პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გელა სამხარაულის განცხადებით, საქართველოში სოფლის მეურნეობა უამრავი გამოწვევის წინაშეა, მაგრამ ყველაზე დიდი გამოწვევა ის არის, რომ ახალგაზრდობა არ არის დაინტერესებული სოფლის მეურნეობაში აქტიურად ჩართვით.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„ეს თანამედროვე ტექნოლოგიები კიდევ სხვა ცოდნას, სხვა მიდგომას მოითხოვს. ასაკოვანი ადამიანები ციფრულ ტექნოლოგიებთან ცოტა ნაკლებად ურთიერთობენ.
არის რამდენიმე მიმართულება, სადაც ახალგაზრდები მეტ-ნაკლებად დაინტერესდნენ, ეს ძირითადად მეღვინეობას ეხება, რაღაც მოდაში შემოვიდა და მეღვინეობის მიმართულებით უფრო გამოხატავენ ინტერესს.
სხვა კულტურებთან მიმართებაში ეს ჯერ-ჯერობით ნაკლებად ჩანს“, - თქვა გელა სამხარაულმა აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.
სამხარაულის თქმით, ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ ყოფნის შემდეგ, პროგრესი სოფლის მეურნეობაში თვალსაჩინოა, თუმცა სექტორს საკმარისი სპეციალისტები არ ჰყავს: „ჩვენი ფერმერები, გლეხები ძალიან ბევრს შრომობენ, მაგრამ სამწუხაროდ, ის შედეგი არ არის, რაც მათ შრომას უნდა მოჰყვეს ცოდნით და თანამედროვე ტექნოლოგიებით მიდგომის შემთხვევაში. იგივე შრომით შესაძლებელია გაცილებით მეტი შედეგები მივიღოთ. ყველა მიმართულებით გვაკლია ჩვენ სპეციალისტები. ეს საკითხი მთავრობამ და კონკრეტულმა უწყებებმა თავის თავზე უნდა აიღონ, რათა გარკვეული პროგრამებითა და წახალისებით ჩვენ შევძლოთ და ეს დეფიციტი შევავსოთ“.
კომიტეტის სხდომას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი გიორგი ხანიშვილიც ესწრებოდა, რომელმაც თქვა, რომ „სოფლის მეურნეობაში დღეს ჩვენ გვაქვს ყველაზე დიდი დეფიციტი, არა ფული, არა ცოდნა, არამედ ფიზიკური სამუშაო ძალა, რომელსაც შეუძლია რაიმე გააკეთოს.
ასეთი რეალობა დადგა, ცოტა მოულოდნელი კი იყო, მაგრამ ფაქტობრივად ასეა. ქვეყანაში, სადაც უმუშევრობის პროცენტი საკმაოდ მაღალია სტატისტიკურად, იქ სოფლის მეურნეობას სამუშაო ძალის ყველაზე დიდი დეფიციტი აქვს“.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, სამინისტრო ქმნის მეცხოველეობის განვითარების ფართომასშტაბიან პროგრამას, რომლის მნიშვნელოვანი კომპონენტებია ცოდნის გაზრდა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება.
„ჰოლანდიასთან შედარებით რომ ვიყოთ მარტო ჩამორჩენილები, ამას კიდევ გაუძლებდა კაცი. არ არის ეს ასე, უფრო სხვა პრობლემები გვაქვს. იმ სახეობებში, სადაც სახელმწიფო პროგრამები ხორციელდება, მაგალითად, ვაშლის საშუალო მოსავლიანობა რომ 3-4 ტონა გვქონდა, 9-ჯერ, 10-ჯერ და მეტჯერ ჩამოვრჩებოდით თუნდაც იგივე საფრანგეთს, დღეს ჩვენ გვაქვს ვაშლის ბაღები, რომელიც საფრანგეთზე ნაკლებ მოსავალს არ იძლევა - 30, 40, 50 ტონას მივაღწიეთ და ცოტა ხანში გვექნება ბაღები, რომელთა მოსავლიანობა 70-100 ტონის ფარგლებში იქნება. ჩვენ შევძელით ძალიან ბევრი კულტურის დანერგვა, მაგალითად, ლურჯი მოცვი, რომელიც დღეისათვის 2200 ჰექტარზეა გაშენებული და საერთოდ არ იყო. იგივე კაკლოვანები - ნუში, ფისტა და ა.შ., თითქმის 6000 ჰექტარზეა კაკალთან ერთად. ეს ყველაფერი საქართველოს ეკონომიკაზე, ექსპორტის მაჩვენებლებზე უკვე ისახება. სასურველი და შესაძლებელი რა თქმა უნდა ბევრად მეტია. ყველაფერი როდესაც დაშლილია და დანგრეული, მისი აწყობა რთულია. როდესაც ტრაქტორი გვაქვს სანატრელი, მაღალ ტექნოლოგიებზე ფიქრი რთულია, მაგრამ იგივე მევენახეობის თვალსაზრისით ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ ვენახებში ძალიან ბევრი ისეთი აპარატურა შემოდის, რომელიც ხელით შრომას ამარტივებს და ამავე დროს მოთხოვნას ხელით შრომაზე გარკვეულწილად ამცირებს“, - აღნიშნა გიორგი ხანიშვილმა.
აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა კომიტეტის წევრებს საერთაშორისო ორგანიზაციის (UNDP) მიერ მომზადებული კვლევა გააცნო. კვლევის ფარგლებში ის 30 ფერმერი გამოკითხეს, ვინც საქმიანობა 2016 წლის შემდეგ, სახელმწიფო პროგრამების მხარდაჭერით, კაკლოვანის და კენკროვანის სექტორში დაიწყო. გამოკითხულთა მხოლოდ 30% ამბობს, რომ მიღებული მოსავალი ემთხვევა პირველად გათვლებს. დანარჩენი 70% აღნიშნავს, რომ საჰექტრო მოსავლიანობა ჩამოუვარდება მათ მოლოდინებსა და ფინანსურ გათვლებს. წარუმატებლობის ყველაზე გავრცელებულ მიზეზად სახელდება ქვეყანაში აგრონომიული ცოდნის არარსებობა როგორც დაგეგმარების, ისე ბაღების მართვის პროცესში.
თანამედროვე მიდგომებისა და ცოდნის დეფიციტთან ერთად, სოფლის მეურნეობაში ჩართული პირებისთვის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა ის, რომ დარგი განიცდის ტექნოლოგიების სიმცირეს. ქართველი ფერმერები წარმოების პროცესში თითქმის არ იყენებენ ან ნაკლებად იყენებენ ისეთ აუცილებელ ტექნოლოგიებს, როგორიც არის: ამინდის სადგურები, სენსორები, პროგრამები და სხვა მოწყობილობები, რომელიც საშუალებას იძლევა, მარტივად მიიღონ ინფორმაცია, რომელიც შემდგომ უკვე ბუნებრივ, ადამიანურ და ფინანსურ რესურსებს დაზოგავდა.
„თუ არა ტექნოლოგიები და ინოვაციური მოდგომები, რა თქმა უნდა გაგვიჭირდება დავაინტერესოთ ახალგაზრდები სოფლის მეურნეობით, იმ ტრადიციული სოფლის მეურნეობით, რომელიც შეიძლება ახლა 90%-ში ხორციელდება. ამიტომ ტექნოლოგიებისა და ინოვაციების გაჩენა გარკვეულწილად ახალგაზრდების დასაქმებასაც გულისხმობს რეგიონებში, სოფლებში, რომელიც საკმაოდ რთულ დემოგრაფიულ მოცემულობაშია. რეგიონები მეტ-ნაკლებად იცლება დიდი ქალაქების სასარგებლოდ, ახალგაზრდები ტოვებენ თავის საცხოვრებელ ადგილებს იმიტომ, რომ უფრო მეტად შემოსავლიანი სამუშაოები იპოვონ, თუმცა ჩვენ თუ ადგილზე გავაჩენთ მაღალტექნოლოგიურ, ინოვაციურ მიდგომებს სოფლის მეურნეობაში, შესაძლოა ეს მათთვის განსაკუთრებული ინტერესის სფეროც გახდეს“, - განაცხადა წილოსანმა.