კობახიძის თქმით, დემოკრატიის ხარისხით საქართველო EU-ის ქვეყნების უმრავლესობას უსწრებს

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს დემოკრატიის, მედიაპლურალიზმის და გამოხატვის თავისუფლების კუთხით, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან მიმართებით უპირატესობა აქვს. ამის შესახებ პროპაგანდისტული ტელეარხის, „იმედის“ ეთერში განაცხადა. 

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„როდესაც ქვეყანას სურს, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, საჭიროა, დაკმაყოფილებული იყოს გარკვეული პირობები. ეს პირობები რა არის? - ეს არის დემოკრატიული სისტემა და ჩვენ გვაქვს მტკიცე დემოკრატიული სისტემა, რომელიც არ ჩამოუვარდება ევროპულ სისტემებს.

უფრო მეტიც, თქვენ თუ გადახედავთ, როგორია განვითარების ტენდენციები ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების დიდ ნაწილში,

ძალიან თვალნათლივ ჩანს, რომ ჩვენთან დემოკრატიის ხარისხი, მედიაპლურალიზმის ხარისხი, მედიის თავისუფლების ხარისხი, სიტყვის თავისუფლების, შეკრების თავისუფლების უზრუნველყოფის და ყველა მიმართულებით გვაქვს უპირატესობაც კი ევროკავშირის არაერთ ქვეყანასათან, შეიძლება ითქვას უმრავლესობასთანაც კი. ანუ რაც შეეხება დემოკრატიას და ადამიანის უფლებებს, ჩვენ დღესვე მზად ვართ, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა“, - თქვა კობახიძემ.

საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს თავისუფლების ინდექსი წინა წელთან შედარებით 3 ნიშნულითაა შემცირებული და 55-ია. ამავდროულად, ის შეფასებულია როგორც „ნაწილობრივ თავისუფალი“ ქვეყანა. ანგარიშში მითითებულია, რომ თავისუფლების ინდექსის ცვლილება გამოწვეულია საარჩევნო დარღვევების, დემონსტრანტებზე ფიზიკური ძალადობის, შეკრების თავისუფლების შესახებ ახალი შემზღუდველი კანონების, „აგენტების კანონის“ მიღებისა და აქტივისტებზე ძალადობის გამო. ევროკავშირის წევრი ქვეყნები ამ რეიტინგით საქართველოზე წინ არიან, მათ შორისაა უნგრეთიც, რომელსაც თავისუფლების ინდექსში 65 ქულა აქვს მინიჭებული.

რაც შეეხება მედიის თავისუფლების ხარისხს, საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრების გარეშე“ მიხედვით, საქართველო მსოფლიოში 114-ე ადგილზეა, მას უსწრებს ევროკავშირის ყველა ქვეყანა. საქართველოს ადგილი რეიტინგში წინა წელთან შედარებით 11 ადგილითაა გაუარესებული – 2024 წელს ქვეყანა 103-ე ადგილს იკავებდა. ორგანიზაციის მიხედვით, საქართველოში მედიის თავისუფლების ინდექსის გაუარესება უკავშირდება საქართველოს მხრიდან ევროკავშირის რეკომენდაციების შეუსრულებლობას, „აგენტების“ და „ოჯახური ღირებულებების“ კანონების მიღებას, გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონში ცვლილებებს, კრიტიკული მედიის ცენზურას, რეიდებს, ცილისწამების კამპანიებს, დაშინებას და სხვა.

„ქართული ოცნების“ მთავრობამ 2024 წლის 28 ნოემბერს მიიღო გადაწყვეტილება, რომ 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი დღის წესრიგში არ დააყენოს, რასაც ქვეყანაში მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა. საპოლიციო ძალებმა იძალადეს არაერთ დემონსტრანტსა და ჟურნალისტზე, თუმცა ამ დრომდე არცერთი პასუხისმგებელი პირი დასჯილი არ არის. აქციების პარალელურად, „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი კანონები, გაამკაცრა სისხლის და ადმინისტრაციული კოდექსები, მედიას შეუზღუდა სასამართლო პროცესების გაშუქება.

ადამიანის უფლებების დარღვევის გამო ბალტიისპირეთის ქვეყნებმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების არაერთ წარმომადგენელს სხვადასხვა ტიპის სანქცია დაუწესეს. აშშ-ის მიერ დასანქცირებულია პარტიის დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.