ასზე მეტი არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია ეხმაურება არალეგიტიმურ პარლამენტში ინიცირებულ და უკვე ორი მოსმენით მიღებულ კანონპროექტს, რომელსაც „ქართული ოცნება“ ამერიკაში მოქმედი FARA-ს („უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის“) „ზუსტ თარგმანს“ უწოდებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე მაღაროელების პროტესტზე: რთულია კერძო ბიზნესს ხელფასების გადახდა მოსთხოვო
- 2 პროკურორი ბაჩიაშვილის ქვეყნიდან წასვლაზე: „აუცილებლად დაიწყება გამოძიება“
- 3 ენმ: გენერლები გოგავა და ყურაშვილი რუსულ კომისიაზე პარტიული აფილიაციის გარეშე წარდგებიან
- 4 რატომ შეხვდა აშშ-ის ელჩი „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრს
- 5 მაკრონმა უკრაინაში ცეცხლის ნაწილობრივ შეწყვეტის ერთთვიან გეგმაზე ისაუბრა
- 6 კობახიძე: აქედანვე შემიძლია გითხრათ, რომ თვითმმართველობის არჩევნებს მოვიგებთ
დღევანდელ ბრიფინგზე „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებელმა, ყოფილმა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ წაიკითხა ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ „ივანიშვილის არალეგიტიმური პარლამენტის თითოეული აქტი, რომელიც ხალხის თავისუფლებას ზღუდავს, ანტიქართული და ანტიკონსტიტუციურია“.
„ვერ აღსრულებული რუსული კანონის გამკაცრება, რათა მოქალაქეები სისხლისსამართლებრივი დევნით დააშინონ, ასევე ანტიქართული და ანტიკონსტიტუციურია.
ჩვენ ჯერ კიდევ 2023 წელს ვაცხადებდით, რომ რუსული კანონის მიღების შემდეგ იგი პერიოდულად გამკაცრდებოდა, შეეხებოდა ყველა მოქალაქეს და მნიშვნელოვნად შეზღუდავდა მათ უფლებებს ისევე, როგორც ეს რუსეთსა და სხვა ავტორიტარულ რეჟიმებში მოხდა“, - განაცხადა ლომჯარიამ.
არასამთავრობო ორგანიზაციები ხაზს უსვამენ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედი FARA დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგაზაციებისა და თავისუფალი მედიის საქმიანობას არ უპირისპირდება, „ივანიშვილის არალეგიტიმურ ხელისუფლებას კი სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ მიღებული რუსული კანონის გადაფუთვა სურს“.
„ივანიშვილის რეჟიმი ცდილობს თავისუფლების ნებისმიერი გამოვლინების ჩახშობას. [...] უკვე მესამე წელია, ქართული სამოქალაქო საზოგადოება ივანიშვილს მკაფიოდ ვეუბნებით, რომ რუსული კანონებით ცხოვრებას და საქმიანობას არ ვაპირებთ. რუსული კანონი, მისი არცერთი ფორმით, არასოდეს იქნება საქართველოს არჩევანი“, – აღნიშნა ლომჯარიამ.
„საფარის“ ხელმძღვანელის, ბაია პატარაიას თქმით, აშშ-ში, რომელიც პრეცედენტული სამართლის ქვეყანაა და სადაც კანონების განმარტებაში სასამართლოს როლი დიდია, სასამართლო FARA-ს არ ავრცელებს არასამთავრობო ორგანზიაციებსა და მედიაზე.
„ივანიშვილის „ფარა“, რომელიც იტყუება, რომ არის ამერიკული კანონი, თავის განმარტებით ბარათში ახსენებს სწორედ არასამთავრობო ორგანზიაციებს. ვერ აღასრულა რა პირველი რუსული კანონი, ის ცდილობს, რომ ცხვრის ფორმაში გადაფუთოს მგელი და ისე შემოგვთავაზოს, თითქოს ეს კანონი არის ამერიკული.
ძალიან მალე ყველა გაიგებს, ეს კანონი რეალურად ივანიშვილის „ფარაა“, თუ ამერიკული FARA, რადგან თუ მისი გამოყენება დაიწყო არასამთავრობო ორგანზიციებს წინააღმდეგ, მაშინ ჩვენ გვაქვს უბრალოდ შეფუთული რუსული კანონი“, - განაცხადა პატარაიამ.
უჩა ნანუაშვილმა, „დემოკრატიის კვლევის ცენტრის“ დამფუძნებელმა და ყოფილმა სახალხო დამცველმა, თქვა, რომ კანონი, რომელის მიღებასაც „ქართული ოცნება“ აპირებს, „პირდაპირ ეწინააღმდეგება“ ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას.
„2023 წელს „ქართულმა ოცნებამ“ პირველად სცადა, მიეღო რუსული კანონი, მაგრამ წააწყდა ქართველი ხალხის წინააღმდეგობას. 2024 წელს მიიღეს კანონი, თუმცა, როგორც ვხედავთ, იმის გამო, რომ იყო სერიოზული წინააღმდეგობა, კანონის იმპლემენტაცია დღემდე ვერ მომხდარა. სწორედ ეს წერია წარმოდგენილი „ფარას“ განმარტებით ბარათშიც, რომ მათ ვერ მოახერხეს აღნიშნული კანონის ცხოვრებაში გატარაება, იმიტომ, რომ ეს პრაქტიკულად ნიშნავდა ქართველი ხალხის სასიცოცხლო ინტერესების განადგურებას.
წელს, უკვე მესამედ, „ქართული ოცნება“ ცდილობს, მიიღოს სხვა ფორმით რუსული კანონი.
რატომ არის ეს კანონი რუსული - იმიტომ, რომ მისი მთავარი დანიშნულება საქართველოს ტერიტორიაზე რუსული ინტერესების განხორციელებაა.
[...] ეს კანონი არის ანტიკონსტიტუციური, ანტიხალხური, ანტიქართული და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს კანონი მესამედაც ვერ აღსრულდეს“, - განაცხადა
არალეგიტიმურმა პარლამენტმა „FARA-ს ზუსტ თარგმანს“ მეორე მოსმენით მხარი 18 მარტს დაუჭირა. კანონპროექტის საბოლოოდ დამტკიცებამდე ერთი მოსმენაა დარჩენილი.
„ქართული ოცნების“ პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, კანონის მიღების მიზანია „გამჭვირვალე გახდეს უცხო ძალისგან ჩარიცხული ნებისმიერი თანხა, დაფინანსება და განხორციელებული საქმიანობა“. კანონით განსაზღვრული მოთხოვნების შეუსრულებლობა დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 5 წლამდე.
