ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის გავლენიანი წევრები - ჯიმ რიში, ჯინ შაჰინი ბენ კარდინი და პიტ რიკეტსი გამოეხმაურნენ საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას, რომლითაც არასამთავრობო ორგანიზაციები, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ და „აირჩიე ევროპა“, ასევე, მათი ხელმძღვანელები საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად გამოცხადდნენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ამომრჩევლის ირიბი მოსყიდვაა“ - პრეზიდენტმა ამნისტიის კანონს ხელი მოაწერა
- 2 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ავტორიზაცია ერთი წლის თავზე მონიტორინგის პირობით მიანიჭეს
- 3 მოვუწოდებთ საერთაშორისო მისიებს, 26 ორგანიზაციის ინფორმაცია არ გაითვალისწინონ - მიქანაძე
- 4 „ოკუპაციაზე ხომ ვისაუბრე?!“ - კობახიძე კითხვაზე, რატომ არ ახსენა გაეროში რუსეთი
- 5 სასამართლომ გორში დაკავებული ბიზნესმენი იოსებ ბაბაევი სამართალდამრღვევად ცნო
- 6 სოხუმის დაცემიდან 31 წელი გავიდა
სენატორები ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილების გამო შეშფოთებულები არიან.
„ეს არასამთავრობო ორგანიზაციები აქტიურები არიან მოახლოებული არჩევნებისთვის სადამკვირვებლო მისიების მომზადებაში, მაგრამ არ არიან საარჩევნო ბრძოლის მონაწილეები. ისინი მხარს უჭერენ დემოკრატიას, მიუხედავად იმისა, თუ ვის აძლევს ხმას ხალხი.
არაკეთილსინდისიერია, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დირექტორი ეკა გიგაური ისჯება 12 სექტემბერს, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მოსმენაზე - „არასამთავრობო ორგანიზაციების საწინააღმდეგო კანონები და დემოკრატიული რეპრესიების სხვა ინსტრუმენტები“ მისი ბოლო ჩვენების გამო.
მის შესახებ გუშინ გაკეთებული განცხადება ადასტურებს, რომ ავტოკრატიული მთავრობები ბოროტად იყენებენ კანონებს დამოუკიდებელი ხმების დასასჯელად“, - აცხადებენ სენატორები.
ანტიკორუფციულმა ბიურომ „განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტად“ გამოაცხადა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ და მისი აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური. შესაბამისად, მათზე პოლიტიკური პარტიების მიმართ მოქმედი შეზღუდვები გავრცელდა. ბიუროს უფროსის, რაჟდენ კუპრაშვილის 24 სექტემბრის გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ ეკა გიგაური საპარლამენტო არჩევნებს მოიხსენიებს როგორც ერთგვარ რეფერენდუმს რუსეთსა და ევროკავშირს შორის, რაც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მიერ გაკეთებულ განცხადებებს ემთხვევა.
ანტიკორუფციული სააგენტო ციტირებს ეკა გიგაურის მიერ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გაკეთებულ განცხადებას: „ქართველებისთვის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ფაქტობრივად რეფერენდუმია! მკაფიო არჩევანი დემოკრატიულ, წარმატებულ ევროპულ მომავალსა და ჭაობში ჩარჩენილ რუსეთის სატელიტად გახდომას შორის“. ამასთან, გადაწყვეტილებაში არ არის მოყვანილი გიგაურის ან მისი ორგანიზაციის რომელიმე განცხადება, რომლითაც ისინი ამომრჩეველს რომელიმე კონკრეტული პარტიის მხარდაჭერისკენ, ან მხარდაჭერისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებენ.
ანტიკორუფციული ბიუროს კიდევ ერთი არგუმენტი, რის გამოც არასამთავრობო ორგანიზაცია და მისი ხელმძღვანელი „საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტად“ იქნენ ცნობილი, წინასაარჩევნო კამპანიაში „ჩემი ხმა ევროკავშირს“ მონაწილეობაა.
„განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად“ ცნეს სამოქალაქო მოძრაობა „აირჩიე ევროპა“, მისი დირექტორი ხათუნა ლაგაზიძე და თანადამფუძნებლებიც - სოფიკო ჭყონია, ნიკოლოზ შურღაია, გიორგი რუხაძე, შალვა ძებისაშვილი, გიორგი პაპელიშვილი, ლელა ჯეჯელავა, გიორგი თაქთაქიშვილი და ივანე ჭყონია.
აღნიშნულ ორგანიზაციებსა და პირებს 5-დღიანი ვადა აქვთ იმისთვის, რომ ანტიკორუფციულ ბიუროს წარუდგინონ ინფორმაცია იმ საბანკო ანგარიშების რეკვიზიტების შესახებ, რომლებიც გამოიყენება „მათ საარჩევნო მიზნებთან დაკავშირებული შემოსავლებისა და ხარჯებისთვის“.