დღეიდან უნგრული პასპორტის მფლობელებისთვის აშშ-თან უვიზო მიმოსვლის (ESTA) ვადა ორიდან ერთ წლამდე მცირდება, ხოლო პროგრამით სარგებლობა მხოლოდ ერთჯერადად იქნება შესაძლებელი. ვაშინგტონის განცხადებით, ეს უპრეცედენტო ნაბიჯი 2011-დან 2020 წლამდე გაცემული პასპორტების ირგვლივ არსებული უსაფრთხოების გამოწვევების გამო მიიღეს. Washington Post-ის ცნობით, უცხო ქვეყნის მოქალაქეები თაღლითური გზებით მოპოვებულ უნგრეთის პასპორტებს აშშ-ში შესასვლელად იყენებენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
უნგრეთი ერთ-ერთია 40 ქვეყნიდან, რომელსაც აშშ-სთან უვიზო რეჟიმის პროგრამა აქვს. ამ ქვეყნის მოქალაქეებს, მოგზაურობის ავტორიზაციის ელექტრონული სისტემის (ESTA) გამოყენებით აშშ-ში ტურისტული ან საქმიანი ვიზიტით 90 დღის ვადით უვიზოდ დარჩენა შეუძლიათ. ჩვეულებრივ, ESTA-ს ორწლიანი მოქმედების ვადა აქვს.
2011 წელს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ნატურალიზაციის გამარტივებული პროგრამა აამოქმედა. შედეგად უნგრეთის მოქალაქეობა მილიონზე მეტმა პირმა მიიღო, მათ შორის იყვნენ საზღვარგარეთ, რუმინეთში, სლოვაკეთში და უკრაინაში მცხოვრები ეთნიკური უნგრელები. კრიტიკოსების შეფასებით, ორბანმა ეს ნაბიჯი საარჩევნოდ ამომრჩეველთა მოსაზიდად განახორციელა. უნგრეთში აშშ-ის ელჩის, დევიდ პრესმანის ცნობით, უნგრეთის მთავრობის მიერ გამარტივებული ნატურალიზაციის პროგრამის ფარგლებში ასობით ათასი პასპორტია გაცემული, პირადობის გადამოწმების მკაცრი მექანიზმების გარეშე.
უნგრეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ თეთრი სახლი „ახალი სავიზო შეზღუდვით უნგრელებზე შურისძიებაში“ დაადანაშაულა და უარი განაცხადა საზღვრებს მიღმა ორმაგი მოქალაქეობის მქონე უნგრელების მონაცემების გადაცემაზე. სავიზო შეზღუდვების დაწესებას უნგრეთში აშშ-ის ელჩმა „უსაფრთხოების სერიოზულ პრობლემებთან დაკავშირებით უნგრეთის მთავრობის უმოქმედობაზე საპასუხო გადაწყვეტილება“ უწოდა.
ბოლო წლებში უნგრეთის მთავრობის გადაწყვეტილებები საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკას იწვევს. უნგრეთის პარლამენტს ჯერ კიდევ არ აქვს რატიფიცირებული შვედეთის NATO-ს ალიანსში გაწევრიანების წინადადება. წლის დასაწყისში აშშ-მა სანქციები დაუწესა უნგრეთში დაფუძნებულ ბანკს, რომელიც რუსეთთან იყო დაკავშირებული. დასავლური ქვეყნები შეშფოთებას გამოთქვამენ ქვეყანაში დემოკრატიული სტანდარტების გაუარესების და ლგბტქ+ ადამიანების უფლებების მასიური დარღვევების გამო.