ჭიათურაში, „ჯორჯიან მანგანეზის“ თანამშრომლების გაფიცვის მე-13 დღეს, ერთ-ერთმა მაღაროელმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და თვალები ამოიკერა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
„ეს ჩემი პირადი გადაწყვეტილება იყო. მოშიმშილეებს ვისაც ვუთხარი, ლამის ყველა წინააღმდეგი იყო. მინდა, ამით ყველას დავანახო, რომ ერთმანეთის გვერდით ძლიერები ვართ. მე არ მინდა დავინახო „ჯორჯიან მანგანეზი“, არ მინდა დავინახო ეს ხალხი, ვიდრე ჩვენი საქმე არ მოგვარდება. როცა მოგვარდება, ერთად დავინახავთ ყველა“, - განაცხადა აქციის მონაწილემ.
მაღაროელებმა Facebook-ზე გაავრცელეს ფოტოც, სადაც ჩანს, რომ ერთ-ერთ მათგანს ხელზე ვენები აქვს დასერილი.
„მოგმართავთ იმ ადამიანებს, ვისაც გგონიათ, რომ ჩვენი პრობლემები გადაჭერით. ჩამოდით და ნახეთ, რას აკეთებენ ადამიანები, როგორ ამწარებთ. ჩვენ გითხარით - ან ჩვენი სამართალი იზეიმებს, ან უკან არ დავიხევთ. ეს სიტყვები უკან არ მიგვაქვს. ჯერ ხალხმა შიმშილობა დაიწყო, მერე პირი ამოიკერა, როცა თავისი სიმართლე ვერავის გააგონა, ახლა თვალები ამოიკერა, როცა ამ უსამართლობის ყურება არ უნდა. თქვენ კიდევ არ იცით, რაზე ვართ წამსვლელი, როცა ამხელა უსამართლობა ტრიალებს“, - თქვა აქციაზე მაღაროელმა მერაბ სარალიძემ.
„ჯორჯიან მანგანეზში“ დასაქმებული ათი ადამიანი უკვე ერთი კვირაა ჭიათურის მერიის წინ გაშლილ კარავში შიმშილობს. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ 16 ივნისს პროტესტის ნიშნად პირიც ამოიკერა.მაღაროელებს 14 მოთხოვნა აქვთ, რომელთაგან უმთავრესი ხელფასების 40%-ით გაზრდა და სამუშაო გრაფიკის უცვლელად დატოვებაა, რასაც „ჯორჯიან მანგანეზი“ არ თანხმდება. კომპანიამ გაფიცულ თანამშრომლებს შესთავაზა, შეწყვიტონ პროტესტი, განაახლონ მუშაობა და მუშაობის შედეგად რა ეკონომიკური ეფექტიანობაც იქნება მიღწეული, იმის მიხედვით განისაზღვროს მათი ბონუსები და ბენეფიტები.
გაფიცულებმა კომპანიას მათი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ვადა ხვალ დილამდე მისცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი თბილისში აქციების დაწყებას აპირებენ.
მაღაროელების მოთხოვნებია:
- ხელფასის 40%-იანი მატება (არ ეხება მენეჯმენტს);
- 2023 წლის 01 თებერვლამდე არსებული გრაფიკის /გეგმის დაბრუნება;
- ყველა ბანკში სესხის პროცენტის დარიცხვის შეჩერება და გადახდის გადავადება, აქამდე დარიცხულის გასტუმრება;
- დაზღვევის შეცვლა და პირობების გაუმჯობესება;
- მიეცეთ დასაქმებულებს შვებულებით სარგებლობის საშუალება;
- მიეცეთ დასაქმებულებს მუშაობის მალე დაწყების საშუალება;
- მოხდეს ტექნიკის განახლება/გაუმჯობესება/შეცვლა;
- მოხდეს ულუფის გაუმჯობესება (მაგალითად, მოხდეს კონსერვის ამოღება და მისი ჩანაცვლება);
- დასაქმებულებს მიეცეთ სანატორიუმის გამოყენების საშუალება, როგორც ეს ხდებოდა პირველ თებერვლამდე.
- ბიულეტენით სარგებლობის შემთხვევაში ანაზღაურება მოხდეს 100%-ით.
- ანაზღაურდეს ამა წლის 7 ივნისიდან საწარმოში სამუშაო პროცესის აღდგენამდე გაცდენილი დღეები 100%-ით.
- გაკონტროლდეს უსაფრთხოება უმაღლეს დონეზე.
- გაუქმდეს ყველა შ.პ.ს და მოხდეს მათი გაერთიანება კვლავ ერთ კომპანიად.
- კომპანიის მიერ ღია კარიერული მოპოვების წესით ახალი ტერიტორიების ათვისებისას მოხდეს ამ საკითხის შეთანხმება კონკრეტული სოფლის მოსახლეობასთან, ადგილობრივების პოზიცია გათვალისწინებულ იქნას, როგორც ამას ადამიანების უფლებების საერთაშორისო ნორმები და საქართველოს კონსტიტუცია მოითხოვს. კანონის სრული დაცვით მოხდეს მანგანუმის ღია კარიერული წესით მოპოვება, ადამიანის კონსტიტუციური უფლებაა ჯანსაღ გარემოში ცხოვრება. შესაბამისად, გაკონტროლდეს ჰაერის დაბინძურების ხარისხი, გეოლოგიური, ეკოლოგიური რისკ-ფაქტორების გათვალისწინებით და თუ ყველაფერი იქნება ნორმის ფარგლებში, შემდგომ მოხდეს ჰუმუსის ფენის მოხსნა-დასაწყობება, ბიოლოგიური რეკულტივაცია და იმ ხე-მცენარებიის დარგვა გახარება, რაც ადგილობრივი კულტურისთვის არის ავთენტური.