კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ ამოიცნო ერთ-ერთი იმ პოლიციელთაგან, ვინც 17 აპრილს მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან აქციის დროს მასზე ფიზიკურად იძალადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 2 უილსონი: თუ ივანიშვილი 29 დეკემბრის გეგმას განახორციელებს, წარმოუდგენელ პასუხს უნდა ელოდეს
- 3 ბალტიის ზღვაში კაბელის დაზიანებაში ეჭვმიტანილი გემის კაპიტანი საქართველოს მოქალაქეა
- 4 რას ამბობს გდდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი საქართველოდან გამგზავრებამდე მიცემულ ინტერვიუში
- 5 დაძაბულობაა ბოლნისში, სადაც ავტოავარიას ორი არასრულწლოვანი ემსხვერპლა
- 6 მოხელის შეფასება 6 თვეში ერთხელ და ხელფასის 20%-ის დაკავება - რა ცვლილებები მიიღო „ოცნებამ“
ელსაშვილმა დღეს ბრიფინგი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან გამართა. აღნიშნული უწყება მეხუთე თვეა ელისაშვილის საქმეს პოლიციელების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების მუხლით იძიებს.
„მეხუთე თვეა, ერთი მხრივ, სპეციალური საგამოძიებო სამსახური და მეორე მხრივ, შინაგან საქმეთა სამინისტრო იძახიან, ვერაფრით ვერ დავადგინეთ, ვინ არიან ის პოლიციელები, რომლებიც მონაწილეობენ თქვენს წინააღმდეგ ძალადობაშიო. არადა, ტელეკომპანია „პირველზე“ გავიდა ექსკლუზიური კადრები, სადაც სახეზე ჩანს არაერთი პოლიციელი. მე ერთ-ერთი მათგანი გავარკვიე და მინდა, წარმოგიდგინოთ.
ეს არის ზაქრო ჩოხელი, ხაშურის პოლიციის უფროსის ყოფილი მოადგილე, ამჟამად კი კრიმინალური პოლიციის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი. სწორედ ზაქრო ჩოხელი იყო მათ შორის, ვინც კადრებშიც ჩანს, როგორ მირტყამს. ის გავეშებული, მონდომებული გამორბის და წაქცეულს რამდენჯერმე მირტყამს.
ეს არის ძალიან მძიმე დანაშაული. ამ მასალას კი მივაწვდით ამ საცოდაობა სტრუქტურას, მაგრამ იმედი არ მაქვს, რომ ვინმეს ბრალს წარუდგენენ“, - განაცხადა ელისაშვილმა.
პარტია „მოქალაქეების“ ლიდერს, ალეკო ელისაშვილს 17 აპრილს, მთავრობის კანცელარიასთან მიმდინარე აქციაზე ფიზიკურად გაუსწორდნენ მას შემდეგ, რაც პოლიციის კორდონის გარღვევა და შენობაში შესვლა სცადა. ტელეკომპანია „პირველის“ მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ათობით პოლიციელი ძირს დაგდებულ ელისაშვილს ხელებითა და წიხლებით სცემს.
როგორც ელისაშვილი ამბობდა, მასზე ანგარიშსწორება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ვაჟა სირაძის დავალებით განხორციელდა. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა საქმე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით აღძრა, თუმცა პარლამენტის მოქმედი წევრის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობისთვის ამ დრომდე არავინ არის დაკავებული.
აღსანიშნავია, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ძალადობამდე რამდენიმე დღით ადრე ალეკო ელისაშვილი პარლამენტში კანონის ერთ-ერთ ავტორს, მამუკა მდინარაძეს ფიზიკურად დაუპირისპირდა და საკომიტეტო განხილვის დროს, მოულოდნელად სახეში დაარტყა. ინციდენტის შემდეგ მდინარაძემ თქვა, რომ ელისაშვილს „საკადრის პასუხს“ გასცემდნენ.