„რაც განსხვავებულია ამ არჩევნებში, არის ის, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის სამი ათწლეულის განმავლობაში, არასდროს ყოფილა მისი მთავრობა ასე მტრულად განწყობილი დასავლეთის მიმართ, როგორც ეს მთავრობა, რომელმაც ასეთი ანტიდემოკრატიული და უფრო პრორუსული, მოდი ვთქვათ, დასავლეთის მიმართ ნაკლებად მეგობრული მიმართულება აიღო“, - განაცხადა უილიამ კორტნიმ, 1995-97 წლებში საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 4 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 5 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
- 6 სამხედრო გაწვევის უწყება ვებგვერდზე გამოქვეყნდება და ჩაბარებულად ჩაითვლება
ამერიკელი დიპლომატის თქმით, ყოფილ საბჭოთა კავშირის სივრცეში ხშირად ყოფილა შემთხვევები, როდესაც რეფორმატორი მთავრობები, ხელისუფლებაში ძალიან ხანგრძლივად დარჩენის შემდეგ, უკუსვლას აჩვენებენ.
„ეს შევარდნაძესაც დაემართა, სააკაშვილსაც და ახლა „ქართულ ოცნებასაც“. ამიტომ რეალური პრობლემა არის ხელისუფლების მონაცვლეობის ნაკლებობა, რაც ასე მნიშვნელოვანია დემოკრატიისთვის.
არც ისე დიდი ხნის წინ ვფიქრობდით, რომ საქართველო და უკრაინა პარალელურ გზაზე იყვნენ ევროკავშირში გასაწევრიანებლად და დემოკრატიული რეფორმების განსახორციელებლად. უკრაინა ინარჩუნებს ამ დემოკრატიას ომის ზეწოლის მიუხედავად. მეორე მხრივ, საქართველო, ასეთი ზეწოლის გარეშე, სხვა მიმართულებით შეტრიალდა.
ჩვენ, დასავლეთში, დავაკვირდებით არჩევნებს და ვნახავთ, როგორ ჩაივლის. წარსულში ჩვენ არასათანადოდ ვრეაგირებდით გაყალბების შემთხვევებზე. მაგალითად, ბელარუსში, 2020 წელს, მხოლოდ მსუბუქი სანქციები დავაწესეთ, ხოლო აზერბაიჯანსა და უზბეკეთში, სადაც ასევე არ იყო სრულიად თავისუფალი არჩევნები, სანქციები არ დაწესებულა, მაგრამ 2004 წელს, უკრაინაში, „ნარინჯისფერი რევოლუციის“ დროს, როცა იანუკოვიჩი აირჩიეს პირველი ორ ტურის შემდეგ, რომლებიც თავისუფალი და სამართლიანი არ იყო, სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა თქვა, რომ ეს არჩევნები ლეგიტიმურად არ მიგვაჩნდა.
ასე რომ, ვნახავთ, 26 ოქტომბრის არჩევნებზე დასავლეთის რეაქცია უფრო დაემსგავსება ბელარუსის, აზერბაიჯანისა და უზბეკეთის მიმართ რეაქციას, თუ - „ნარინჯისფერ რევოლუციის“. ბევრი რამ დამოკიდებულია თავად ქართველებზე, გაყალბების ხარისხზე, და იმაზე, გავა თუ არა ხალხი ქუჩებში, როგორც ეს მოხდა „ნარინჯისფერი რევოლუციის“ დროს, როდესაც ის უარყვეს. მნიშვნელოვანი იქნება, რას გააკეთებს ევროპა, ვინაიდან ევროპა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩვენ, რადგან ქართველებს ევროპაში ინტეგრაცია სურთ და არა აშშ-ში. ასე რომ, ყველა ამ ფაქტორს დავაკვირდებით“, - განაცხადა უილიამ კორტნიმ.
ყოფილი ელჩი მიიჩნევს, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე დასავლეთის რეაგირება სწრაფი უნდა იყოს:
„მე არ მგონია, დასავლეთში ვინმეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მოლოდინი ჰქონდეს, განსაკუთრებით იმ ადმინისტრაციული ზომების გათვალისწინებით, რაც „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ დაასახელა. მათ ცუდად დაიწყეს. შემდეგ,
ბატონმა ივანიშვილმა განაცხადა, რომ არჩევნების შემდეგ, რომელსაც, როგორც ჩანს, ფიქრობს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობით მოიგებს (რაც, ალბათ, მხოლოდ მასშტაბური გაყალბებით შეიძლება მოხდეს), ოპოზიციის განადგურებას ნებისმიერ ფასად გეგმავს და მან ამას „ქართული ნიურნბერგის პროცესები“ უწოდა ოპოზიციის წინააღმდეგ. ეს საკმაოდ საშიშია. ჩვენ არ გვინახავს, ლუკაშენკო ასე საუბრობდეს“.
უილიამ კორტნის თქმით, დიდი ალბათობით, აშშ, ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი არჩევნებთან დაკავშირებით „საკმაოდ სწრაფად და შეთანხმებულად იმოქმედებენ“.
„ევროპელებმა საკმაოდ ძლიერად გამოთქვეს თავიანთი პოზიციები. ევროკავშირის ელჩმა და აშშ-ის ელჩმა თბილისში თითქმის ერთი და იგივე განაცხადეს. ვფიქრობ, დიდია გაბრაზება, და გარკვეული სინანულიც არის ევროკავშირში იმის გამო, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭა, მიუხედავად მათი მთავრობის დღევანდელი დამოკიდებულებისა“, - აღნიშნა მან.
