მაღაროელების გაფიცვის მე-11 დღეს, ჭიათურაში მიმდინარე აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, მალხაზ სარალიძემ, პროტესტის ნიშნად, პირი ამოიკერა. გაფიცულები ქალაქში ყოველდღიურად აწყობენ საპროტესტო მსვლელობებს, ათი მაღაროელი კი მეხუთე დღეა შიმშილობს. „ჯორჯიან მანგანეზის“ თანამშრომლების მთავარი მოთხოვნები ხელფასების 40%-ით გაზრდა და სამუშაო გრაფიკის უცვლელად დატოვებაა, რასაც კომპანია არ თანხმდება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
„მედიატორი კი ჩაერთო მედიაციის პროცესში, ორი შეხვედრაც შედგა, მაგრამ მთავარი მოთხოვნები არ სრულდება. ერთმა მაღაროელმა პირი ამოიკერა, ბევრს აქვს კიდევ ეს გადაწყვეტილება მიღებული. ჯერ-ჯერობით ვაჩერებთ, თუმცა უკმაყოფილება იზრდება და არვიცი, როდემდე შევძლებთ მათ შეკავებას. სახელმწიფო უფრო მეტად უნდა ჩაერთოს ამ პროცესში.
თუ ჩვენი ხმა ჭიათურიდან არ ესმით, მაღაროელების ნაწილი თბილისში, პარლამენტის შენობასთან ჩავალთ და იქ დავაყენებთ ამ მოთხოვნებს“, - ამბობს მოშიმშილე მაღაროელი მალხაზ სარალიძე.
გაფიცულ მაღაროელებს გუშინ სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი შეხვდათ. „შესაძლებლობების ფარგლებში ვაკეთებთ ყველაფერს, რომ მხარეებს შორის შეთანხმება მიიღწეს. აქციის მონაწილეები არ არიან რადიკალურად განწყობილნი და მზად არიან წავიდნენ გარკვეულ დათმობებზე, თუმცა, ამავე დროს მეორე მხარესაც მოუწოდებენ მათი მოთხოვნების გათვალისწინებას“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ იოსელიანმა.
„ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ გუშინ გავრცელებული განცხადების თანახმად, კომპანია მაღაროელების მოთხოვნების ყველა პუნქტზე შეჯერდა, ხელფასის მატების და ძველ სამუშაო გრაფიკზე დაბრუნების გარდა.
კომპანიამ თანამშრომლებს შესთავაზა, შეწყვიტონ პროტესტი, განაახლონ მუშაობა და მუშაობის შედეგად რა ეკონომიკური ეფექტიანობაც იქნება მიღწეული, იმის მიხედვით განისაზღვროს მათი ბონუსები და ბენეფიტები.
გაფიცვამდე კომპანიის წარმომადგენლებმა მაღაროელებს უთხრეს, რომ კომპანიას წელს საქონელი ექსპორტზე არ გაუტანია, რადგან საერთაშორისო ბაზარზე საქონელზე მოთხოვნა შემცირებულია და ფასები დაბალია.
„ჯორჯიან მანგანეზმა“ მანგანუმის მადნის მაღაროები წელს, 1-ელი თებერვლიდან ისე გააჩერა, რომ მიზეზი საჯაროდ არ განუმარტავს. 3500-ზე მეტ მაღაროელს კომპანიამ ხელფასის 60 % შეუნარჩუნა. ოთხი თვის შემდეგ, ივნისში კი, როცა მაღაროებს მუშაობა უნდა გაეგრძელებინათ, კომპანიამ დასაქმებულებს შეცვლილი პირობები შესთავაზა.
გაფიცულ მაღაროელებს დღეისათვის 14 მოთხოვნა აქვთ:
- ხელფასის 40%-იანი მატება (არ ეხება მენეჯმენტს);
- 2023 წლის 01 თებერვლამდე არსებული გრაფიკის /გეგმის დაბრუნება;
- ყველა ბანკში სესხის პროცენტის დარიცხვის შეჩერება და გადახდის გადავადება, აქამდე დარიცხულის გასტუმრება;
- დაზღვევის შეცვლა და პირობების გაუმჯობესება;
- მიეცეთ დასაქმებულებს შვებულებით სარგებლობის საშუალება;
- მიეცეთ დასაქმებულებს მუშაობის მალე დაწყების საშუალება;
- მოხდეს ტექნიკის განახლება/გაუმჯობესება/შეცვლა;
- მოხდეს ულუფის გაუმჯობესება (მაგალითად, მოხდეს კონსერვის ამოღება და მისი ჩანაცვლება);
- დასაქმებულებს მიეცეთ სანატორიუმის გამოყენების საშუალება, როგორც ეს ხდებოდა პირველ თებერვლამდე.
- ბიულეტენით სარგებლობის შემთხვევაში ანაზღაურება მოხდეს 100%-ით.
- ანაზღაურდეს ამა წლის 7 ივნისიდან საწარმოში სამუშაო პროცესის აღდგენამდე გაცდენილი დღეები 100%-ით.
- გაკონტროლდეს უსაფრთხოება უმაღლეს დონეზე.
- გაუქმდეს ყველა შ.პ.ს და მოხდეს მათი გაერთიანება კვლავ ერთ კომპანიად.
- კომპანიის მიერ ღია კარიერული მოპოვების წესით ახალი ტერიტორიების ათვისებისას მოხდეს ამ საკითხის შეთანხმება კონკრეტული სოფლის მოსახლეობასთან, ადგილობრივების პოზიცია გათვალისწინებულ იქნას, როგორც ამას ადამიანების უფლებების საერთაშორისო ნორმები და საქართველოს კონსტიტუცია მოითხოვს. კანონის სრული დაცვით მოხდეს მანგანუმის ღია კარიერული წესით მოპოვება, ადამიანის კონსტიტუციური უფლებაა ჯანსაღ გარემოში ცხოვრება. შესაბამისად, გაკონტროლდეს ჰაერის დაბინძურების ხარისხი, გეოლოგიური, ეკოლოგიური რისკ-ფაქტორების გათვალისწინებით და თუ ყველაფერი იქნება ნორმის ფარგლებში, შემდგომ მოხდეს ჰუმუსის ფენის მოხსნა-დასაწყობება, ბიოლოგიური რეკულტივაცია და იმ ხე-მცენარებიის დარგვა გახარება, რაც ადგილობრივი კულტურისთვის არის ავთენტური.
„ჯორჯიან მანგანეზი“ ჭიათურის მუნიციპალიტეტში მანგანუმს 2007 წლიდან მოიპოვებს და ლიცენზიის პირობების თანახმად, მადნის მოპოვებას 2047 წლამდე გააგრძელებს. ლიცენზია ჭიათურასა და საჩხერეში 16 430 ჰექტარზეა გაცემული. საწარმოს მფლობელია ლუქსემბურგის საჰერცოგოში (ოფშორში) რეგისტრირებული „ჯორჯიან ამერიქენ ელოიზი“, რომელსაც უკრაინელი მილიარდერი იგორ კალომოისკი ფლობს, კომპანიის დაახლოებით 4%-ის მესაკუთრე კი „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული ბიზნესმენი, გიორგი კაპანაძეა, მეტსახელად „რიჟა“. ამჟამად კამაპაძეა კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.
2013-2017 წლებში კომპანიას გარემოსთვის მიყენებული ზიანისთვის 416 მილიონი ლარის ჯარიმა დაეკისრა. ეკოლოგიური კატასტროფის თავიდან არიდების საბაბით, 2017 წელს, მთავრობამ სასამართლოს მეშვეობით კალომოისკის კომპანიას საკუთრების უფლება შეუზღუდა და კომპანიაში სპეციალური მმართველი შეიყვანა. „ჯორჯიან მანგანეზში“ ამ დრომდე სახელმწიფო მართვის რეჟიმი მოქმედებს.