ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის ოპერირებისთვის აზერბაიჯანის და საქართველოს მთავრობები ერთობლივ კომპანიას აფუძნებენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 უნდა შევძლოთ გადარჩენა და ევროპული მომავლისთვის მუშაობა - ამაღლობელი ციხიდან
- 2 მზია ამაღლობელმა კობახიძეს, მდინარაძეს და სუბარს ცილისწამებისთვის უჩივლა
- 3 ირაკლი ოქრუაშვილი დააპატიმრეს წულუკიანის კომისიის სხდომაზე არმისვლის გამო
- 4 ბათუმის და ქობულეთის მერები ფეისბუკპოსტებით გადადგნენ
- 5 რუსთავში დააკავეს „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობისთვის ბრალდებული უცხოელი
- 6 გლდანის ციხიდან კლინიკაში მძიმე დაზიანებებით გადაყვანილი პატიმარი გარდაიცვალა
აზერბაიჯანის რკინიგზის ხელმძღვანელმა, როვშან რუსტამოვმა განაცხადა, რომ ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებულია, მომზადებულია სამართლებრივი დოკუმენტაცია და უახლოეს მომავალში მოსალოდნელია ერთობლივი კომპანიის შექმნა. კომპანიაში მხარეების აქციების 50-50 პროცენტი ექნებათ.
„ერთობლივი კომპანიის ძირითადი ფუნქციებია პროექტთან დაკავშირებული სამუშაოების განხორციელება, ტვირთის გადაზიდვის ტარიფების დაწესება, ტვირთის გადაზიდვა და ზოგადად საოპერაციო საკითხების გადაწყვეტა“, - დასძინა რუსტამოვმა.
როგორც აზერბაიჯანის რიკინიგზის ხელმძღვანელი ამბობს, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის სრული მოდერნიზებისა და გამტარუნარიანობის 5 მილიონ ტონამდე გაზრდის მიზნით სამუშაოები გასულ წელს დაიწყო თითქმის 95 პროცენტი უკვე დასრულებულია. შესრულებულ სამუშაოებს 2 მარტს, აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის რკინიგზის კომპანიების ხელმძღვანელები გაეცნენ.
„პროექტი 5 ეტაპისგან შედგებოდა, აქედან სამი უკვე დასრულებულია. ამასთან დაკავშირებით ქართულმა მხარემ წარმოადგინა შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები. სამუშაოები სრულდება ახალქალაქის სადგურზეც. დარჩენილი სამუშაოების დასრულება ორ თვეში იგეგმება“, - განაცხადა აზერბაიჯანულ მედიასთან როვშან რუსტამოვმა.
რუსტამოვის თქმით, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, რომელიც შუა დერეფნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია, ფართო შესაძლებლობებს ქმნის ტვირთების გადასაზიდად ჩინეთიდან ევროპაში და უკან: „ერთ-ერთი ყველაზე დიდი სარგებელი, რასაც ეს გზა ჩვენს ქვეყანას მოუტანს, სატრანზიტო ტვირთების მოცულობის გაზრდა იქნება“, - აღნიშნა მან.
აზერბაიჯანმა, საქართველომ და თურქეთმა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობის შესახებ საერთაშორისო შეთანხმება 2007 წელს გააფორმეს, 2008 წელს პროექტის განხორციელება დაიწყო, 2017 წლის 30 ოქტომბერს კი რკინიგზის გახსნის ცერემონია ბაქოში გაიმართა. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის სიგრძე 826 კილომეტრია, საიდანაც 254 საქართველოს ტერიტორიაზე გადის. სარკინიგზო ხაზის საქართველოს მონაკვეთი მოიცავს 22 ხიდს, 13 სადგურს, 24 გზაგამტარს და 4 თოვლდამცავ გალერეას.
აზერბაიჯანული მხარის მონაცემებით, 2017-2022 წლებში ამ სარკინიგზო ხაზით გადაზიდული ტვირთის მოცულობამ 1 347 585 ტონა შეადგინა.
