ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა ბელარუსისა და რუსეთის კავშირის საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია, რომელსაც დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია შეხვდა. ბჟანიას თქმით, „ყოველი ასეთი შეხვედრა გააძლიერებს მეგობრობას რუსეთის, აფხაზეთისა და ბელორუსის ხალხებს შორის“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„მიგვაჩნია, რომ ეკონომიკური განვითარების საკითხები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ბელარუსის პრეზიდენტი ცოტა ხნის წინ იყო ჩამოსული, გარკვეული ნაბიჯები გამოვკვეთეთ და ვიმედოვნებთ, მათი რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება. ჩვენ გვინდა მშვიდობაში ცხოვრება. ჩვენ პატივს ვცემთ ყველას და პატივს ვცემთ საკუთარ თავს“, - თქვა ბჟანიამ.
კიდევ ერთი შეხვედრა რუსეთ-ბელარუსის დელეგაციასა და აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარე ლაშა აშუბას შორის შედგა, რომელსაც ე.წ. დეპუტატებიც ესწრებოდნენ. როგორც აშუბამ თქვა, ოპტიმისტურად არიან განწყობილი „ძალიან ახლოს მყოფ სახელმწიფოსთან სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების განვითარებისადმი“.
„ბელარუსისა და რუსეთის კავშირის საპარლამენტო ასამბლეასთან გვაქვს ურთიერთობა, რომელსაც 2023 წლის ოქტომბერში 15 წელი შეუსრულდება. 2008 წლის 16-17 ოქტომბერს მოსკოვში გამართული საპარლამენტო ასამბლეის 34-ე სესიის სხდომაზე, ჩვენი და სამხრეთ ოსეთის პარლამენტის მიმართვების პასუხად, გადაწყდა ჩვენი რესპუბლიკების პარლამენტებისთვის ასამბლეაზე მუდმივი დამკვირვებლების სტატუსის მინიჭება. ყოველთვის მადლობელი ვიქნებით ამ მხარდაჭერისთვის. ჩვენთვის ეს ბევრს ნიშნავს!“ - განაცხადა აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარემ.
28 სექტემბერს ოკუპირებულ აფხაზეთში ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო იმყოფებოდა, სოჭში, რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან გამართული შეხვედრის შემდეგ. ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკზე, რომლის გადაცემასაც რუსეთი ითხოვს, ლუკაშენკოს დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ და საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ უმასპინძლეს. ბელარუსის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ერთი დღით ადრე, აფხაზეთის პრობლემებს რუსეთის პრეზიდენტთან და „უფროს ძმასთან“, ვლადიმერ პუტინთან ერთად განიხილავდა, რა დროსაც მივიდნენ დასკვნამდე, რომ „აფხაზეთი არსებობს, რუკიდან ვერ წაიშლება, ამის გაკეთებას ვერანაირი სანქციები ვერ შეძლებს“.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, პროტესტის ნიშნად, საქართველოში ბელარუსის ელჩი ანატოლი ლისი დაიბარა და განმარტებები მოსთხოვა. რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ლუკაშენკოს ვიზიტი დაგმეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მთავრობის სხვა წევრებმა და პრეზიდენტმა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ეს ნაბიჯი არღვევს საქართველოს კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ და წინააღმდეგობაში მოდის როგორც საერთაშორისო სამართალთან, ასევე, ქვეყნებს შორის ორმხრივ ურთიერთობებთან.
ალექსანდრე ლუკაშენკო, რომელიც ბელარუსს 1994 წლიდან მართავს, ოკუპირებულ აფხაზეთში წელს პირველად ჩავიდა. 2022 წლის თებერვლის დასაწყისში მან განაცხადა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობას აღიარებს, თუ ვლადიმერ პუტინი ეტყვის, რომ ამის აუცილებლობა არსებობს.
2022 წლის აგვისტოს ბოლოს ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ დე ფაქტო აფხაზეთი მზად არის, რუსეთ-ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოს წევრი გახდეს. 1999 წელს შექმნილი სამოკავშირეო სახელმწიფოს პარლამენტის ფუნქციებს ბელორუსისა და რუსეთის კავშირის საპარლამენტო ასამბლეა ასრულებს.