„აშკარაა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მის მიერ შექმნილი ბიურო, კორუფციასთან ბრძოლის ნაცვლად, სამოქალაქო საზოგადოებაზე შეტევის მექანიზმად აქცია. ანტიკორუფციული ბიურო პრემიერ-მინისტრის სადამსჯელო აპარატად მოგვევლინა ქართული არასამთავრობო სექტორის წინააღმდეგ. ხელისუფლებამ რუსული კანონის აღსრულება სწორედ ამ ბიუროს გამოყენებით დაიწყო“, - ნათქვამია კოალიცია „ჩემი ხმის“ განცხადებაში, რომლითაც 30-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია ანტიკორუფციული ბიუროს დღევანდელ გადაწყვეტილებას ეხმიანება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
კოალიცია მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება, რომელიც „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს“ და მის დირექტორს, ეკა გიგაურს განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტად აცხადებს, სცდება კონსტიტუციისა და კანონმდებლობის ჩარჩოებს და სადამკვირვებლო მისიების საქმიანობისადმი ხელისუფლების შიშზე მეტყველებს.
„ბიუროს გადაწყვეტილება პოლიტიკურ აქტორად აცხადებს ყველას, ვინც საზოგადოებრივ პრობლემებსა და მოქალაქეების საჭიროებებზე საუბრობს. ამ გადაწყვეტილებით, ბიურომ საკუთარ თავს მიანიჭა უფლებამოსილება, დაუწესოს ცენზურა და დაიწყოს ფინანსური მონიტორინგი ნებისმიერ პირზე, ვინც ხმამაღლა იტყვის, რომ ჩვენი გზა მხოლოდ ევროკავშირისკენ მიდის.
ნებისმიერ საქმიანობას, რომელსაც კონსტიტუციური მიზანი აქვს, ბიურო პოლიტიკურ აქტივობად მიიჩნევს და მათზე თავდასხმას გეგმავს. ბიუროს გადაწყვეტილება სადამკვირვებლო მისიების საქმიანობისადმი ხელისუფლების შიშზე მეტყველებს“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
კოალიცია „ჩემი ხმა“, რომელიც 30-ზე მეტ ორგანიზაციას აერთიანებს, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის „უპრეცედენტოდ მასშტაბური“ სადამკვირვებლო მისიის ორგანიზებას გეგმავს. ეს მოიცავს წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩეველთა ინფორმირების კამპანიას, წინასაარჩევნო პერიოდისა და არჩევნების დღის დაკვირვებას, ამომრჩეველთა ხმების დაცვას, საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებთან საარჩევნო საკითხებზე თანამშრომლობასა და მათ ინფორმირებას. აღნიშნული კოალიციის წევრია „საერთაშორისო გამჭვივალობა - საქართველოც“.
24 სექტემბერს, ანტიკორუფცულმა ბიურომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ და მისი ხელმძღვანელი ეკა გიგაური „განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად“ ცნო.
ბიუროს უფროსის, რაჟდენ კუპრაშვილის განმარტებით „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ და ეკა გიგაური, როგორც უშუალოდ ასევე კამპანია „ჩემი ხმა ევროკავშირის“ ფარგლებში, აქტიურად არიან ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში, რომელიც მიზნად ისახავს, როგორც კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერის, ასევე კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერისგან თავის შეკავების მოწოდებებს.
კუპრაშვილის მიერ ხელმოწერილი გადაწყვეტილების მიხედვით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ და ეკა გიგაური „საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად“ მიიჩნიეს იმის გამო, რომ ისინი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს მოიხსენიებენ როგორც ერთგვარ რეფერენდუმს (რუსეთსა და EU-ს შორის), რაც ემთხვევა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მიერ გაკეთებულ განცხადებებს.
ანტიკორუფციული სააგენტო ციტირებს ეკა გიგაურის მიერ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გაკეთებულ განცხადებას: „ქართველებისთვის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ფაქტობრივად რეფერენდუმია! მკაფიო არჩევანი დემოკრატიულ, წარმატებულ ევროპულ მომავალსა და ჭაობში ჩარჩენილ რუსეთის სატელიტად გახდომას შორის“. ამასთან, გადაწყვეტილებაში არ არის მოყვანილი გიგაურის ან მისი ორგანიზაციის რომელიმე განცხადება, რომლითაც ისინი ამომრჩეველს რომელიმე კონკრეტული პარტიის მხარდაჭერისკენ, ან მხარდაჭერისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებენ.
გადაწყვეტილებაში ვკითხულობთ, რომ კამპანია „ჩემი ხმა ევროკავშრის“ გამოყენებულია „განცხადებული პოლიტიკური მიზნების მიღწევის საშუალებად/პლატფორმად“.
„კამპანიების მიზნების მისაღწევად გამოყენებულია შესაბამისი ფინანსური და მატერიალური რესურსები, მათ შორის შექმნილია ვებ-გვერდი, სპეციალური აპლიკაცია, ჩატარდა არაერთი შეხვედრა და ღონისძიება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მომზადდა და გავრცელდა არაერთი ვიდეორგოლი, რომლის შინაარსიდანაც იკვეთება არჩევნების გზით ცვლილებებისკენ მოწოდება, რასაც აქვს პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერისგან თავის შეკავების მიზანი“, - აღნიშნულია გადაწყვეტილებაში.
ანტიკორუფციულმა ბიურომ „განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად“ ცნო სამოქალაქო მოძრაობა „აირჩიე ევროპა“, მისი დირექტორი ხათუნა ლაგაზიძე და თანადამფუძნებლებიც - სოფიკო ჭყონია, ნიკოლოზ შურღაია, გიორგი რუხაძე, შალვა ძებისაშვილი, გიორგი პაპელიშვილი, ლელა ჯეჯელავა, გიორგი თაქთაქიშვილი და ივანე ჭყონია.
აღნიშნულ ორგანიზაციებსა და პირებს 5-დღიანი ვადა აქვთ ფინანსური ინფორმაციის, მათ შორის, საბანკო ანგარიშების, ანტიკორუცციული ბიუროსთვის წარსადგენად. მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, რაჟდენ კუპრაშვილის თქმით, დამატებით გადაწყვეტილებას მიიღებს და მათ ხარჯებს თავად ანტიკორუფციული ბიურო დაითვლის.