სახელმწიფომ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭორვილაში 125 248 კვ.მ ტყის ფართობი 49 წლის ვადით, სარგებლობის უფლებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მეუღლის, ეკატერინა ხვედელიძის კუთვნილ კომპანიას გადასცა. ტყით სარგებლობის სანაცვლოდ შპს „აგრო ქართუმ“ სახელმწიფოს ყოლველწლიურად 32 877 ლარი უნდა გადაუხადოს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„აგრო ქართუმ“ (ს/კ 205203983) ეროვნულ სატყეო სააგენტოს ტყითსარგებლობის უფლების მოპოვებისთვის 2021 წლის 25 ნოემბერს მიმართა. მიმდინარე წლის 14 სექტემბერს სახელმწიფო ტყის ფონდში შემავალი არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების სამი ნაკვეთის იჯარით გადაცემაზე აუქციონი გამოცხადდა, რომელიც 23 სექტემბერს ეკატერინა ხვედელიძის კომპანიის გამარჯვებით დასრულდა.
აუქციონის პირობების თანახმად, „აგრო ქართუმ“ ტყის ფართობი უნდა გამოიყენოს ცხოველთა თავშესაფრისა და სანაშენეს მოსაწყობად, რაც გულისხმობს მწყრის, კაკბის და ხოხბის თავისუფალი შენახვის აგროკომპლექსის მოწყობას, ხის ვოლიერების განთავსებას, ბადით გადახურვას (ნაწილობრივ) და ტერიტორიის შემოღობვას.
„აგრო ქართუსთვის“ ტყის გადაცემის შესახებ ინფორმაცია და ტყეში მოწყობილი კომპლექსის ამსახველი კადრები ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემაში „ნოდარ მელაძის შაბათი“ გავიდა. კადრებში, რომელიც ტელეკომპანიის ცნობით 27 ოქტომბერს არის გადაღებული, შავი ფერის ბადით გადახურული და შემოღობილი ტყის ნაწილი ჩანს. ბადეები რკინის კონსტრუქციებზეა დამაგრებული. კადრებში ასევე ჩანს თეთრი ფერის შენობა-ნაგებობები.
შპს „აგრო ქართუმ“ სოფელ ჭორვილაში დახურული მწყრის, კაკბის, ხოხბის თავისუფალი (ველურის იდენტური) შენახვის მეფრინველეობის აგროკომპლექსის პროექტირება 2021 წლის 17 ნოემბერს კომპანია „ინოსისტემსს“ დაუკვეთა. კომპანიას აგროკომპლექსის პროექტის და უკვე აშენებული შენობების ფოტოები საკუთარ ვებ-გვერდზე აქვს გამოქვეყნებული.
„ეს არის კაპრონის ბადეები, სპეციალური მასალაა, რომელიც ეკოლოგიურად სუფთაა - დამუშავებულია სპეციალური მეთოდით და საფრთხეს ვერ შეუქმნის ვერასდროს ვერც ტყეს და ვერც ფრინველს“, - განაცხადა „ინოსისტემსის“ გენერალურმა დირექტორმა, დავით ჩხენკელმა „ტვ პირველს“.
როგორც ჩხენკელმა აღნიშნა, ტყე არც ბადეების დასამაგრებელი ძელების დამონტაჟებით დაზიანებულა: „არც ტექნიკა შესულა ტყეში და არც არაფერი“.
ეროვნული სატყეო სააგენტოს განცხადებით, ცხოველთა თავშესაფრისა და სანაშენის მოწყობა ტყით სპეციალური სარგებლობის (იჯარა) სახეა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ტყეში შეიძლება განხორციელდეს. სააგენტო აღნიშნავს, რომ ეს მხოლოდ ქართული პრაქტიკა არ არის და „ევროპის რიგი ქვეყნები სწორედ აღნიშნული მოდელით ახორციელებენ ტყითსარგებლობის უფლების გაცემას“.
„ტყითსარგებლობისთვის იჯარები არ გაიცემა მხოლოდ 49-წლიანი ვადით. გაცემულია სარგებლობის 5-წლიანი იჯარები, მაგალითად ფუტკრის სადგომებისთვის და ათწლიანი სათიბ-საძოვრების სარგებლობისთვის.
რაც შეეხება 49-წლიან ტყითსარგებლობას, მნიშვნელოვანია, რომ მას საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი დატვირთვა აქვს, რაც მორგებულია მოსახლეობაზე და არ ხმარდება მხოლოდ ერთი სუბიექტის ინტერესებს.
ასევე, მოიჯარე ვალდებულია უზრუნველყოს ტყის მოვლა-პატრონობა და დაცვა, საქმიანობით ხელი არ შეუშალოს სატყეო სააგენტოს მიერ ტყის აღდგენის ღონისძიებების განხორციელებას. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულებაზე კონტროლს შესაბამისი რეგიონული სატყეო სამსახური ახორციელებს“, - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ოფიციალური ინფორმაციით, ეროვნულ სატყეო სააგენტოში 2022 წელს, პირველ ნოემბრამდე, ტყით სპეციალური სარგებლობის უფლების გასაცემად 20 აუქციონი გამოცხადდა. სააგენტო აცხადებს, რომ აუქციონებიდან ბიუჯეტში შესულმა თანხამ 166 993.10 ლარი შეადგინა.
2022 წლის 23 მარტს, საქართველოს ხელისუფლებამ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში 104 712 ჰექტარი ტყე, 49 წლით, სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად, შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას“ გადასცა. კომპანია ეკუთვნის ბიზნესმენ დავით ხიდაშელს, რომელიც უმსხვილესი რუსული კორპორაციის „სისტემის“ ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული რუსი ოლიგარქის, ვლადიმერ ევტუშენკოვის პარტნიორი და მეგობარია. ხიდაშელისთვის სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად გადაცემული ტერიტორია რუსეთის ფედერაციას და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონს ესაზღვრება, მოიცავს რაჭისა და ქვემო სვანეთის 81 სოფლის ტერიტორიას.
უფრო ადრე, 2021 წლის ბოლოს, დაბა ბაკურიანში 5630 კვ.მ ტყე 49-წლიანი სარგებლობის უფლებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლემ, ნუნუ თამაზაშვილმა მიიღო. ტყის ეს მონაკვეთი პრემიერის ოჯახის სახლის უკან მდებარეობს. ხელშეკრულების პირობებით, ნუნუ თამაზაშვილმა სარგებლობაში მიღებულ ტერიტორიაზე ტურისტული, სარეკრეაციო სივრცე უნდა მოაწყოს და სახელმწიფოს წელიწადში 6000 ლარი გადაუხადოს.