საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, რუსული კანონის მიღების შემდეგ ევროკავშირში დაიწყეს შედეგებზე მსჯელობა და განიხილება სხვადასხვა ვარიანტი, მათ შორის, უვიზო რეჟიმის შეჩერება და ფინანსური დახმარების გადახედვა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ენმ: გენერლები გოგავა და ყურაშვილი რუსულ კომისიაზე პარტიული აფილიაციის გარეშე წარდგებიან
- 2 კობახიძე მაღაროელების პროტესტზე: რთულია კერძო ბიზნესს ხელფასების გადახდა მოსთხოვო
- 3 სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი რეგიონული განვითარების მინისტრად აღარ დანიშნეს
- 4 რატომ შეხვდა აშშ-ის ელჩი „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრს
- 5 კობახიძე: აქედანვე შემიძლია გითხრათ, რომ თვითმმართველობის არჩევნებს მოვიგებთ
- 6 საიამ არჩევნებზე ფარულობის მასობრივ დარღვევაზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
„ჩვენ მრავალჯერ განვაცხადეთ, მათ შორის, უმაღლეს დონეზეც, რომ ამ კანონის არსებული ფორმით მიღებას მოჰყვებოდა შედეგები. 27 წევრი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა უკვე დაიწყეს შედეგებზე მსჯელობა. აშშ-სგან განსხვავებით, ევროკავშირი უფრო კომპლექსურია. ჩვენ 27 სუვერენული ქვეყანა ვართ, ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები კი ერთსულოვნად მიიღება. ამ დროისთვის წევრმა სახელმწიფოებმა ევროკავშირის ინსტიტუტებს სთხოვეს სხვადასხვა ვარიანტის მომზადება. ეს ვარიანტები განიხილება 27 წევრი სახელმწიფოს მიერ და ისინი გადაწყვეტენ, რომელი ვარიანტი აირჩიონ და როგორი რეაგირება იქონიონ. იმედი მაქვს, როდესაც 27 წევრი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრები ივნისის ბოლოს კვლავ შეხვდებიან ერთმანეთს, გადაწყვეტილებას მიიღებენ. როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა და უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადეს, ახლა ყველა ვერსია განიხილება, მაგრამ წევრი სახელმწიფოების გადასაწყვეტია, თუ რა ზომები იქნება გატარებული“, - განაცხადა ჰერჩინსკიმ Movement-თან ინტერვიუში.
მისივე თქმით, საქართველომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლა გარკვეული პირობებით მიიღო და უნდა შემოწმდეს, რუსული კანონის მიღების შემდეგ, ეს დათქმები კვლავ სრულდება თუ არა:
„ექვსი თვით შეჩერებას კვალიფიციური უმრავლესობა სჭირდება, ნახევარზე ცოტა მეტი. არა ყველა წევრის, არამედ უმრავლესობის მხარდაჭერა. დარწმუნებული ვარ, ეს ერთ-ერთ ვარიანტად განიხილება. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ წევრი ქვეყნები.
ჩემი პრობლემა, როგორც ევროკავშირის ელჩის, არის ის, რომ უვიზო რეჟიმის შეჩერების შემთხვევაში, მოქალაქეები დაზარალდებიან, რადგან ქართველ ხალხს, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში სარგებლობდა თავისუფალი მიმოსვლის სიკეთეებით, მძიმე ფასის გადახდა მოუწევს. არ ვფიქრობ, რომ ეს არის ევროკავშირის მიზანი. ეს ჩემი პერსონალური მოსაზრებაა, გადაწყვეტილება კი წევრი ქვეყნების მისაღებია მომდევნო კვირებში“ - აღნიშნა ჰერჩინსკიმ.
ელჩის განცხადებით, ერთ-ერთი შედეგი, რაც რუსული კანონის მიღებას შეიძლება მოჰყვეს, არის ევროკავშირის ფინანსური დახმარების შეზღუდვა ან სხვა მიმართულებით მიმართვა: „საუბარია სოლიდურ თანხაზე. ის წლიდან წლამდე იცვლება, მაგრამ საქართველოს მხარდასაჭერად ყოველ წელს ვხარჯავთ დაახლობით 100 მილიონ ევროს. ამ თანხის გარკვეული ნაწილი პირდაპირ სახელმწიფო ბიუჯეტში მიდის, პირდაპირი დახმარების სახით ირიცხება. თანხის ნაწილი იხარჯება პარტნიორების, სხვადასხვა განვითარების ორგანიზაციის - საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების, გაეროს სააგენტოების მეშვეობით. თანხები ეძლევათ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსაც. დახმარების სრული წლიური პაკეტი დაახლოებით 100 მილიონ ევროს შეადგენს. არ ვიქრობ, რომ ვინმეს განზრახვაა ქართველი ხალხის დასჯა და ზიანის მიყენება იმ პროგრამებისთვის, რომლებიც საქართველოს მთავრობასთან ერთად განვავითარეთ - მდგრადი განვითარება, გარემოს დაცვა, გენდერული საკითხები და ბევრი სხვა. ეს ძალიან ძვირფასი პროექტებია, რომლებზეც მრავალი წლის განმავლობაში ვმუშაობდით და ვამაყობდით, რომ პოზიტიური გავლენა გვქონდა ამ ლამაზი ქვეყნის განვითარებაზე. ეს ძალიან რთული არჩევანია და გული მტკივა იმის გააზრებაზე, რომ საერთოდ გვიწევს ამის განხილვა“.
ევროკავშირის ელჩის თქმით, ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის დასკვნებში წერია, რატომ არ არის მიღებული კანონი მართებული. ამასთან კარლ ჰერჩინსკიმ აღნიშნა, რომ საქართველო ევროპული საბჭოს და ეუთოს სრული წევრია, ორივე დასკვნა კი მკაფიოდ ამბობს, რომ რუსული კანონის მიღებით, საქართველო არღვევს პრინციპებს, რომლებსაც ეს ორგანიზაციები ეფუძნება.
