ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ 31 ივლისს, ნავსადგურში, რუსული საკრუიზო გემის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დაკავებულები სამართალდამრღვევებად ცნო და ჯარიმის გადახდა დააკისრა. ადვოკატები აცხადებდნენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფების ქმედებები კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში ჯდებოდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
2000 ლარით დაჯარიმდა პარტია „დროას“ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გენრი დოლიძე, უკრაინის მოქალაქე მარინა ჩობანიანი და აქტივისტი ხათუნა ბერიძე, რომლებიც პოლიციელებს ძალადობასა და უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებდნენ.
როგორც მოსამართლემ განმარტა, მარინა ჩობანიანის მიმართ, წვრილმანი ხულიგნობისთვის, 15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მხოლოდ იმის გამო არ გამოიყენა, რომ ქალია.
„ქალბატონმა მარინამ პოლიციელებთან ურთიერთობაში ყველა წითელი ზღვარი გადალახა, ლამის პოლიციელებს სცემა, ხელში არსებული ნივთის თავში ჩარტყმას უპირებდა. ის შეაჩერეს იმ დროს, როცა აპირებდა იმ კორიდორში შესვლას, სადაც უნდა გადაადგილებულიყო სატრანსპორტო საშუალება. ამის საშუალება რომ არ მისცა პოლიციამ, ლამის სცემა პოლიციელებს, რაც, ვფიქრობ, ძალიან მძიმე გადაცდომა იყო. სხვათა შორის, ბევრი ვიფიქრე და გოგონა რომ არ ყოფილიყო, მანდილოსანი, შეიძლებოდა ადმინისტრაციული პატიმრობაც შემეფარდებინა“, - თქვა მოსამართლე გოგუაძემ.
2000 ლარით დაჯარიმდა ტელეკომპანია „პირველის“ ყოფილი ჟურნალისტი თორნიკე კვერენჩხილაძეც, რომელიც ამტკიცებდა, რომ პოლიციელებმა მის წინააღმდეგ ცრუ ჩვენება მისცეს. „კადრი მაინც არ გენახათ, რომ პოლიციის უფროსს გაღიმებული ველაპარაკები. მანტიიდან „ქართული ოცნების“ მაისური გიჩანს. არასწორი კაცი ხარ“, - ასე მიმართა მან მოსამართლეს. თორნიკე კვერენჩხილაძე ამბობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.
მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძის გადაწყვეტილებით, 3500 ლარის ოდენობით ჯარიმა შეეფარდა მარტის აქციების დაკავებული მონაწილის, ლაზარე გრიგორიადისის მამას, ბექა გრიგორიადისს.
ბათუმის პორტში 31 ივლისის გამართულ საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის საბაბით სულ 23 პირი დააკავეს, მათ შორის, ორი უკრაინის მოქალაქე იყო. 7 სექტემბრისთვის გადაიდო ერთ-ერთი დაკავებულის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის, ლევან ანთაძის შვილის, ილია ანთაძის საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადება. ერთი პირის მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება მტკიცებულებების არარსებობის გამო შეწყდა.
სოჭის პორტიდან გამოსული საკრუიზო გემი Astoria Grande, რომლითაც რუსეთის მოქალაქეები მოგზაურობდნენ, ბათუმის პორტში 31 ივლისს, შემოვიდა. ერთი კვირის განმავლობაში, ეს გემის მეორე ვიზიტი იყო ქართულ პორტში, რასაც მოქალაქეები საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირის დროშებით, ასევე, წარწერებით „რუსეთი ოკუპანტია“ დახვდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ პორტში საპატრულო და კრიმინალური პოლიციის, ასევე სპეცრაზმის თანამშრომლების მობილიზება მოახდინა, გემამდე მისასვლელები კი რკინის ჯებირებით გადაკეტა. რუსი ტურისტების ნაწილმა ბათუმის დასათვალიერებლად გემიდან ჩამოსვლა პოლიციის დახმარებით შეძლო. საკრუიზო გემმა პორტი დღის ბოლოს, დაგეგმილზე რამდენიმე საათით ადრე დატოვა.
ბათუმში რუსული გემის შემოსვლას პროტესტი 27 ივლისსაც მოჰყვა, რასაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ქაჯობა“ უწოდა.
Astoria Grande-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, აგვისტოსა და მომდევნო თვეებში დაგეგმილი კრუიზი ბათუმში გაჩერებას აღარ ითვალისწინებს. პროგრამაში ცვლილება, სავარაუდოდ, ბათუმში გამართული აქციების შემდეგ შეიტანეს.