აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ყარაბაღში, ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში, მაღალი სიზუსტის იარაღის გამოყენებით, მწყობრიდან გამოჰყავთ სომხეთის შეიარაღებული ძალების ფორმირებების საცეცხლე წერტილები და სამხედრო ობიექტები. სტეფანაკერტში საჰაერო განგაშია გამოცხადებული. არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ომბუდსმენის ინფორმაციით, დაიღუპა სულ მცირე 25 ადამიანი, მათ შორის 2 მშვიდობიანი მოქალაქე, არის 100-ზე მეტი დაჭრილი, მათ შორის 3 ბავშვის მდგომარეობა მძიმეა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
„დაიწყო ადგილობრივი ანტიტერორისტული მოქმედებები სამმხრივი განცხადების დებულებების უზრუნველსაყოფად, ყარაბაღის ეკონომიკურ რეგიონში ფართომასშტაბიანი პროვოკაციების აღსაკვეთად, სომხეთის შეიარაღებული ძალების ფორმირებების ჩვენი ტერიტორიებიდან განიარაღებისა და გაყვანის, მათი სამხედრო ინფრასტრუქტურის განეიტრალების მიზნით, ასევე, ოკუპაციისგან გათავისუფლებულ ტერიტორიებზე დაბრუნებული მშვიდობიანი მოსახლეობის მშვიდობის, სამშენებლო-სარესტავრაციო სამუშაოებში ჩართული მშვიდობიანი მოსახლეობის და ჩვენი სამხედრო პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და აზერბაიჯანის რესპუბლიკის კონსტიტუციური წესრიგის აღსადგენად“, - ნათქვამია 19 სექტემბერს, დილით, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ „ანტიტერორისტული ღონისძიების“ შესაჩერებლად, სომხურ შეიარაღებულ ჯგუფებს იარაღის ჩაბარებისკენ მოუწოდა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანმა „სომხების ეთნიკური წმენდისთვის“ სახმელეთო ოპერაცია დაიწყო.
„აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები მთიანი ყარაბაღის თითქმის მთელ ტერიტორიას ბომბავენ. სომხეთს არავისთვის მიუცია მთიან ყარაბაღში ეთნიკური წმენდის განხორციელების მანდატი. ზოგიერთი შიდა და გარე ძალა სომხეთის ომში ჩათრევას ცდილობს. კიდევ ერთხელ ვადასტურებ, სომხეთის შეიარაღებული ძალები არ არიან მთიან ყარაბაღში. მათ ეს არ გამოუვათ. რაც არ უნდა რთული იყოს, განსაკუთრებით ემოციურად, ჩვენ არ უნდა მივცეთ ზოგიერთ ძალას, გარეს თუ შიდას, საშუალება, საფრთხე შეუქმნას სომხეთის სახელმწიფოებრიობას“, - აღნიშნა ფაშინიანმა.
ევროკავშირმა აზერბაიჯანს მოუწოდა, შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები.
საერთაშორისო სამართლის თანახმად, მთიანი ყარაბაღის ტერიტორია, აზერბაიჯანის ნაწილად მიიჩნევა. რეგიონში ძირითადად ეთნიკური სომხები ცხოვრობენ. საბჭოთა ხელისუფლების დროს ყარაბაღის რეგიონი ავტონომიურ ოლქად გადაკეთდა. 1988 წელს, ყარაბაღის მოსახლეობამ მოისურვა, რომ ყარაბაღი საბჭოთა აზერბაიჯანიდან საბჭოთა სომხეთის შემადგენლობაში გადასულიყო. კონფლიქტი 1990-იანი წლების დასაწყისში სრულმასშტაბიან ომში გადაიზარდა. სამხედრო მოქმედებები 1994 წლამდე გაგრძელდა და საბოლოოდ, რეგიონი ადგილობრივი სომხების კონტროლის ქვეშ გადავიდა, რომლებმაც ყარაბაღის ტერიტორიაზე დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. ყარაბაღის რესპუბლიკა არცერთმა ქვეყანამ, მათ შორის, სომხეთმაც არ აღიარა. 2020 წლის შემოდგომაზე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის განახლებული სამხედრო კონფლიქტი, რომელსაც 7000 სამხედრო და 170 სამოქალაქო პირი ემსხვერპლა, რუსეთის შუამავლობით, საომარი მოქმედებების შეწყვეტის შეთანხმებით დასრულდა. ბაქომ დაიბრუნა კონტროლი მთიანი ყარაბაღისა და მისი მიმდებარე ტერიტორიების მნიშვნელოვან ნაწილზე. შეთანხმების მიხედვით, ყარაბაღის რეგიონში სამშვიდობოების სტატუსით რუსი სამხედროები განლაგდნენ.