ევროპის საბჭო ე.წ. „აგენტების შესახებ“ რუსულ კანონთან დაკავშირებით საქართველოს არალეგიტიმურ მთავრობასთან ერთად სამუშაო ჯგუფს შექმნის. ამის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ საქართველოში ვიზიტის დასასრულს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ მთავრობამ კანონის შეცვლის დაპირება გასცა. ალენ ბერსეს თქმით, აქვს მოლოდინი, რომ კანონი შეიცვლება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 Meta ფაქტების გადამოწმების პროგრამას წყვეტს
- 2 ვინ არის ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილი
- 3 ბაკურციხე-თბილისის გზაზე ავტოავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
- 4 „შერატონის“ მენეჯერის თქმით, ქორიძესა და გახარიაზე თავდასხმის ჩანაწერები შსს-ს ჯერ არ ამოუღია
- 5 მოსკოვი მზადაა, რუსეთ-საქართველოს „ურთიერთობების ნორმალიზაცია“ გააგრძელოს
- 6 „ბო*იშვილი ვიყო, სისხლით დავიჭერ“ - ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე მზია ამაღლობელზე
„მე გამოვხატე შეშფოთება იმ კანონმდებლობის შესახებ, რომელიც ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოების და ინდივიდების უფლებებს. ასეთი კანონმდებლობა უნდა შეიცვალოს, რათა სრულად მოვიდეს შესაბამისობაში ევროპულ სტანდარტებთან როგორც გაწერილია ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაში და ვენეციის კომისიის ჩანაწერებში.
მივესალმები მთავრობის დაპირებას ე.წ. საგარეო გავლენის კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შესახებ. ახლა ჩვენ შევქმნით სამუშაო ჯგუფს საქართველოდან და ევროპის საბჭოს ექსპერტებთან, კერძოდ ვენეციის კომისიასთან ერთად, რათა განვსაზღვროთ ცვლილებები, რაც განხორციელდება ამ კანონმდებლობაში.
ჩვენ გვაქვს მიღებული დაპირება დღეს და ათვლის წერტილი არის დღევანდელი დღე“, - განაცხადა ალენ ბერსემ.
ამ საკითხზე კომენტარი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელმა, ჯანლუკა ესპოზიტომაც გააკეთა. მისი თქმით, ერთობლივი სამუშაო ჯგუფი უახლოეს კვირებში შეიქმნება.
„ჩვენ ვართ აბსოლუტურად მზად, გვყავს ექსპერტები, კონკრეტულად ვენეციის კომისიის ექსპერტები, რომლებიც აქტიურად იქნებიან ჩართულები. ისინიც წარმოადგენენ შემოთავაზებებს, რეკომენდაციებს კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით. ისინი არიან ღია, ჩვენ ვართ ღია და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ნებისმიერი კანონმდებლობა, ამ ფორმის, იყოს სრულად შესაბამისობაში ევროპის საბჭოს სტანდარტებთან“, - განაცხადა ჯანლუკა ესპოზიტომ.
როგორც მან აღნიშნა, პროცესში ჩართული იქნებიან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, რომლებსაც „პირდაპირი ინტერესი აქვთ ამ კანონმდებლობის მიმართ“.
საქართველოს არალეგიტიმური მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის თქმით, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე დააფიქსირა, რომ „ქართული ოცნება“ მსჯელობისთვის ღიაა. ამასთან, კობახიძის თქმით, ასეთი ღიაობა დაფიქსირებული ჰქონდათ კანონის მიღების პროცესში და მისი მიღების შემდეგაც.
„კიდევ ერთხელ ვამბობთ, თუ ვინმე დაგვისაბუთებს, რომ ამ კანონში არის რაიმე უარყოფითი, რა თქმა უნდა, მზად ვართ ამ საკითხებზე მსჯელობისთვის, მათ შორის, მზად ვართ თანამშრომლობისთვის ევროსაბჭოს შესაბამის სტრუქტურებთან“, - განაცხადა კობახიძემ.
შეკითხვას, რა მიმართულებებით ცვლილებებისთვის არის მზად, ირაკლი კობახიძემ უპასუხა შემდეგი:
„ჯერ ხომ უნდა შედგეს დისკუსია? იქნებ დისკუსიის პროცესში ვლინდება ის, რომ კანონი არის თავიდან ბოლომდე კარგი. რას ვშვრებით მაშინ? უნდა შევცვალოთ მაინც? რა თქმა უნდა, ასეთ პირობებში არ შეიძლება კანონი შეცვალო.
ჯერ უნდა დასაბუთდეს პუნქტობრივად, რა არის კარგი და რა არ არის კარგი. ამის შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება ცვლილებასთან დაკავშირებით და შესაბამისად, ამის მიხედვით მიიღება გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, თუ რა შეიძლება შეიცვალოს, რა უნდა შეიცვალოს. ამიტომ ჯერ დავიწყოთ დისკუსია, მერე ვთქვათ, შეიცვლება თუ არა და მერე ვთქვათ, რა შეიცველება. ეს არის ყველაზე ჯანსაღი მიდგომა ამ თემასთან დაკავშირებით“.
ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანი პირველი ევროპელია, რომელიც მზად არის, არგუმენტებით ისაუბროს.
2024 წლის მაისში „ქართულმა ოცნებამ“ რუსული კანონი ისე მიიღო, რომ ვენეციის კომისიის კატეგორიული რეკომენდაცია მისი გაუქმების შესახებ, არ გაითვალისწინა.
კომისიის დასკვნის მიხედვით, კანონში არსებული არსებითი ხარვეზები მნიშვნელოვან უარყოფით ზეგავლენას მოახდენს გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებაზე, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებაზე, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლებასა და დისკრიმინაციის აკრძალვაზე, საბოლოო ჯამში კი ღია, ინფორმირებულ საჯარო დებატებზე, პლურალიზმსა და დემოკრატიაზე.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ დასკვნა მოკლებული იყო სამართლებრივ-პროფესიულ დასაბუთებას.