ბათუმში, „ოცნების ქალაქში“ 2 ბავშვი წყლით სავსე თხრილში ჩავარდა და დაიღუპა

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ბათუმში, „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე ორი მცირეწლოვანი ბავშვი წყლით სავსე თხრილში ჩავარდა და დაიღუპა. შემთხვევა დღეს, 15 თებერვალს მოხდა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

გამოცემა „ბათუმელების“ ინფორმაციით, პირველადი ცნობებით, ბავშვები ორმოში ჩავარდნენ იმ ტერიტორიაზე, სადაც სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. დაღუპული არიან 4 და 5 წლის ბავშვები.

„უბედური შემთხვევა მოხდა ქალაქ ბათუმში, ფრ. ხალვაშის გამზირის #188-ის მიმდებარედ. წყლით სავსე თხრილში ორი არასრულწლოვანი ჩავარდა, საუბედუროდ, მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა“, - ნათქვამია ბათუმის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შემთხვევის ადგილზე შეკრებილი მოქალაქეები მშენებლობის შეჩერებას ითხოვენ და მომხდარზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ.

ერთი კვირის წინ, 8 თებერვალს, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძე და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ „ოცნების ქალაქის“ მშენებლობის მეორე ეტაპის დაწყება გამოაცხადეს. მათ მონაწილეობა მიიღეს საფუძვლის ჩაყრასთან დაკავშირებით სიმბოლური კაფსულის ჩაგდების ღონისძიებაში, რაც ბიუჯეტს 209 165 ლარი დაუჯდა.

15 თებერვალს, ტრაგედიის ადგილზე მისული აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე ირწმუნებოდა, რომ ტერიტორია, სადაც ბავშვები დაიღუპნენ, სამშენებლო ტერიტორია არ არის.

ჯაბა ფუტკარაძემ სპეკულაციაში დაადანაშაულა მედიის წარმომადგენლები, რომლებიც სამშენებლო უსაფრთხოების ნორმების დარღვევის შესახებ შეკითხვებს სვამდნენ.

„ძალიან მნიშვენელოვანია, რომ ეს არ არის მეორე ეტაპის სამშენებლო არეალი. ეს არის მოშორებით, სადაც უშუალოდ მეორე ეტაპის სამშენებლო სამუშაოები უნდა განხორციელდეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სხვადასხვა ტიპის სპეკულაცია ამ საკითხთან დაკავშირებით დასრულდეს იმიტომ, რომ, მოგეხსენებათ, საკმაოდ ისეთი ფონია, მოსახლეობა და პრინციპში, ყველანი ძალიან განვიცდით“, - განაცხადა ფუტკარაძემ.

მისი თქმით, „ოცნების ქალაქში“ პირველი ეტაპის სამშენებლო სამუშაოების დასრულების და ბინებში ოჯახების შესახლების შემდეგ, ბარაკებისა და შენობა-ნაგებობების დემონტაჟი მოხდა.

მოქალაქის შეკითხვის შემდეგ, რატომ მუშაობდნენ ტრაქტორები და რატომ არ შემოიღობა ტერიტორია მაშინ, როდესაც იქ ორმო იყო, ფუტკარაძემ რამდენჯერმე გაიმეორა, რომ „მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს“.

„მიმდინარეობს წინასამშენებლო მოსამზადებელი სამუშაოები. ვიდრე უშუალოდ სამშენებლო სამუშაოები განხორციელდება, რა თქმა უნდა, იქნება შესაბამისი ღობე ტერიტორიაზე. დასრულდა ტენდერი და ვიწყებთ სამშენებლო სამუშაოებს. ვიდრე სამშენებლო სამუშაოებს დაიწყება, მანამდე ხდება მოსამზადებელი სამუშაოები. ტრაგედია მოხდა და მნიშვნელოვანია ყველამ მშვიდობა შევინარჩუნოთ“, - განაცხადა მან.

„ოცნების ქალაქის“ ტერიტორია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ეკუთვნის.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

ბათუმის გარეუბანში, ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე, „ოცნების ქალაქი“  2012 წელს გაჩნდა, როდესაც იქ მაღალმთიან აჭარაში საცხოვრებლის პრობლემის მქონე ოჯახები დასახლდნენ. მას შემდეგ ისინი უმძიმეს პირობებში, ბარაკებში ცხოვრობდნენ და ხელისუფლებისგან ღირესული საცხოვრებელი პირობების შექმნას ითხოვდნენ.

„ოცნების ქალაქში“ ბინების მშენებლობის პირველი ეტაპი 2020 წელს დაიწყო და გასულ წელს დასრულდა. სამ 12-სართულიან კორპუსში 582 ოჯახი შეასახლეს.

მეორე ეტაპზე ცხრა მრავალსართულიანი კორპუსის აშენება იგეგმება. პროექტი, რომელიც 2028 წელს უნდა დასრულდეს, 1077 ბინაზეა გათვლილი. სამშენებლო სამუშაოებს კომპანია „ანაგი“ განახორციელებს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.