„მნიშვნელოვანია მონიტორინგის გრძელვადიანი მისია, რადგან მხოლოდ არჩევნების დღეს არ ხდება არასწორი რაღაცები, სინამდვილეში ეს თვეებით ადრე ხდება: ადამიანების დაშინება, ხმების მოსყიდვა, ადამიანების მიმართ მუქარა, რომ, თუკი ისე არ მისცემენ ხმას, როგორც საჭიროა, სამსახურს დაკარგავენ. გავიმეორებ, ეს არის ტაქტიკები, რომლებიც საქართველოში გამოიყენება ბევრი, ბევრი წელია სხვადასხვა ხელისუფლების დროს. ძალიან მნიშვნელოვანია არჩევნებზე ადრეული მონიტორინგი იმისათვის, რომ დავეხმაროთ საქართველოს ამომრჩეველს, მოგვიანებით ჰქონდეს ნდობა შედეგის მიმართ“, - განაცხადა აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა რადიო „თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
მისივე თქმით, ნაკლებად მნიშვნელოვანია აშშ-ს აქვს თუ არა ნდობა შედეგის მიმართ, არამედ ამომრჩეველსა და საქართველოს ხალხს უნდა სჯეროდეს, რომ არჩევნები ნამდვილად სამართლიანია და ასახავს საქართველოს ხალხის ნებას.
„2020-ში კოვიდის გამო შეუძლებელი იყო საერთაშორისო მეთვალყურეობის უზრუნველყოფა და ვფიქრობ, ამან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა იმაში, რომ ამდენს გაუჩნდა შეკითხვები, რატომაც იყო ამდენი ბრალდება და საჩივარი - ვინაიდან არ გქონდათ საგარეო დახმარება მეთვალყურეებით, რომლებიც დაგეხმარებოდნენ პრობლემების გამოვლენასა და იმის დადასტურებაში, პროცესი სამართლიანი იყო თუ არა.
არავის განუცხადებია, რომ 2020-ის არჩევნები სამართლიანი იყო და არც 2021 წლის მუნიციპალურ არჩევნებზე უთქვამს ვინმეს, რომ სამართლიანი იყო. ეს სამწუხაროა და იმედი მაქვს, 2024-ის არჩევნები უკეთესი იქნება“
ელჩი დეგნანი ინტერვიუში ხმის მიცემის ელექტრონულ სისტემასაც შეეხო და თქვა, რომ არ იძლევა იმის გარანტიას, ყველაფერი სუფთა და სამართლიანი იქნება.
„ვფიქრობ, ჩემი რჩევა უფრო ამომრჩევლებისთვის იქნებოდა განკუთვნილი: გამოდით და მიიღეთ მონაწილეობა არჩევნებში. უზრუნველყავით, რომ თქვენი ხმა იყოს გაგონილი და თქვენი არჩევანი - დათვლილი. აშშ-ის საელჩო მხარს დაუჭერს ამომრჩევლის განათლების კამპანიას, რომელიც ადამიანებს დაეხმარება არა მხოლოდ იმის გაგებაში, რატომ არის მათი ხმა მნიშვნელოვანი, არამედ იმაშიც, რომ ამ კონკრეტულ არჩევნებზე, როცა უბნების 90% გადადის ხმის მიცემის ელექტრონულ სისტემაზე, ამომრჩეველმა იცოდეს ეს როგორ მუშაობს. უბნების თანამშრომლებმა უნდა იცოდნენ ეს როგორ მუშაობს. სხვაგვარად გვექნება მეტი დაბნეულობა როგორც ოლქებში, ისე უბნებზე. ვინაიდან, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ვნახეთ, როცა უბნების 10%-ზე იყო ელექტრონული ხმის მიცემა, იყო გარკვეული პრობლემები - მართალია, უფრო ტექნიკური და არა რაიმე სხვა, მაგრამ ამან შეიძლება მთელი პროცესი შეანელოს, როცა მთელი ქვეყანა ელექტრონულად აძლევს ხმას.
აშშ-შიც ვნახეთ, რომ ელექტრონული სისტემა არ იძლევა იმის გარანტიას, რომ ყველაფერი სუფთა და სამართლიანი იქნება. მისით მანიპულაციაც შესაძლებელია, თუკი ადამიანები არ არიან გაწვრთნილები ამ სისტემის გამოყენებაზე და თუკი ამომრჩევლებს არ ესმით ის როგორ მუშაობს.
ასე რომ, ეს იქნება მნიშვნელოვანი არჩევნები და საგანმანათლებლო კამპანია არა მხოლოდ იმაზე, რატომ არის შენი ხმა მნიშვნელოვანი, არამედ ხმის მიცემის ძალიან ტექნიკურ მხარეზეც“.
ამ განცხადებების გამო ელჩ დეგნანს მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ წევრებმა ბრალდებებით უპასუხეს.
„ამას [ელექტრონული ხმის მიცემის სისტემას] რომ კითხვის ქვეშ დააყენებ 2024-ში, მავნებელი ხართ, თქვენ, ქალბატონო ელჩო. მინდა მოგმართოთ და პირდაპირ გითხრათ, თქვენ თქვენი მისია ვერ გაითავისეთ, ვერ გაითვალისწინეთ, რომ პარტიის წარმომადგენელი კი არ იყავით, არამედ სახელმწიფოსი. ვწუხვარ ძალიან, ქალბატონო ელჩო, მაგრამ თქვენ, როგორც ელჩი, ვერ შედექით და ეს უნდა ითქვას. ვწუხვარ, თქვენ პოლარიზაცია გაზარდეთ ქართულ საზოგადოებაში თქვენი საქმიანობით.
თქვენ იყავით, ალბათ, ერთ-ერთი შემოქმედი, რომ აქ რევოლუციური ტალღა აგორებულიყო და 3-4-ჯერ ჩვენ ეს ჩავახშეთ, რადგან საქართველოს და მისი მოსახლეობის ინტერესებში არასდროს შედიოდა არეულობა და „მეორე ფრონტის“ გახსნა“, - აღნიშნა პარლამენტის წევრმა ირაკლი ზარქუამ.
„ქალბატონი კელი დეგნანის განცხადება თავიდან ბოლომდე პოლიტიკითაა გაჟღენთილი. მოწოდებაა, რომელსაც, როგორც წესი, პოლიტიკური პარტია აკეთებს ხოლმე - „გამოდით არჩევნებზე, დაიცავით თქვენი ხმა!“ ანუ ვიღაც ვიღაცას ართმევს ხმას და წელიწადნახევრით ადრე მოუწოდებს, დაიცავით თქვენი ხმაო. ეს უკვე არის ბიძგი, მითითება, რომ საარჩევნო პროცესი რევოლუციური სცენარით უნდა წარიმართოს.
გვეუბნებიან, რომ არჩევნები ყალბდება არჩევნებამდეც, მაგრამ ფაქტები ვერ მოჰყავთ. 2020 წელს ვუყურეთ, როგორ ხდებოდა ცალყბად არჩევნების აღიარება და მეორე მხრივ, კრიზისის ხელის შეწყობა, მაგრამ ვერც ერთი დოკუმენტი, ჩვენება ვერ იქნა მოტანილი, რომ არჩევნები გაყალბდა. ახლა, როცა მართლაც რევოლუციური საარჩევნო კოდექსი მივიღეთ, რაზეც ყველა მიუთითებდა. ხომ გვახსოვს - ყველა მიუთითებდა, რომ თუ ელექტრონული ხმის დათვლის სისტემა იქნებოდა, მაშინ არჩევნების გაყალბების და შედეგის მყისიერი გამოცხადების პრობლემა არ იქნებოდა. ეს სისტემა მიღებულია, მაგრამ ჩვენ უკვე დავინახეთ, რომ ამ სისტემაზე ორკესტრირებული შეტევა დაიწყო. გააკეთა განცხადება ელჩმა, მერე ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ მოაყოლა, ახლა სხვები მოაყოლებენ და დაიწყება ხალხში იმ აზრის მუსირება, რომ ელექტრონული სისტემით ჩატარებული არჩევნებიც კი გაყალბებულია,“ - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის თქმით, „როცა სტრატეგიული პარტნიორი ამბობს, რომ გამყალბებელი ხარ და საშიშია ხელისუფლების მიერ ჩატარებული არჩევნები, ეს არის განაჩენი რუსული პარტიისთვის - შესაბამისად, ქართველმა ხალხმა ეს განაჩენი უნდა აღასრულოს“.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წელს უნდა ჩატარდეს.