შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, რომ გაუქმებულია მინისტრის 2015 წლის ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქცია, რომელიც აქციის დაშლის დროს წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის პარალელურად გამოყენებას კრძალავდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 4 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 5 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
- 6 აქციაზე ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი დაშავდა
დარახველიძემ პროსამთავრობო ტელევიზიის, „რუსთავი 2“-ის ეთერში განმარტა, რომ ვახტანგ გომელაურის 2021 წლის 11 ივლისის ბრძანება პოლიციელებს ახალ ინსტრუქციას აძლევს, რაც საერთაშორისო სტანდარტებთან „აბსოლუტურ შესაბამისობაშია“.
„მას შემდეგ, რაც ჩვენ ვნახეთ, რომ ეს არცერთი საერთაშორისო აქტით არ იკრძალება და მეტიც, არაერთი ევროპული ქვეყანა აქტიურად იყენებს მსგავს საშუალებებს და მათ შორის, ხდება შერევა, 2021 წლის 11 ივლისს დამტკიცდა ახალი ინსტრუქცია ჩვენი პოლიციელებისთვის, სადაც მსგავს ჩანაწერს ვერავინ ვერ ნახავს. ეს გამყარებულია რამდენიმე საერთაშორისო სახელმძღვანელოთი - ეს არის „ამნესტი ინთერნეშენალის“ (Amnesty International) სახელმძღვანელო დოკუმენტი და ეუთო-ოდირის შესაბამისი შესაბამისი სახელმძღვანელო დოკუმენტები, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ შეიძლება გამოყენებული იქნას წყლის ჭავლი და გაზი ერთობლივად და მისი მთავარი მიზანია, რომ აქციის მოძალადე მონაწილეებმა დატოვონ ადგილი და მათ უნდა ჰქონდეთ საშუალება, უსაფრთხოდ დატოვონ აქცია-მანიფესტაციის ადგილი. ამას აქტიურად იყენებს რამდენიმე ევროპული ქვეყანა, მათ შორის გერმანია, საფრანგეთი.
არცერთი სამართლებრივი აქტი არ კრძალავს წყლის ჭავლის და ცრემლსადენი გაზის ერთობლივად გამოყენებას. უბრალოდ, არის წესები, რომ უნდა იყოს წინასწარი გაფრთხილება, რასაც ჩვენ ვითვალისწინებდით, ასევე არ უნდა მოხდეს ადამიანების ალყაში მოქცევა, ესეც იყო გათვალისწინებული“, - აცხადებს ალექსანდრე დარახველიძე.
შს მინისტრის მოადგილის თქმით, აღნიშნული ბრძანება 2023 წელს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) თავმჯდომარეს, ნონა ქურდოვანიძეს გაუგზავნეს.
„ბრძანება N1002 მივაწოდეთ ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელმაც მოითხოვა და ხუთი ჩამოგითვალეთ აქ. მიზანმიმართულად ხდება საზოგადოების შეცდომაში შეყვანა“, - აღნიშნა დარახველიძემ.
მას შემდეგ, რაც 21 ოქტომბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ აპრილ-მაისში, რუსული კანონის საწინააღმდეგო დემონსტრაციების მონაწილეთა მიმართ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი ერთმანეთის პარალელურად გამოიყენებოდა, საიამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ აღნიშნული ქმედებით შს მინისტრის N1002 ბრძანება დაირღვა.
„ეს ბრძანება საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის ოფიციალურ მაცნეში და საიამ იგი სამინისტროდან სხვადასხვა აქციის მონიტორინგის დროს გამოითხოვა. უცნობია, რაზე დაყრდნობით აცხადებს შსს, რომ აქტიური სპეციალური საშუალებების ერთდროულად გამოყენების ამკრძალავი ნორმა არ არსებობს და თუ ასეა, ეს ნიშნავს იმას, რომ შსს-მ აქციების დაშლის ოპერაციების ინსტრუქცია გააუარესა და აღნიშნული ნორმა შეცვალა“, - აღნიშნავდა უფლებადამცველი ორგანიზაცია.
საია-ს განმარტებით, Amnesty International-ის სახელმძღვანელო დოკუმენტის მიხედვით, წყლის ჭავლში შესაძლოა შერეული იყოს ქიმიური ნივთიერებები და საღებავი, თუმცა დოკუმენტი სწორედ აღნიშნული პრაქტიკის უარყოფით შედეგებზე ამახვილებს ყურადღებას.
„მის მიხედვით, „წყლისა და ქიმიური საშუალებების შერევა შეუძლებელს ხდის გაკონტროლდეს გამაღიზიანებელი საშუალების რაოდენობა და დამატებით, შესაძლოა ჰქონდეს ხანგრძლივი ეფექტი ინდივიდზე“. უფრო მეტიც, „ამნესთი ინთერნეშენალის“ სახელმძღვანელო მითითებები ცალსახად კრძალავს წყლის ჭავლის გამოყენებას ქიმიურ საშუალებებთან ან საღებავთან ერთად.
საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, აღნიშნული სპეციალური საშუალებები შეიძლება გამოყენებული იყოს მხოლოდ პროპორციულად, კანონიერად და მინიმალური ინტენსივობით. წყლის ჭავლიც და ცრემლსადენი გაზიც გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ მაშინ, თუ ეს მკაცრად აუცილებელია შეკრებაში მონაწილე ჯგუფის სამართავად და ძალადობამ ისეთ ხარისხს მიაღწია, როდესაც საფრთხის კონტროლი პირდაპირ ძალადობრივი ინდივიდებისადმი მიმართული ზომების მიღებით შეუძლებელია, თუმცა, აღნიშნული საშუალებები არ უნდა იყოს გამოყენებული ერთდროულად, ან ერთმანეთის პარალელურად“, - აცხადებდა საია.
რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი არაერთხელ გამოიყენა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ.