საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია სპეცრაზმის მიერ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ცემის გამო, შინაგან საქმეთა მინისტრის დასჯას ითხოვს. მათი განცხადებით, ლევან ხაბეიშვილი მიზანმიმართული შურისძიების მსხვერპლი გახდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
„ეს ძალადობრივი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტზე არის კრიმინალური ქმედება და მასში ჩართული ყველა პირი უნდა დაისაჯოს. პირველ რიგში, უნდა დაისაჯოს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური. ყველა ოპოზიციური პარტია ერთხმად ვგმობთ ძალადობას, რაც საქართველოს მოქალაქეების და ოპოზიციონერი ლიდერების წინააღმდეგ ხორციელდება“, - განაცხადა დეპუტატმა თამარ კორძაიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა პოლიციელებს შეახსენეს, რომ მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ ძალის გამოყენება დანაშაულია და მოუწოდეს, „ანტიქართული რეჟიმის“ უკანონო ბრძანებები არ შეასრულონ.
„ერთიანი ნაცინალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, დეპუტატ ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, წუხელ, მის მიმართ მიზანმიმართული სადამსჯელო ღონისძიება განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორმა, ზვიად ხარაზიშვილმა, იგივე „ხარებამ“ განახორციელა. ხაბეიშვილს ცხვირის ძვლები აქვს მოტეხილი, ჩამტვრეული აქვს კბილები და დაზიანებული აქვს თვალი.
„დაახლოებით 10-15 წუთის განმავლობაში აგრძელებდნენ [ცემას]. როცა მირტყამდნენ, მეუბნებოდნენ: შენ გრძელი ენა გაქვს და ხელისუფლებას აკრიტიკებ მუდმივად, იქნებ გაჩერდე. იძახოდნენ: მოკალით და მერე თქვით, რომ თავი დაარტყა. ამბობდნენ, რომ მე უნდა მეთქვა, რომ ჩმორი ვარ და ამ შემთხვევაში აღარ გამლახავდნენ“, - განაცხადა ხაბეიშვილმა პარლამენტში, სადაც დღეს ეტლით მივიდა.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ დეპუტატის ცემის ფაქტი არ დაადასტურა. დღეს გამართულ ბრიფინგზე მან განაცხადა, რომ ლევან ხაბეიშვილი თვითონ შეიჭრა პოლიციის კორდონში და წინააღმდეგობა გაუწია პოლიციელებს, რა დროსაც სხეულის დაზიანება მიიღო.
რუსული კანონის წინააღმდეგ ხალხმრავალი აქციები 15 აპრილიდან, თბილისში ყოველდღე იმართება. 30 აპრილს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მშვიდობიანი მომიტინგეები დაარბია იმის გამო, რომ რუსული კანონის მხარდამჭერ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს პარლამენტი მშვიდად დაეტოვებინათ. მოქალაქეების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი, წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს, რისი საფუძველიც, სახალხო დამცველის შეფასებით, შსს-ს არ ჰქონდა. გარდა ამისა, სპეცრაზმელებმა მოქალაქეებზე იძალადეს. აქციაზე დაშავდნენ ჟურნალისტებიც. შსს-მ 63 პირი ადმინისტრაციული წესით, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის საბაბით დააკავა.