არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც აქციების დროს დაკავებულ 400-ზე მეტ პირს სამართლებრივ დახმარებას უწევენ, აცხადებენ, რომ მშვიდობიან დემონსტრანტებს დღემდე არ უბრუნებენ დაკავებისას უკანონოდ და თვითნებურად ჩამორთმეულ პირად ნივთებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 ოპოზიციური პარტიები 24 ნოემბერს პარლამენტთან აქციას და ღამისთევას აანონსებენ
- 5 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 6 პარლამენტი აღარ არსებობს, რადგან ერთმა პარტიამ თავზე დაიხია კონსტიტუცია - ზურაბიშვილი
როგორც „საქართველოს ახალგაზრდა იუსრისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე თქვა, ნივთების ჩამორთმევაში, გარკვეულ შემთხვევებში, მონაწილეობდნენ სპეცრაზმის თანამშრომლები. ჩამორთმეულ ნივთებს შორისაა ტელეფონები, ყურსასმენები, ლეპტოპი, ჩანთა, სახლის და მანქანის გასაღებები, პირადობის მოწმობები, საფულე და სხვა.
„განყოფილებებსა თუ დროებითი მოთავსების იზოლატორებში დაკავებულების გადაყვანისას შესაბამის დოკუმენტებში აღინიშნებოდა, რომ მათ რაიმე ტიპის ნივთები არ ჰქონდათ დაწესებულებაში მიყვანის დროისთვის. იყო შემთხვევები, როდესაც მობილური ტელეფონი დაკავებულებს ჩამოართვეს განყოფილებაში, თუმცა, გათავისუფლებისას ამ პირებს არ დაუბრუნდათ ნივთები“, - აღნიშნა ნონა ქურდოვანიძემ.
მისივე თქმით, უმეტესად დაკავებულებს ნივთები არ ჩამორთმევიათ კანონმდებლობით დადგენილი წესით და იგი ცალკეულმა სამართალდამცავებმა კანონსაწინააღმდეგო გზით მიისაკუთრეს ან დაკავებულთა დასჯის მიზნით გადაყარეს, რათა ნივთების დაბრუნების შესაძლებლობა აღარ ჰქონოდათ.
„ზოგიერთი დაზარალებულის განცხადებით, მათ პირადი ნივთები და ტელეფონები ჩამოართვეს სიცოცხლის და ჯანმრთელობისთვის საშიში მუქარით, ზოგ შემთხვევაში დაზარალებულებმა შეძლეს მათი ტელეფონის ლოკაციის დადგენა, რაზეც სპეციალური საგამოძიებოს სამსახურიც ინფორმირებულია, თუმცა, უწყების მხრიდან რაიმე სახის რეაგირებას დღემდე არ ჰქონია ადგილი. მაგალითისთვის, ერთ-ერთი დაზარალებულის ტელეფონი ჩაირთო ქალაქ გორში. რამდენიმე შემთხვევებში კი, მობილური ტელეფონები დაფიქსირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, პარლამენტის და სხვა სახელმწიფო უწყებების ადმინისტრაციული შენობების ტერიტორიაზე. აღნიშნული ფაქტების ანალიზით დგინდება, რომ რიგ შემთხვევაში ნივთების ჩამორთმევა ხდებოდა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით და ამ მოქმედებას არავითარი საერთო აქვს სამართლებრივ პროცედურასთან“, - განაცხადა ქურდოვანიძემ.
ამ დრომდე დაკავებულებს არ აქვთ ინფორმაცია, როდის დაუბრუნდებათ ჩამორთმეული/წართმეული ნივთები, გარკვეული ნივთების ადგილსამყოფელი კი მათთვის უცნობი რჩება.
არასამთავრობო ორგანიზაციები მნიშვნელოვნად მიიჩნევენ, ობიექტური გამოძიების ჩატარებას და იმ პირების დასჯას, რომლებიც ნივთების თვითნებურ და უკანონო ჩამორთმევასა და მისაკუთრებაში მონაწილეობდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ნივთების ჩამორთმევის/მისაკუთრების უკანონო პრაქტიკის არსებობას უარყოფს. „ინფორმაცია, თითქოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დაკავებულ პირებს უკანონოდ ჩამოართვეს პირადი ნივთები, არის სიცრუე და მხოლოდ და მხოლოდ უწყების და სამართალდამცველების დისკრედიტაციას ემსახურება“, - განაცხადეს სამინისტროში. უწყებაში ირწმუნებიან, რომ კანონიერად ჩამორთმეული პირადი ნივთები დროებითი მოთავსების იზოლატორებში მყოფ დაკავებულ პირებს გათავისუფლებისთანავე დაუბრუნდათ.