აფხაზეთი და ცხინვალი გაეროში ლტოლვილთა საკითხების განხილვაში ჩართვას ითხოვენ

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკების წარმომადგენლები გაეროს მიერ ლტოლვილთა საკითხების განხილვაში ჩართვას ითხოვენ. ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომლითაც სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ გენერალური ასამბლეის რეზოლუაციას გამოეხმაურა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

7 ივნისს მიღებული რეზოლუცია გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, ადასტურებს დევნილთა უფლებას, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ, ხაზს უსვამს მათი საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას. საქართველოსა და 63 ქვეყნის მიერ ინიცირებულ რეზოლუციას გაეროს წევრმა 100-მა სახელმწიფომ დაუჭირა მხარი.

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აპროტესტებს იმას, რომ „რეზოლუციაში არაფერია ნათქვამი ოსური მოსახლეობის წინააღმდეგ ეთნიკური წმენდის და ოსების გენოციდის შესახებ“.

„არ ამბობენ, რომ ოსი ლტოლვილების რაოდენობა რამდენჯერმე აღემატება ეთნიკურ ქართველებს, რომლებიც სამხრეთ ოსეთში ცხოვრობდნენ და საქართველოში წავიდნენ ქართული არმიის შემოჭრამდე. არცერთი სიტყვა არ არის სამხედრო დანაშაულებზე, რომლებიც ქართულმა ჯარმა და სხვადასხვა ქართული ფორმირების მებრძოლებმა ჩაიდინეს“, - აცხადებს ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო.

დე ფაქტო ხელისუფლება ირწმუნება, რომ 2008 წლის ომის შემდეგ ლტლოვილებმა დაბრუნება დაიწყეს, თუმცა საქართველოს ხელისუფლებამ ამ თემის პოლიტიზირება გადაწყვიტა. მათივე თქმით, საქართველოს მიზანი აგრესიასა და ოკუპაციაში რუსეთის დადანაშაულებაა.

„ოსმა და აფხაზმა წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ საქართველოს მიერ ლტოლვილების პრობლემის პოლიტიზირება ხელს უშლის ჟენევის დისკუსიების ფარგლებში ამ საკითხზე მუშაობას.

მაშინ, როცა საქართველოს ურჩევნია ლტოლვილთა და სხვა კატეგორიის გადაადგილებულ პირთა მდგომარეობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილოს ისეთ ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანოში, როგორიცაა გაეროს გენერალური ასამბლეა, სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი დაჟინებით მოითხოვენ თავიანთ უფლებას, მონაწილეობა მიიღონ ამ განხილვებში გაეროს კედლებში“, - ნათქვამია ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

2022 წლის ბოლოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე გამოძიება დასრულებულად გამოაცხადა და საქართველოს მხრიდან ჩადენილი რაიმე დარღვევა გამორიცხა. გამოძიების შედეგად, სასამართლომ სამი ეჭვმიტანილი პირის დაპატიმრების ორდერები გამოსცა. ესენი არიან: გენერალ ლეიტენენტი მიხაილ მინძაევი - დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ჰამლეტ გუჩმაზოვი - წინასწარი დაკავების იზოლატორის ყოფილი უფროსი და დავით სანაკოევი - ე.წ. პრეზიდენტის წარმომადგენელი ადამაინის უფლებათა საკითხებში.

პროკურორ კარიმ ასად აღმად ხანის განცხადებით, ბრალდებები, რომელთა დაკავშირებიოთაც  დაპატიმრების ორდერები გაიცა, ეხება რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის კონტექსტში ეთნიკურად ქართველი მშვიდობიანი მოსახლეობის თავისუფლების უკანონო აღკვეთას, წამებას, სასტიკ მოპყრობას, მძევლად აყვანასა და შემდგომში, მათ უკანონო გადაადგილებას. მისივე თქმით, დანაშაულები დანაშაულებრივი ქმედებების უფრო ფართო ხასიათზე მიუთითებს, როგორიც იყო, მაგალითად, ქართული სოფლებისა და ქართველების კუთვნილი სახლების მასობრივი ძარცვა და განადგურება, ასევე, ცხინვალის რეგიონის თითქმის მთელი ქართული მოსახლეობისთვის დაბრუნების უფლებაზე უარის თქმა. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა დასძინა, რომ გამოძიებისას ასევე გამოიკვეთა ამ დანაშაულების ჩადენაში რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორის, ამჟამად გარდაცვლილი ვიაჩესლავ ბორისოვის სავარაუდო როლიც.

2008 წლის აგვისტოს ომს საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე და 14 პოლიციელი ემსხვერპლა. თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დაიღუპა 169 სამხედრო და დაიჭრა 1747 ადამიანი. საკუთარი საცხოვრებელი დატოვა 150 000-მა ადამიანმა, მათგან 30 000-მდე დღემდე დევნილობაში რჩება. ომის შედეგად საქართველომ კონტროლი დაკარგა 189 სოფელზე, 125 დასახლება რუსეთს ამ დრომდე ოკუპირებული აქვს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).