზეზით, რომ ვერტმფრენს ღამით უსაფრთხოდ ფრენა არ შეეძლო. 3-4 აგვისტოს სტიქიის ზონიდან 210 ადამიანი გამოიყვანეს. ბოლო ინფორმაციით, ნაპოვნია 27 ცხედარი და ასევე, ადამიანის სხეულის ფრაგმენტები. ჯერ კიდევ ეძებენ 6 დაკარგულს.

ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მომხდარის თავიდან აცილება შეუძლებელი იყო, რასაც დამოუკიდებელი ექსპერტები არ ეთანხმებიან.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.