საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვარშავაში, პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინაში მიმდინარე „ისტორიული ბრძოლის“ ბოლო ეტაპზე, როდესაც მოლაპარაკებების დრო დადგება, საერთაშორისო თანამეგობრობამ საქართველოს შემთხვევაში და ყირიმის ოკუპაციის შემდეგ დაშვებული შეცდომები აღარ უნდა გაიმეოროს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„რუსეთი ან უნდა გაჩერდეს და შეეგუოს იმას, რომ მასაც, როგორც ყველა სხვა ცივილიზებულ ქვეყანას, აქვს თავისი საზღვრები და არანაირი უფლება არ გააჩნია, რომ სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე თავისი ძალები განალაგოს, ანდა ექსპანსიას და თავის რაღაც იმპერიალისტურ ზრახვებს დაუბრუნდეს.
ეს არის ის შედეგი ამ ომის, რაც ნამდვილად შეცვლის მსოფლიოს და არ უნდა იყოს დაშვებული ის ძველი შეცდომა, ძველი ხედვა, რომ ვიღაც რუსეთის გრძნობებს უნდა გაუფრთხილდეს. არა, ყველა უნდა გაუფრთხილდეს იმ პატარა თუ დიდი ქვეყნების გრძნობებს, რომლებიც რუსეთის ირგვლივ ამდენი ხანია მეზობლურად ცხოვრებენ და ვერ მიიღეს უსაფრთხოების ის ელემენტარული გარანტია, რასაც ჰქვია, რომ ჩემი საზღვარი ჩემია, შენი საზღვარი შენი უნდა იყოს და შენ უნდა შეეგუო შენს საზღვარს“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა პოლონეთის პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
ზურაბიშვილის თქმით, საქართველომ იცის, რა ფასს იხდის უკრაინა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის, ვინაიდან საქართველომ ეს ფასი 1921, 1992 და 2008 წლებში გადაიხადა:
„ჩემს მიერ დაფიქსირებული ყველა პოზიცია არა ჩემი პირადი, არამედ მთლიანად საქართველოს მოსახლეობის პოზიციაა: საქართველო სოლიდარულია უკრაინის მიმართ. ახლა, ყველამ ვიცით, რომ საქართველოს არ აქვს ის პოტენციალი, ჩაერთოს ამ ომში და ეს არც იქნებოდა სწორი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეკონომიკურად და სოციალურად მთელი საზოგადოება არ უჭერს მხარს უკრაინას. მე მინდა ყველამ ნახოთ, როგორ გამოიხატება საქართველოს და თბილისის ქუჩებში საქართველოს სოლიდარობა“.
საქართველოს პრეზიდენტმა პატივი მიაგო ქართველ მებრძოლებს - „რომლებიც თავიანთი ნებითა და თავდადებით ჩართულნი არიან ჩვენი მეგობარი და ძმა უკრაინელების ბრძოლაში. ჩვენ 33 ქართველი დავკარგეთ და მათი ხსოვნა უკვდავი იქნება“.
სალომე ზურაბიშვილმა პოლონეთს მადლობა გადაუხადა საქართველოს მრავალწლიანი მხარდაჭერისთვის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.
„ჩვენ მადლიერები ვართ და ვიცით, რომ არა უკრაინის ბრძოლა, არ იქნებოდა ასე დაჩქარებული ჩვენი, უკრაინის და მოლდოვის ევროკავშირში ინტეგრაციის გზა. ამისათვის მართლაც გვეკუთვნის მადლობის თქმა. საქართველომ მიიღო ევროპული პერსპექტივა. ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. ის ძველი ხედვის ნაშთი, რასაც გეოგრაფიული მიდგომა ერქვა და ის დისკუსია - იყო თუ არა საქართველო ევროპა - დამთავრებულია! ევროპული პერსპექტივა მოგვენიჭა! შემდეგი ეტაპი ის სტატუსია, რაც სამწუხაროდ, პირველ ეტაპზე, უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად, ვერ მივიღეთ. ამის სხვადასხვაგვარი მიზეზი არსებობდა, მაგრამ ჩვენ ამას უნდა დავუბრუნდეთ. ვიცით, რომ ამ შემთხვევაშიც შეგვიძლია ჩვენი მეგობარი პოლონეთის მხარდაჭერის იმედი გვქონდეს, ისევე როგორც მივიღეთ პოლონეთის მხარდაჭერა ყველაფერში, რაც ჩვენი ევროპული ინტეგრაციის გზას შეეხება. ეს ჩვენი მოსახლეობის 80%-ის სურვილია. ამ ბოლო, 30 წლის განმავლობაში, მოსახლეობის ეს რაოდენობა არ შეცვლილა და ჩვენ ამ გზას განვაგრძობთ და ვიცით, რომ პოლონეთი შემდეგ დისკუსიებშიც დაგვიჭერს მხარს“.
პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ განაცხადა, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სალომე ზურაბიშვილის ასეთი პოზიცია მიმდინარე რუსულ აგრესიასთან დაკავშირებით, რადგან საქართველო თავად არის რუსული აგრესიის მსხვერპლი.
„ჩვენ ყველანაირ, მათ შორის, სამხედრო დახმარებას ვუწევთ უკრაინას, რადგან ახლა აუცილებელია, რომ უკრაინამ რუსეთის აგრესიისგან თავი დაიცვას. უკრაინაზე, ბოლო რამდენიმე ათეული საათის განმავლობაში, კვლავ დიდი თავდასხმები ხორციელდება. რუსეთი უკრაინის ტერიტორიას ბომბავს, უკრაინა კი, დიდ წინააღმდეგობას უწევს. რუსეთმა უნდა დატოვოს უკრაინის ტერიტორია, რუსეთმა უნდა შეაჩეროს ეს ომი.
ჩვენ ვიცით, რომ თავისუფალი, დამოუკიდებელი ქვეყნები მხარს უჭერენ უკრაინას და იმედი გვაქვს, რომ რუსეთი მალე დამარცხდება და დააბრუნებს იმ ტერიტორიებს, რომლებიც მან დაიპყრო არა მარტო უკრაინაში, არამედ სხვა ქვეყნებში. ეს საკითხი ასევე შეეხება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს“, - აღნიშნა ანჯეი დუდამ.
მისივე თქმით, პოლონეთი მხარს უჭერს საქართველოს ევრო და ჩრდილოატლანტიკური მისწრაფებების საკითხში: „ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საქართველო არც თუ ისე დიდი ხნის შემდეგ მიიღებს სტატუსს, იქნება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი ქვეყანა და ასევე, შევა ნატოში“.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პოლონეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.