ჩემი დაჟინებული თხოვნაა, პარლამენტი დავტოვო - ვლადიმერ ჩაჩიბაია

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

„ქართული ოცნების“ დეპუტატი ვლადიმერ ჩაჩიბაია, რომელმაც „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ რუსულ კანონს მხარი არ დაუჭირა, აცხადებს, რომ პარლამენტის წევრის მანდატის დატოვება აქვს გადაწყვეტილი.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ჩაჩიბაიას თქმით, მის მიერ კანონისთვის ხმის არ მიცემაც არ აძლევს იმის უფლებას და საშუალებას, რომ პარლამენტში დარჩეს.

„ვფიქრობ, საპარლამენტო ცხოვრებისთვის არ აღმოვჩნდი მზად. იცით, რომ 30 წელი ჯარში ვიყავი. ჩემი პირადი სურვილია, გამოვიდე პარლამენტიდან და ვნახოთ, მაგრამ ამავდროულად მე ვრჩები ჩვენი პარტიის ერთგულ წევრად. ჩემი პირადი სურვილია, დავტოვო მანდატი, რადგან ვფიქრობ, რომ, ალბათ, საჯარო ან ნებისმიერ სხვა სამსახურში, უფრო მეტად მოვახდენ ჩემი თავის რეალიზებას, ვიდრე საპარლამენტო ცხოვრებაში. ვფიქრობ, ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩემი მხრიდან იქნა მიღებული, ესეც არ მაძლევს იმის უფლებას და საშუალებას, დავრჩე პარლამენტში. ესეც არის ჩემი გარკვეული შინაგანი გამოძახილი, ხმის არ მიცემას ვგულისხმობ“, - განაცხადა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ ტელეკომპანია „ფორმულასთან“ ინტერვიუში.

მისივე თქმით, მანდატის დატოვების შესახებ „ქართულ ოცნებასთან“ კომუნიკაცია ჰქონდა და მისი დაჟინებული თხოვნაა, ეს საკითხი დადებითად გადაწყდეს: „ეს ჩემი საბოლოო პოზიციაა. თუ არის რაღაც მაღალი პარტიული ინტერესი, ეს კიდევ სხვა საკითხია, მაგრამ ჩემი დაჟინებული თხოვნაა, რომ პარლამენტი დავტოვო“, - აღნიშნა მან.

ვლადიმერ ჩაჩიბაია დეპუტატი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, „ქართული ოცნების“ პარტიული სიით გახდა. პარლამენტში ის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას იკავებს. დეპუტატობამდე, 2018-2020 წლებში, ჩაჩიბაია საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური იყო, 2016-2018 კი - გენერალური შტაბის უფროსი.

„ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ 78 დეპუტატის მხარდაჭერით, პირველი მოსმენით 7 მარტს, პლენარულ სხდომაზე მიიღო. ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და დავით სერგეენკომ სხდომაზე რეგისტრაცია გაიარეს, თუმცა კანონპროექტს ხმა არ მისცეს. სხდომას ესწრებოდა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ხელაშვილიც, მაგრამ მან რეგისტრაციაც არ გაიარა.

კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას რუსთაველის გამზირზე მრავალათასიანი საპროტესტო აქციები მოჰყვა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მშვიდობიანი დემონსტრანტები ცრემლსადენი გაზით, წყლის ჭავლითა და სხვა საშუალებების გამოყენებით დაარბია. აქციის დაშლისას მიღებული დაზიანების შედეგად ერთ-ერთმა მომიტინგემ ცალ თვალში მხედველობა დაკარგა.

ჯანდაცვის სამინისტრო ამ დრომდე არ აქვეყნებს ინფორმაციას, რამდენი დემონსტრანტი დაშავდა. პოლიციამ 133 მოქალაქე ადმინისტრაციული, ერთი კი სისხლის სამართლის წესით დააკავა. შსს აცხადებს, რომ ძალადობრივ ფაქტებზე გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა და 187-ე მუხლებით აგრძელებს, რაც პოლიციელებზე თავდასხმას და სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს. მოქალაქეების პროტესტის შედეგად, „ქართული ოცნება“ იძულებული გახდა, რუსულ კანონზე უარი ეთქვა და 10 მარტს, მეორე მოსმენაზე ჩააგდო, ხოლო მეორე კანონპროექტი პარლამენტიდან გაიწვია.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).