საქართველოს სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა ბათუმში დაგეგმილი მშენებლობების განსახორციელებლად დამტკიცებული დროებითი საგამონაკლისო წესი. სახალხო დამცველი კონსტიტუციური სარჩელით ითხოვს, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი „საქართველოს სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურისა და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ შეტანილი ცვლილებები და „მოსალოდნელი გამოუსწორებელი ზიანის“ თავიდან ასარიდებლად, შეჩერდეს სადავო ნორმების მოქმედება სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ავტორობითა და საქართველოს მთავრობის ინიცირებით, სამშენებლო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების პაკეტი საქართველოს პარლამენტში მიმდინარე წლის 15 ივნისს დარეგისტრირდა. 20 ივნისს პარლამენტის ბიურომ მიიღო გადაწყვეტილება პაკეტის დაჩქარებული წესით განხილვასთან დაკავშირებით, 22 ივნისს კანონპროექტი განიხილა წამყვანმა კომიტეტმა, 23 ივნისს კი, საგაზაფხულო სესიის ბოლო კვირას დაამტკიცა პარლამენტმა. ცვლილებების საფუძველზე შესაძლებელი გახდა ბათუმში დაგეგმილ მშენებლობათა ფართო წრეზე არ გავრცელდეს ისეთი სახის სამშენებლო ვალდებულებები, რომლებიც უზრუნველყოფს შენობა-ნაგებობის უსაფრთხოებას, ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოს და შშმ პირთა მისაწვდომობის უფლების რეალიზებას.
სადავო რეგულირებით, 2027 წლამდე ბათუმის განაშენიანების გენერალური გეგმის დამტკიცებამდე, დასაშვები გახდა შენობა-ნაგებობებისთვის დადგენილი უსაფრთხოების ნორმების და ფუნქციური ზონით დადგენილი პირობების დარღვევით, განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტის (კ-2) და შენობა-ნაგებობის მაქსიმალური სიმაღლის ნებისმიერი მოცულობით გადაჭარბება, ასევე, კანონმდებლობით დადგენილი ყველა სხვა სავალდებულო პირობის უგულებელყოფა, გარდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კანონმდებლობით განსაზღვრული რეგულაციებისა.
სახალხო დამცველის განცხადებით, განსაკუთრებით საგანგაშოა შენობა-ნაგებობის სიმტკიცის, მდგრადობის, სახანძრო უსაფრთხოების და ევაკუაციის ნორმების დაუცველად სამშენებლო პროექტების განხორციელების შესაძლებლობა, რაც დიდ რისკს ქმნის ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის და არღვევს კონსტიტუციის მე-10 მუხლით დადგენილ სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას, მიიღოს შესაბამისი ზომები ადამიანის სიცოცხლის დასაცავად.
„სადავო ნორმებით შეჩერებულია მშენებლობების განხორციელებისას შშმ პირებისთვის მისაწვდომობის უზრუნველყოფის პირობაც, რითიც სახელმწიფო არღვევს კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით ნაკისრ ვალდებულებას საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრული, თანასწორი და დამოუკიდებელი მონაწილეობისთვის უზრუნველყოს შშმ პირებისთვის მისაწვდომი გარემო. გასაჩივრებული წესი დასაშვებად მიიჩნევს ბათუმში ისეთი სამშენებლო პროექტების განხორციელებას, რომელსაც შეუძლია ჯანმრთელობისთვის უვნებელ საცხოვრებელ გარემოზე სერიოზული უარყოფითი ზეგავლენა იქონიოს, გამოუსწორებელი შედეგი მოიტანოს სწორი ქალაქგეგმარებისთვის, რეკრეაციული და საჯარო სივრცეების შენარჩუნებისთვის“, - აცხადებს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია.
მისივე თქმით, წლების განმავლობაში აქტიური, ქაოტური და სპონტანური მშენებლობების შედეგად სივრცითი მოწყობის თვალსაზრისით ბათუმში არსებული მძიმე მდგომარეობის შემსუბუქებისათვის აუცილებლია ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება და არა პირიქით, კიდევ უფრო დამძიმება, რაზეც სახალხო დამცველი არაერთი წელია მიუთითებს. ომბუდსმენს მიაჩნია, რომ განაშენიანების გენერალური გეგმის და კოდექსით დადგენილი მოთხოვნების გარეშე მასობრივი მშენებლობების განხორციელებამ, შესაძლოა, გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს გარემოს დაცვის უფლებას.
სახალხო დამცველის საკონსტიტუციო სარჩელს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გამოეხმაურა.
„მთავარი გამოწვევა ბათუმისთვის არის ავარიული სახლები და ამ ავარიულ სახლებში მცხოვრები 3000 ოჯახის მდგომარეობა და სასწაული ამბავი მოვისმინეთ, რომ ის ღონისძიებები, რომლებიც ტარდება ავარიული სახლების პროგრამის ასამოქმედებლად, სადაც ჩვენ, უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ მხარდაჭერა გამოგვიხატა,
სახალხო დამცველმა, ალბათ, სახალხო უნდა მოვაშოროთ და უფრო ნაცებთან შეზრდილი ორგანიზაცია, ნაცების დამცველი სახალხო დამცველია ეგ და რა თქმა უნდა, როგორც ყველა კარგ საქმეზე მიიტანეს იერიში, საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს.
ჩვენ აუცილებლად დავიცავთ საკონსტიტუციო სასამართლოში ამ საკანონმდებლო ცვლილებებს, ქალაქისთვის ამ მართლაც მნიშვნელოვანი პროგრამის დაზიანების დისკრედიტაციის და მით უმეტეს, გაჩერების შესაძლებლობას“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ, 18 აგვისტოს გამართულ აჭარის მთავრობის სხდომაზე.
მისივე ინფორმაციით, ბათუმის მუნიციპალიტეტმა უკვე დაიწყო ოთხი პროექტის განხორციელება და დაახლოებით 200-ზე მეტი ოჯახი მერიის მიერ განხორციელებული პროექტის ფარგლებში შესაბამის საცხოვრისს მიიღებს: „მინდა, ვთხოვო დეველოპერულ სექტორს, რომ მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინონ, მოსახლეობასთან კომუნიკაციაში, მაქსიმალურად მალე მიაღწიონ შეთანხმებას, რომ ჩვენ შევძლოთ ამ პროგრამის კიდევ უფრო დიდი მასშტაბებით ამოქმედება“.
აჭარის მთავრობა ამბობს, რომ 2025 წლის ჩათვლით, 3 000-ზე მეტი ოჯახის პრობლემას გადაჭრის. თორნიკე რიჟვაძემ, 2021 წლის ოქტომბერში განაცხადა, რომ ოთხწლიანი პროგრამა „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“, რომელიც სახლების დემონტაჟს, რეაბილიტაციას, გამაგრებასა და მშენებლობას ითვალისწინებს, ავტონომიური და მუნიციპალური ბიუჯეტებიდან დაფინანსდება. 2022 წლის 29 მარტს, საქართველოს მთავრობამ მიზნობრივი პროგრამა დაამტკიცა. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პროგრამის ფარგლებში სრულად ჩანაცვლდება 300-მდე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი ახალი, თანამედროვე საცხოვრისით და 3000-ზე მეტი ოჯახი ცხოვრებას უსაფრთხო გარემოში გააგრძელებს. ამისათვის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ყველა დეველოპერს, მშენებელ კომპანიას პროგრამის განხორციელებისთვის 150 მილიონი ლარის მოცულობის საბანკო თავდებობას შესთავაზებს.