დასანქცირებულ გომელაურს, „ხარებას“ და შსს-ს სხვა მაღალჩინოსნებს ღირსების ორდენზე წარადგენენ

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

საქართველოს არალეგიტიმური პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის შემდეგ, ღირსების ორდენზე წარადგენს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს და პოლიციის სხვა მაღალჩინოსნებს, რომლებიც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ბრიტანეთმა, ასევე ბალტიისპირეთის ქვეყნებმა დაასანქცირეს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

გარდა ამისა, კობახიძის თქმით, თუ სანქციების გამო რომელიმე მოხელეს „ფინანსური დანაკლისი“ წარმოექმნება, მას სახელმწიფო აანაზღაურებს.

„ფინანსურ სანქციებს რაც შეეხება, თუკი რომელიმე მოხელეს წარმოექმნება რაიმე ფინანსური დანაკლისი ამ სანქციებიდან, ქართული სახელმწიფო სრულად უზრუნველყოფს ამ დანაკლისის კომპენსირებას.

ეს არ არის მარტო სანქციებზე პასუხი, ეს არ არის მხოლოდ უსამართლო გადაწყვეტილებაზე პასუხი. ეს არის, პირველ რიგში, პასუხი იმ ღირსეულ ქმედებებზე, რომლებსაც ახორციელებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. ეს არის ღირსებაზე და ჰუმანურობაზე პასუხი“, - განაცხადა კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე.

ირაკლი კობახიძის თქმით, ღირსების ორდენზე წარადგენს შს სამინისტროს შემდეგ მაღალჩინოსნებს:

  • ვახტანგ გომელაური - შინაგან საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი;
  • შალვა ბედოიძე - შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე;
  • ალექსანდრე დარახველიძე - შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე;
  • გიორგი ბუთხუზი - შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე;
  • იოსებ ჭელიძე - შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე;
  • თეიმურაზ კუპატაძე - ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი;
  • ვაჟა სირაძე - საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი;
  • სულხან თამაზაშვილი - თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი;
  • ზვიად ხარაზიშვილი („ხარება“) - განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის (გდდ) დირექტორი;
  • მილერი ლაგაზაური - გდდ-ის დირექტორის მოადგილე;
  • მირზა კეზევაძე - გდდ-ის დირექტორის მოადგილე;

19 დეკემბერს გაერთიანებულმა სამეფომ ადამიანის უფლებების დარღვევისთვის სანქციები დაუწესა ვახტანგ გომელაურს, ალექსანდრე დარახველიძეს, სულხან თამაზაშვილს, ზვიად ხარაზიშვილსა და მილერი ლაგაზაურს.

შეერთებულმა შტატებმა 19 დეკემბერს ვახტანგ გომელაური და მირზა კეზევაძე დაასანქცირა, ხოლო 16 სექტემბერს - ზვიად ხარაზიშვილი და მილერი ლაგაზაური.

გომელაურს და მის მოადგილეებს, ისევე როგორც ხარაზიშვილს და მის ორივე მოადგილეს, სავიზო სანქციები დაუწესეს ლიეტუვამ და ესტონეთმაც. ამ ქვეყნების მიერ არიან სანქცირებული ვაჟა სირაძე და თეიმურაზ კუპატაძეც.

ირაკლი კობახიძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნების დასანქცირება „ანტიქართულ გადაწყვეტილებად“ შეაფასა და განაცხადა, რომ საპროტესტო აქციებზე შსს „ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტით მოქმედებდა“. სანქციების საპასუხოდ, კობახიძემ გომელაური ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე დააწინაურა. 

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.