საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის თქმით, რუსეთი ოკუპანტია და საქართველოს ხელისუფლებას მასთან არანაირი ფარული დიალოგი არ აქვს. ამის შესახებ დავითაშვილმა პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც ჩინეთში, „სარტყელისა და გზის“ ინიციატივის ფორუმზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ერთად დასწრების გამო დაიბარეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
დავითაშვილის თქმით, ეს არის ინიციატივა, რომლის წევრიც საქართველოსთან ერთად, ევროკავშირის ბევრი ქვეყანაა.
„საქართველო ამ ფორუმში მონაწილეობდა ფიზიკურად ყოველ ჯერზე ფორუმის არსებობის დღიდან და ამ ფორუმში მონაწილეობდა, მათ შორის, რუსეთის ფედერაციაც თითქმის ყოველთვის.
ახლა თუ ვინმეს უნდა იმის წარმოჩენა, რომ საქართველოს ხელისუფლება დღეს რაიმენაირი ფორმით საქართველოს ინტერესებს აზიანებს და რაიმენაირ ფარულ დიალოგშია [რუსეთთან], ცალსახად და პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ასე არ არის. საქართველოს ხელისუფლებას, ბოლო 10 წლის განმავლობაში, ჩვენ რუსეთისთვის არაფერი დაგვითმია.
თუ გვინდა, რომ თავისი სახელები დავარქვათ და მკაფიოდ ვისაუბროთ ოკუპაციაზე, მე გეტყვით, რომ - დიახ, რუსეთი ოკუპანტია, დიახ, რუსეთი მტერია, დიახ, რუსეთი დამნაშავეა და რუსეთის მიმართ ჩვენ არანაირ კომპრომისზე წამსვლელები არ ვართ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს ინტერესების საზიანოდ. პირიქით, ჩვენ გვაქვს დიალოგი, იმისთვის რომ საქართველოს ინტერესებს ვემსახუროთ მაქსიმალურად და ამას ცალსახად ვამბობ“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
რაც შეეხება ჩინეთში გამართულ ფორუმში მონაწილეობას, დავითაშვილის განმარტებით, საქართველოს დელეგაცია ჩინეთში პრეზიდენტ სი ძინპინის პირადი მიწვევით იმყოფებოდა და „ჩვენი დასწრება იყო პატივისცემა ჩინეთის სახელმწიფოს მიმართ“.
„ჩვენი მხრიდან ამ მოწვევის იგნორირება იქნებოდა აბსოლუტურად უპასუხისმგებლო, იმ დინამიკიდან გამომდინარე, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს ჩინეთთან იგივე სავაჭრო ეკონომიკური კუთხით,“ - აღნიშნა მინისტრმა.
18 ოქტომბერს, ჩინეთში, „სარტყელისა და გზის ინიციატივის“ ფარგლებში მიღება გაიმართა, რომელსაც ლევან დავითაშვილი და ვლადიმერ პუტინიც ესწრებოდნენ. გავრცელებულ ოფიციალურ ვიდეოში ჩანს, როგორ უსმენენ ისინი ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის სიტყვით გამოსვლას. კიდევ ერთი ვიდეოდან ირკვევა, რომ ლევან დავითაშვილი და ჩინეთში საქართველოს ელჩი არჩილ კალანდია დარბაზში (მეორე რიგში) ისხდნენ იმ დროს, როდესაც ფორუმის მონაწილეებს პუტინი მიმართავდა. რუსეთის პრეზიდენტის გამოსვლის დროს, რამდენიმე ევროპელმა ოფიციალურმა პირმა დარბაზი დემონსტრაციულად დატოვა. მათ შორის იყო საფრანგეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ჟან-პიერ რაფარინი.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს საქართველო და ჩინეთი სტრატეგიულ პარტნიორობაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ გადაწყვეტილება ივლისის ბოლოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პეკინში ვიზიტის დროს იქნა მიღებული, როდესაც ის სი ძინპინს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ მხარეებმა ხელი მოაწერეს „სარტყლისა და გზის ინიციატივის“ ფარგლებში ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას. ჩინეთში ღარიბაშვილის ვიზიტის თაობაზე საქართველოში აშშ-ის მაშინდელმა ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის საქმეა, რა სახის ურთიერთობა სურს ჩინეთთან, თუმცა მან პრემიერს შეახსენა, რომ „სარტყლისა და გზის ინიციატივას“ უკვე რამდენიმე ქვეყანამ აქცია ზურგი. ამერიკელმა დიპლომატმა იმედი გამოთქვა, რომ ეს გადაწყვეტილება საქართველოს კარგ შედეგებამდე მიიყვანს.